NDI-ს ანგარიში

NDI: უფასო საეთერო დრო და რეკლამის განსხვავებული კრიტერიუმები დამაბნეველია

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) 6 სექტემბერს გამოქვეყნებულ ანგარიშში წინასაარჩევნო მედიაგარემოს შესახებ საუბრობს.

NDI-ს მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 87% მიმდინარე მოვლენებისა და პოლიტიკის შესახებ ინფორმაციას ძირითადად ტელევიზიების საშუალებით იღებს.

”ყველაზე პოპულარული ტელევიზიები, როგორიცაა საზოგადოებრივი მაუწყებელი და კომერციული არხები - რუსთავი 2 , იმედი, მაესტრო და კავკასია ქვეყნის მასშტაბით მაუწყებლობს. სამი ყველაზე პოპულარული სატელევიზიო არხი სხვადასხვა ჯგუფის შეხედულებებს გამოხატავს. მოსახლეობის უმეტესობა აღნიშნავს, რომ საკმარის ინფორმაციას იღებს იმ პოლიტიკური პარტიის შესახებ, რომელსაც მხარს უჭერს. Freedom House-ის ბოლო ანგარიშის თანახმად, საქართველოში მედიაგარემო გაუმჯობესდა.” - წერია ანგარიშში.

კვლევაში წერია, რომ ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება , დაეხურა მისი ოჯახის საკუთრებაში არსებული ტელევიზია, დადებითად შეფასდა. ამით მან ხაზი გაუსვა სურვილს, ტელევიზიის საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების აღქმა თავიდან აერიდებინა. ასევე დადებითად შეფასდა პარლამენტის გადაწყვეტილება აჭარის ტელევიზიის ადგილობრივი ხელისუფლების კონტროლიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის დაქვემდებარებაში გადაცემის შესახებ.

”მიუხედავად ამისა, 5 სადამკვირვებლო და მედიაორგანიზაციისგან შემდგარმა ჯგუფმა საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტში მოსალოდნელი ცვლილებების ფონზე არხის მიერ პოლიტიკის დაბალანსებული გაშუქების უზრუნველყოფის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. ასევე, გრძელვადიან პერსპექტივაში, ქართული ტელეარხების გაურკვეველმა ფინანსურმა მდგომარეობამ სამომავლოდ შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას საქართველოს მოქალაქეების ხელმისაწვდომობას მრავალფეროვან და ასევე რეგიონალურ მედიასაშუალებებზე. მაესტრო და რეგიონალური ტელევიზიები დღესდღეობით ამ მიმართულებით ყველაზე დაუცველად გამოიყურება.” - წერია კვლევაში.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი საპრეზიდენტო კანდიდატების დებატებს გამართავს და უფასო საეთერო დროს დაუთმობს.  რაც გულისხმობს 90 წამს ყოველ სამ საათში საერთო მაუწყებლობის ლიცენზიის მქონე მედიასაშუალებებში, ხოლო საზოგადოებრივ მაუწყებელზე 60 წამს ყოველ სამ საათში.

NDI ასევე განმარტავს, რომ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით, კოალიცია ქართულ ოცნებაში შემავალ ექვს პოლიტიკურ პარტიას და ერთიან ნაციონალურ მოძრაობას სატელევიზიო რეკლამისთვის სახელმწიფო დაფინანასება ეკუთვნის.

"უფასო საეთერო დრო და რეკლამის განსხვავებული კრიტერიუმები დამაბნეველია, როგორც ამომრჩევლისთვის, ისე პოლიტიკური პარტიებისთვის." - წერია კვლევაში.

კომენტარები