ბაჩო ახალაიას საქმე

ე.წ. ციხის ბუნტის საქმის არსებითი განხილვა იწყება

ბაჩო ახალაია
wikipedia.org

თბილისის საქალაქო სასამართლო თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას ერთ-ერთი ბრალდების - ციხის ბუნტის საქმის არსებით განხილვას იწყებს. პროცესი დღეს, 15:00 საათზეა ჩანიშნული. ახალაიას ადვოკატის მალხაზ ველიჯანაშვილის ინფორმაციით, დაცვის მხარე გარკვეულ შუამდგომლობას დააყენებს და სასამართლოს პასუხს დაელოდება. რა შუამდგომლობაზეა საუბარი, ადვოკატი პროცესის დაწყებამდე არ აკონკრეტებს. მისივე თქმით, ციხის ბუნტის საქმეზე განაჩენი ერთხელ უკვე გამოტანილია და არ არსებობს საქმის ხელახალი გადახედვისთვის აუცილებელი არანაირი ახალი გარემოება.

"პროკურატურამ საქმეში დაზარალებულად ცნო კანონიერი ქურდები, რომლებიც თავის დროზე, ციხის ბუნტისთვის იყვნენ გასამართლებული. ამ საქმეზე გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და ის პირები, რომლებიც ახლა დაზარალებულებად არიან ცნობილი, გასამართლებულები არიან, ზოგს მისჯილი აქვს, ზოგსაც კი მოხდილი აქვს სასჯელი. ახლა ხდება განაჩენის გადახედვა, რაც დაუშვებელია", - განაცხადა მალხაზ ველიჯანაშვილმა.

ბაჩო ახალაიას გარდა, ციხის ბუნტის საქმეში სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და არაადამიანურ მოპყრობაში ბრალდებულები არიან დავით ჭაკუა, რევაზ ჭარბაძე და მეგის ქარდავა. საქმე ეხება 2006 წლის 27 მარტს მომხდარ ციხის ბუნტს. მთავარი პროკურატურის მტკიცებით, ციხის ადმინისტრაციის წარმომადგენლების უკანონო ქმედებას პატიმრების აქტიური პროტესტი მოჰყვა, რაც ბუნტში გადაიზარდა.

კომენტარები