საქართველოს ეკონომიკა

ნოდარ ხადური: ეკონომიკის აღმავლობის შეუქცევადი პროცესი დაიწყო

ნოდარ ხადური
facebook.com/mofgeorgia

ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის განცხადებით, სახელმწიფო ბიუჯეტში 2013 წლის 7 თვეში მობილიზებულმა საგადასახადო შემოსავლებმა 2012 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 31,3 მილიონი ლარით გადააჭარბა. როგორც ხადურმა ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ტენდენციების შესახებ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საქართველოს საბიუჯეტო სფეროში პრობლემები არ არის და ქვეყნის ეკონომიკის აღმავლობის შეუქცევადი პროცესი დაიწყო.

"პრობლემები საქართველოს ეკონომიკაში მეტ-ნაკლები მოცულობით გასული წლის ივლისში დაიწყო. გასული წლის ივლისიდან მარტამდე ყოველი მომდევნო თვე იყო უფრო პრობლემატური, ვიდრე წინა თვე, თუმცა მარტიდან ჩვენ დავიწყეთ საკმაოდ სერიოზული ღონისძიებების განხორციელება, ეკონომიკის სისტემური გაჯანსაღების ხარჯზე, მარტიდან ყოველი თვე უკეთესია, ვიდრე წინა", - განაცხადა ნოდარ ხადურმა და დასძინ,ა რომ ამას ჩატარებული კვლევებიც ადასტურებს.

მისივე ინფორმაციით, 2013 წლის 8 თვის მონაცემებით, მნიშვნელოვნად გაიზარდა ექსპორტი, კერძოდ, იანვარ-აგვისტოში ექსპორტირებული საქონლის ღირებულებამ 1,140 მილიონი შეადგინა, რაც, ხადურის თქმით, 69 მილიონი დოლარით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. ფინანსთა მინისტრის განცხადებით, ექსპორტის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აგვისტოში დაფიქსირდა და ექსპორტირებული საქონლის ღირებულებამ 180 მილიონი დოლარი შეადგინა. მისივე თქმით, პოზიტიური ექსპორტის მაჩვენებელია რუსეთთან. კერძოდ, 2013 წლის 8 თვეში რუსეთში ექსპორტირებული საქონლის ღირებულებამ 36 მილიონი დოლარით გადააჭარბა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში დაფიქსირებულ მაჩვენებელს, თუმცა ხადურის ინფორმაციით, ექსპორტი გაზრდილია არა მხოლოდ რუსეთში, არამედ სომხეთში, თურქეთში, იტალიასა და ყაზახეთში.

ფინანსთა მინისტრის ინფორმაციით, 2013 წლის იანვარ-ივლისში, წინასწარი მონაცემებით, ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 1,7%. ივლისის თვეში, წინასწარი მონაცემებით, ეკონომიკური ზრდა შეადგენს 0,6%-ს. მინისტრის განცხადებით, ივნისისა და მაისის მონაცემები დაზუსტდა, რომელიც თავდაპირველად უარყოფითი იყო და აღმოჩნდა, რომ მაისში ეკონომიკური ზრდა 0,2% შეადგენდა, ხოლო ივნისში 0,6% უარყოფითი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა.

რაც შეეხება ფისკალურ პროფიციტს, ნოდარ ხადურის ინფორმაციით, აღნიშნული მაჩვენებელი იანვარ-აგვისტოში 146 მილიონი ლარია, ხოლო ინფლაცია 0%-ს შეადგენს. ხადურმა იმედი გამოთქვა, რომ შემოდგომაზე ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი უფრო მაღალი იქნება. მისივე ცნობით, ამჟამად სახელმწიფო ხაზინის ანგარიშზე 755 მილიონი ლარი ირიცხება, რაც 61 მილიონი ლარით მეტია 2013 წლის დასაწყისთან შედარებით.

შეგახსენებთ, რომ საქსტატის მონაცემებით, 2013 წლის ივნისში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, აგვისტოს ომისა და გლობალური ფინანსური კრიზისის შემდეგ პირველად - უარყოფითია. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2013 წლის ივნისში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპი 0.8%-ით შემცირდა.

ამასთან, ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემები აჩვენებს, რომ სახელმწიფო შემოსავლები აპრილის თვეში 1.3%-ით, მაისის თვეში - 4.3%-ით, ხოლო ივნისში - 12.8%-ით შემცირდა. ამ მონაცემების მიხედვით, 2013 წლის აპრილში სახელმწიფო ბიუჯეტმა შემოსავლის სახით 6.5 მილიონი ლარით ნაკლები მიიღო, ვიდრე 2012 წლის იმავე პერიოდში. 2013 წლის მაისში შემოსავლებმა 25.9 მილიონით, ხოლო ივნისში - 67.3 მილიონით დაიკლო.

გარდა ამისა, აგვისტოს დასაწყისში საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიამ - Standard and Poor's - ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2013 წელს 3.5% იქნება, ხოლო საბიუჯეტო დეფიციტი გაიზრდება. სააგენტოს შეფასებით, ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელებას ორი მთავარი მიზეზი აქვს - ეკონომიკური და პოლიტიკური, ხოლო ეს მიზეზები ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია.

 

კომენტარები