იპოთეკარების პროტესტი

გიორგი თარგამაძე ხელისუფლებას იპოთეკარების პრობლემის მოგვარებას სთხოვს

ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი თარგამაძე მთავრობას და პარლამენტს კერძო იპოთეკარების პრობლემის მოგვარებას სთხოვს. როგორც დღევანდელ პრესკონფერენციაზე თარგამაძემ განაცხადა, სახელმწიფოს ამისთვის ყველა ბერკეტი და საშუალება აქვს. პრეზიდენტობის კანდიდატი, იპოთეკური დავალიანების გამო, ქობულეთში მამაკაცის თვითმკვლელობას ეხმაურება და გარდაცვლილის ოჯახს სამძიმარს უცხადებს.

"საჭიროა მხოლოდ პოლიტიკური ნება და გულისხმიერება. რომ არა ეს ტრაგიკული შემთხვევა, ჩვენ ისედაც ვიცით, რა მძიმე მდგომარეობაშია ათეულობით ოჯახი ქობულეთში. ადამიანები, რომლებიც 2008 წლის ომის შედეგად ჩავარდნენ გაუსაძლის მდგომარეობაში, ვერ ასრულებენ იმ ვალდებულებებს, რომლებიც ბანკების და კერძო იპოთეკარების მიმართ აქვთ და სიკვდილ-სიცოცხლის საფრთხის წინაშე დგანან. მივმართავ საქართველოს მთავრობას და პარლამენტს, ასევე აჭარის მთავრობას, რომელსაც ხალისი აქვს - ქობულეთში ნარდის ჩემპიონატში მიიღოს მონაწილეობა და საჯარო კომენტარები აკეთოს ამასთან დაკავშირებით, მაშინ როდესაც ვერ მოიცალეს იპოთეკით დაზარალებული ადამიანებისთვის აეხსნათ - როდის და როგორ აპირებენ მათი პრობლემების მოგვარებას. რაც უფრო დიდხანს გავწელავთ პრობლემის მოგვარების პროცესს, კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩავაყენებთ ამ ოჯახებს და კიდევ უფრო ძვირი დაგვიჯდება პრობლემის მოგვარება", - განაცხადა თარგამაძემ. მისივე თქმით, აღნიშნული ტრაგიკული ფაქტი შეიძლება შემაჯანჯღარებელი გახდეს სახელმწიფო სისტემისთვის, რომელიც "ასე გულგრილად ეკიდება საკუთარი ხალხის პრობლემებს".

 

კომენტარები