მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი

ქეცბაია: ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მესამე ადგილზე გავიდეთ

Temur Ketsbaia
Tabula

10 სექტემბერს, საქართველოს ეროვნული ნაკრები ბოლო საშინაო შეხვედრაში ფინეთს დაუპირისპირდება.

გამარჯვების შემთხვევაში, თემურ ქეცბაიას გუნდი მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში მესამე ადგილს დაიკავებს.

"ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს შანსი ხელიდან არ გავუშვათ და ეს შანსი არის, რომ ჩვენმა ნაკრებმა ამ უმძიმეს ქვეჯგუფში მესამე ადგილი დაიკავოს. ეს მოხდება მარტო იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ ფინეთთან მატჩს მოვიგებთ. რთული თამაში იქნება, ფინეთს კარგი ნაკრები ჰყავს და კარგი ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული. 

ჩვენ თამაშისთვის მზად ვართ და იმედი მაქვს, რომ ბიჭები გააკეთებენ ყველაფერს, რათა ფინეთთან მატჩში წარმატებას მივაღწიოთ," - განაცხადა თემურ ქეცბაიამ.

თუ კი საქართველოს ნაკრებმა ორიოდე დღის წინ საფრანგეთთან ქულა მოიპოვა, ფინელები საკუთარ მოედანზე ესპანეთთან, ანგარიშით 1-2 დამარცხდნენ.

ფინელებს მესამე ადგილზე გასასვლელად ხვალინდელ შეხვედრაში ხელს ფრეც აძლევთ, თუმცა სკანდინავიელთა მწვრთნელი, მიქსუ პაატელაინენი იმედიანადაა განწყობილი.

"საქართველოს ძალიან სიმპათიური გუნდი ჰყავს. ვნახე საფრანგეთის წინააღმდეგ, თქვენი გუნდის თამაში და განსაკუთრებით დაცვის ხაზი მომეწონა. ამასთან ერთად, საქართველოს საკმაოდ ძლიერი და სწრაფი შემტევები ჰყავს, ამიტომ მათ წინააღმდეგ მაქსიმალურად ყურადღებით უნდა ვითამაშოთ. ვიცი, რომ საფრანგეთისგან განსხვავებით, ჩვენთან ქართველები მეტად შემტევ ფეხბურთს ითამაშებენ, რისთვისაც მზად უნდა ვიყოთ," - განაცხადა მიქსუ პაატელაინენმა.

მატჩი საქართველოსა და ფინეთის ნაკრებებს შორის 10 სექტემბერს, თბილისის დროით 21:00 სთ-ზე დაიწყება

კომენტარები