ინტერვიუ ლუის ნავაროსთან

ლუის ნავარო: რიგ საკითხებზე სერიოზული შეშფოთება არსებობს

დიმა ჩიკვაიძე / ტაბულა

რა არის საქართველოს ხელისუფლების მთავარი გამოწვევა საპრეზიდენტო არჩევნების წინ და რის მოგვარებაზე უნდა იზრუნოს მთავრობამ პირველ რიგში?

გასული წლის არჩევნები წყალგამყოფი იყო, ვინაიდან პირველად მოხდა ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება. საპრეზიდენტო არჩევნები კი პოლიტიკის ნორმალიზების შესაძლებლობას იძლევა. და თუ ასე მოხდა, ეს იქნება ძალიან დიდი წინსვლა დემოკრატიული კულტურის თვალსაზრისით და სერიოზული მიღწევა ამ რეგიონისთვის. თუმცა სერიოზული შეშფოთება არსებობს რიგ საკითხებზე, რომელთა გამოსასწორებლადაც მთავრობას რეკომენდაციები შევთავაზეთ, როგორებიცაა ძალადობა, რომელიც შეკრების უფლებას საფრთხეს უქმნის; დაკითხვები და გამოძიებები; ადგილობრივ თვითმმართველობებში არჩევითი თანამდებობის პირების ცვლა მუნიციპალური არჩევნების ჩატარების გარეშე; და ასევე შეშფოთება ეთნიკურ უმცირესობების უფლებებთან დაკავშირებით. ამ საკითხების მოსაგვარებლად, ვფიქრობთ, რამდენიმე რამე უნდა გაკეთდეს: ჩვენ მოვუწოდებთ უწყებათაშორის კომისიას დროულად მოაგვაროს ეს საკითხები; სრულად და გამჭვირვალედ აცნობოს საზოგადოებას იმ აქტივობების შესახებ, რომელთა შესრულების რეკომენდაციებსაც იძლევიან; მთავრობამ და ძალოვანმა უწყებებმა მიიღონ ყველა შესაძლო ზომა, რათა უზრუნველყოფილი იქნეს თავისუფალი შეკრების უფლება და მოძალადეებზე ისეთი ჯარიმების დაწესება, რომლებიც შეაჩერებს მომავალში მსგავს ქმედებებს.

რა მთავარი მსგავსებები და განსხვავებებია 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებსა და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო გარემოს შორის?

ვფიქრობ, ამ საარჩევნო კამპანიებს შორის განსხვავება ნაწილობრივ მასშტაბსა და აქტიურობის დონეში გამოიხატება. ჯერ ერთი, რეგიონებში აქტიური კონკურენტუნარიანობის თვალსაზრისით, საპრეზიდენტო არჩევნების ციკლი ბევრად უფრო გვიან დაიწყო, ვიდრე ეს საპარლამენტო არჩევნების შემთხვევაში მოხდა. მეორე, საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით ჩანს, რომ კანდიდატებმა არც ისე დიდი თანხები დახარჯეს საპრეზიდენტო კამპანიების დროს. მესამე კი ის არის, რომ გარკვეული სისტემური პრობლემები, რომლებიც გასულ წელს არსებობდა სამთავრობო უწყებებთან, კერძოდ კი, სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან დაკავშირებით, წელს შეიცვალა. შარშან სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიმართ კრიტიკული დამოკიდებულება არსებობდა, წელს კი ამ სამსახურის ყველაზე დიდი გამოწვევა საკუთარი საქმიანობის თანმიმდევრულად და მიუკერძოებლად შესრულებაა.

რატომ არ მოხვდა დამკვირვებელთა ინტერესში ის, რომ წინასაარჩევნო კამპანიისას წინასწარ პატიმრობაში იმყოფება მთავარი ოპოზიციური პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი?

ძირითადად ჩვენ კონკრეტულ შემთხვევებზე არ ვსაუბრობთ, რადგან არ ვართ საგამოძიებო ორგანო, ჩვენ ვართ შემფასებელი ორგანო. აქედან გამომდინარე, ამ შემთხვევაში, ჩვენ ვემხრობით IATF რეკომენდაციას, რომელიც გამოქვეყნდა აპრილში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებამდე, რომლის თანახმადაც გამოძიებები და დაკითხვები უნდა შეჩერებულიყო. ეს რეკომენდაცია კიდევ ერთხელ იქნა დადასტურებული IATF-ის მიერ, თუ არ ვცდები, 4 სექტემბერს. ხოლო ის მოვლენები, რომლებსაც ადგილი ჰქონდა ამ ორ თარიღს შორის, ამ კუთხით უნდა იყოს განხილული.

კომენტარები