ნიკა ლომინაძის მკვლელობის საქმე

თელასის მენეჯერის მკვლელობის საქმეში მსჯავრდებულების საქმის გადახედვა იწყება

თბილისის სააპელაციო სასამართლო თელასის მენეჯერის ნიკა ლომინაძის მკვლელობის საქმეში მსჯავრდებულების, უვადო პატიმრობაში მყოფი გია გვიჩიანისა და ნიკა ჩემიას შუამდგომლობების განხილვას - განაჩენის გადასინჯვის თაობაზე - დღეს იწყებს. გია გვიჩიანის ადვოკატის მალხაზ ჯანგირაშვილის თქმით, პროცესი 12:00 საათზეა ჩანიშნული. ადვოკატის ინფორმაციით, დაცვის მხარეს აქვს არაერთი შუამდგომლობა და ისინი წარადგენენ მტკიცებულებებს, რომლებიც ახალ გარემოებებს წარმოადგენს.

"დაცვის მხარეს ძალიან ბევრი და მნიშვნელოვანი მტკიცებულება აქვს წარდგენილი, მათ შორის, ორი ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ჩვენ ჩავატარეთ. შესაძლებელი იყო თუ არა "მაკაროვის" სისტემის იარაღით აღნიშნული მკვლელობის ჩადენა. ამ შემთხვევაში ცალსახად უარყოფითი პასუხია, რაც განაჩენს თავისთავად ანგრევს. ასევე, ჩვენ მიერ წარდგენილია მოწმეების კატეგორია, რომელთა ჩვენებები ადასტურებს, რომ ნოდარ გვიჩიანი თელასში საერთოდ არ არის ნამყოფი და იგი ამ მიმართულებითაც აშკარად ცრუ ჩვენებას იძლევა. უმნიშვნელოვანესი მტკიცებულებები გვაქვს წარდგენილი. მათ გამოკვლევას გარკვეული დრო დასჭირდება", - აღნიშნა მალხაზ ჯანგირაშვილმა.

თელასის მენეჯერი ნიკა ლომინაძე 2002 წელს, ბახტრიონზე მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლში მოკლეს. მისი მკვლელობის შემკვეთად თელასის ექსპერტი გია გვიჩიანი ცნეს და 2006 წელს დააკავეს. უვადო პატიმრობამისჯილი გვიჩიანი თავს უდანაშაულოდ ცნობს. იგი თავის დაკავებას სანდრო გირგვლიანის მკვლელობის გადაფარვის მიზანს უკავშირებს.

კომენტარები