ვანო მერაბიშვილის განცხადება

მერაბიშვილი: გუშინდელი წერილის საპასუხოდ, ბრალი ბიძაჩემს წაუყენეს

Reuters

ყოფილი პრემიერის ვანო მერაბიშვილის განცხადებით, დღეს სამცხე-ჯავახეთის პროკურატურამ და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა მის ბიძას, ლევან თუმანიშვილს, კიდევ ერთი ბრალდება წარუდგინა. როგორც მერაბიშვილი Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე წერს, ეს ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნის გუშინდელ წერილს უკავშირდება, რომელშიც მან პირადად ბიძინა ივანიშვილი დაადანაშაულა პოლიტიკურ დევნაში. 

"ეს არის კიდევ ერთი მცდელობა ხელისუფლებისა, ზეწოლა მოახდინონ პირადად ჩემზე, ჩემი ოჯახის წევრების და ნათესავების დევნის გზით. ლევან თუმანიშვილი, რომელიც 68 წლის არის და ასაკის გამო ჯანმრთელობის პრობლემები აწუხებს, ერთხელ უკვე იყო ამავე აბსურდულ საქმეზე ბრალდებული და დღეს გირაოთი არის გათავისუფლებული. მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ხელისუფლებას და პირადად ბიძინა ივანიშვილს, შეწყვიტოს პოლიტიკური მოტივებით ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების დევნა, ვინაიდან ეს ბრძოლა მათთვის უშედეგოდ დასრულდება. დარწმუნებული ვარ, ხელისუფლების მცდელობის მიუხედავად, საბოლოოდ სამართალი მაინც იზეიმებს. 17:30 საათზე ჩვენი ოჯახის ადვოკატები განცხადებას გააკეთებენ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით", - აღნიშნავს  მერაბიშვილი. მისივე ინფორმაციით, ლევან თუმანიშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე სასამართლო ხვალ იმსჯელებს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ვანო მერაბიშვილმა წერილი გაავრცელა, რომელშიც განაცხადა, რომ "ბიძინა ივანიშვილის მთავრობის პოლიტიკური პატიმარია".

კომენტარები