საქართველოს ეროვნული ნაკრები

ალექსეი ანდრონოვი: თქვენს გუნდს გატანა ძალიან უჭირს

ალექსეი ანდრონოვი
comments.ua

საქართველოსა და საფრანგეთის ნაკრებებს შორის მატჩს ბევრი უცხოელი სტუმარი დაესწრო. მათ შორის იყო ცნობილი რუსი კომენტატორი ალექსეი ანდრონოვი, რომელსაც საქართველოში ძირითადად NTV + ფეხბურთის მეშვეობით იცნობენ. გაზეთმა ლელომ მასთან მცირე ინტერვიუ გამოაქვეყნა, რომლის საინტერესო ფრაგმენტებსაც ქვემოთ გთავაზობთ.

"ბოლო წლებში საქართველოს მებრძოლი ნაკრები ჰყავს, მაგრამ შეტევაში მაინც უჭირს. დააკვირდით, ბოლო დროს რომელი გუნდებიდან იწვევენ ფეხბურთელებს - დნიპროდან, "ლეგიადან", ილიჩივეციდან, ბაქოს ინტერიდან, ყარაბაღიდან... ეს უკვე ქინქლაძე-არველაძე-ქეცბაიას თაობა აღარ არის. ისინი ევროპის ცნობილ კლუბებში თამაშობდნენ. შესაძლოა, მათ დიდი შედეგების მიღწევა არ შეუძლიათ, მაგრამ გუნდს გარკვეული პოტენციალი აქვს და გამოცდილება უნდა დააგროვოს. ვინ იცის, იქნებ მომავალში გარკვეულ წარმატებასაც მიაღწიოს," - განაცხადა ანდრონოვმა.

რუსმა ჟურნალისტმა საფრანგეთის ნაკრებზეც ისაუბრა, რომლის მთავარ მწვრთნელ დიდიე დეშამს, ბოლო რამდენიმე თვეა ფრანგული მედია და გულშემატკივრები ძალიან აკრიტიკებენ.

"ჩემთვის გამოცანად დარჩა ის, თუ როგორი გუნდის ჩამოყალიბება სურს დიდიე დეშამს, რადგან საქართველოსთან ფრანგებს ფეხბურთი არ უთამაშიათ. და ეს იმ დროს, როცა გუნდში ლამის ყველა - მეგავარსკვლავია. თითქოს, ორი თავდამსხმელით თამაშობდნენ, მაგრამ რეალურად, საქართველოს ნაკრების კარს მხოლოდ მატჩის ბოლო წუთებში დაემუქრნენ, როცა თქვენებს დაღლა დაეტყოთ და შეცდომების დაშვება დაიწყეს. თუმცა ფრანგების სუსტი თამაში საქართველოს ნაკრებს ვერ დააკნინებს. თემურ ქეცბაია გუნდის შესაძლებლობიდან გამოდიოდა, როცა ტაქტიკა შეარჩია და მიზანშიც მოარტყა," - აცხადებს ანდრონოვი.

კითხვაზე, თუ რომელი გუნდი შეიძლება გავიდეს ჯგუფში მესამე ადგილზე, ანდრონოვი პასუხობს:

"საქართველო ან ფინეთი. თქვენ ძალიან რთული კონკურენტი გყავთ. დასამალი რა არის - ციკლის დაწყებამდე დარწმუნებული ვიყავი, რომ მესამეზე სწორედ ფინელები გავიდოდნენ, რადგან ეს გუნდი ბოლო შესარჩევებში საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა. მათ სწრაფი და მწავვე კონტრშეტევები ეხერხებათ... მაგრამ დაიწყო ეს ციკლი და ფინეთს გაუჭირდა. საქართველო ვალდებული იყო, მოეგო ჰელსინკიში, მაგრამ... თქვენს გუნდს გატანა ძალიან უჭირს. საერთოდ, ფინეთთან მატჩში პროგნოზის გაკეთება გამიჭირდება. მთავარი და გადამწყვეტი ფაქტორია, ამ ორი გუნდიდან კოზირებს რომელი გამოიყენებს და მოახერხებს თუ არა საქართველო "პირველ ნომრად" თამაშს. ბევრისგან მსმენია, რომ თქვენმა ნაკრებმა სათამაშო სტილი შეიცვალა. მაგრამ ტაქტიკური სქემა იმის მიხედვით კეთდება, რისი არჩევანიც მწვრთნელს აქვს. ასე რომ, ქეცბაიას სქემა ლოგიკური იყო," - განაცხადა ალექსეი ანდრონოვმა.

კომენტარები