ომში დაღუპულები

მიხეილ სააკაშვილი: შემთხვევითი გმირები არ არსებობენ

მიხეილ სააკაშვილი
fb.com/SaakashviliMikheil

საქართველოს პრეზიდენტმა ომში დაღუპული გმირების დედები თამარ მეფის ორდენებით დააჯილდოვა. მიხეილ სააკაშვილმა დაჯილდოებამდე ქართველი ჯარისკაცების გმირობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ საქართველოს სახელმწიფოებრიობის შენარჩუნება მათი დამსახურებაა.

"ჩემთვის არ არის ქართველი ქალის უფრო გამოჩენილი სიმბოლო, ვიდრე არის ქართველი დედა", - აღნიშნა პრეზიდენტმა ავლაბრის რეზიდენციაში გამართულ მიღებაზე და შინდისში დაღუპული ჯარისკაცების გმირობაზე საუბრისას, პარალელი 300 არაგველის გმირობასთან გაავლო.

"ჩვენ გმირებს ვეძებთ წარსულში, მაშინ როდესაც გმირები არსებობენ დღეს. შინდისში ჩვენი 17 მებრძოლი მრავალი საათის განმავლობაში წინააღმდეგობას უწევდა მტერს. მათ მოგვაგებინეს საქართველოს სახელმწიფოებრიობა. კრწანისის ბრძოლის შემდეგ მტერმა აიღო თბილისი, მაგრამ ცხინვალის ბრძოლის შემდეგ ვერ შემოვიდა, ვერ დაასრულა საქართველოს სახელმწიფოებრიობა. ჩემთვის დიდი პატივი იქნებოდა ჩვენს გმირებთან ერთად თავის გაწირვა მაშინ, ცხინვალში, მაგრამ რადგან გადავრჩი, უნდა გავაგრძელოთ ჩვენი ბიჭების ბრძოლა და მივიყვანოთ დასასრულამდე", - განაცხადა პრეზიდენტმა. მიხეილ სააკაშვილის აზრით, რუსული იმპერია აუცილებლად ჩამოიშლება და მოღალატეებიც უკან დაიხევენ. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, შემთხვევით არაფერი ხდება და შემთხვევითი გმირებიც არ არსებობენ. 

"გმირებს ზრდიან დედები. ზოგი იზრდება გმირად, ზოგი კი ისეთად, ვისთვისაც სამშობლო არაფერს ნიშნავს. ზოგი იზრდება სამშობლოს დამცველი, ზოგი კი ისეთად, ვისაც ჰგონია, რომ მძინარე ცხინვალი ჩვენ გავაღვიძეთ, რუსეთი არ შემოჭრილა და ომი საქართველომ დაიწყო. ჩვენ ჩვენს მიწაზე დავეცით. ამიტომ ყველას თავისი მიეზღვება. გადარჩენილი და განვითარებული საქართველო იქნება უმკაცრესი განაჩენი, როგორც ჩვენი მტრისთვის, ისე შიდა მოღალატეებისთვის, რომლებმაც მრავლად წამოყვეს თავი. ქართველი გმირები დღეს არ არიან ცოცხლები, მაგრამ არიან ბევრად უფრო ცოცხლები, ვიდრე ბევრი ცოცხალი ადამიანი", - განაცხადა პრეზიდენტმა.

კომენტარები