რუსეთ-უკრაინის ურთიერთობა

უკრაინა ეჭვობს, რომ რუსეთი მას საბოტაჟს უწყობს

უკრაინა კატეგორიულად უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მისი ერთ-ერთი პორტი სირიის მთავრობისთვის იარაღის მიწოდებისთვის გამოიყენებოდა. უკრაინელი ანალიტიკოსების განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია კოლჩუგას საქმეს ჰგავს, რომელმაც 2002 წელს უკრაინის დასავლეთისგან იზოლაცია გამოიწვია. ანალიტიკოსების აზრით, მსგავსი ჭორები შეიძლება რუსეთის მიერ იყო ინსპირირებული, რომელიც ცდილობს, უკრაინის ევროკავშირთან ასოციაციის ხელშეკრულების გაფორმებას ხელი ყველანაირად შეუშალოს.

უკრაინის მიერ სირიისთვის იარაღის მიწოდების ინფორმაცია ვაშინგტონ პოსტის ჟურნალისტმა გაავრცელა. ჯობი უორვიკი თავის სტატიაში წერს, რომ უკრაინის პორტ ოკტიაბრსკიდან ბაშარ ალ ასადის მთავრობას იარაღი მიეწოდებოდა. უორვიკი ინფორმაციის წყაროდ ვაშინგტონში დაფუძნებული კონფლიქტებისა და უსაფრთხოების ანალიტიკური ცენტრ c4ads ასახელებს. 

უკრაინელი ექსპერტის რომან რუკომედას განცხადებით, რუსეთი კოლჩუგას გამეორებას ცდილობს. შეგახსენებთ, რომ 2002 წელს, უკრაინას ბრალად ერაყისთვის სამხედრო რადიოსენსორების მიყიდვა დაედო. ბრალდება აუდიოჩანაწერებზე იყო დამყარებული, რომლის სანდოობაც დღემდე არ დამტკიცებულა. უკრაინა კი წლების განმავლობაში დასავლეთისგან იზოლირებული იყო.  

ექსპერტების აზრით ოკტიაბრსკის საქმე რუსეთის მორიგ მცდელობას გავს, რათა უკრაინასა და დასავლეთს შორის ურთიერთობა გააფუჭოს. მათი აზრით კრემლი ყველა ხერხით ცდილობს 28-29 ნოემბერს ვილნიუსში გასამართ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე,  არ მისცეს უკრაინას საშუალება ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას მოაწეროს ხელი. 

 უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კატეგორიულად უარყო გავრცელებული ინფორმაცია და განაცხადა, რომ ბოლო წლებში უკრაინის გავლით არანაირი იარაღი სირიას არ მიწოდებია.

 

კომენტარები