GCI 2013-2014

კონკურენტუნარიანობით საქართველო 148 ქვეყანას შორის 72-ე ადგილზეა

www.maltatoday.com.mt

საქართველო მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსში მსოფლიოს 148 ქვეყანას შორის 72-ე ადგილზეა. 2012-2013 წელს ქვეყანა 144 ქვეყანას შორის 77-ე ადგილს იკავებდა.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსს 2005 წლიდან აქვეყნებს. კვლევა კონკურენტუნარიანობას განმარტავს, როგორც იმ ინსტიტუტების, პოლიტიკისა და სხვა ფაქტორების ერთობლიობას, რომლებიც ქვეყნის პროდუქტიულობის დონეს განსაზღვრავს. პროდუქტიულობის დონე, თავის მხრივ, ეკონომიკაში ჩადებული ინვესტიციებიდან მიღებულ მოგების დონეს განაპირობებს. ეს ეკონომიკური ზრდის მთავარი მამოძრავებელია. ამდენად, კონკურენტუნარიანად ითვლება ის ეკონომიკა, რომელიც დროთა განმავლობაში სწრაფად იზრდება.

2013-2014 წლის ინდექსის მიხედვით, ეკონომიკური ზრდა მთელ მსოფლიოში ჯერ კიდევ შენელებულია, ხოლო ის, თუ რამდენად შეძლებს ქვეყანა წარმატებით გაუმკლავდეს ეკონომიკურ სირთულეებს, დიდწილად იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად შეძლებს ქვეყანა დანერგოს ინოვაციური მიდგომები და გაზარდოს კონკურენტუნარიანობა.

ყველაზე რთული მდგომარეობა საქართველოს ინოვაციისა და ბიზნესის განვითარების კუთხით აქვს. ამ მაჩვენებლის მიხედვით, ის რეიტინგში 122-ე ადგილზე იმყოფება. ეფექტიანობის განმსაზღვრელი ფაქტორებიდან, ყველაზე პრობლემურია ბაზრის ზომა (103-ე ადგილი) და უმაღლესი განათლება და ტრენინგი (92-ე ადგილი). სხვა მაჩვენებლებიდან ყველაზე პრობლემურია ჯანდაცვისა და დაწყებითი განათლების კომპონენტი. მის მიხედვით, საქართველო რეიტინგში 70-ე ადგილზეა.

მეორე წელია, რაც საქართველომ ქვეყნების იმ ჯგუფში გადაინაცვლა, სადაც კონკურენტიანობა ეფექტიანობის მიხედვით იზომება. იმისთვის, რომ ამ ჯგუფში წარმატებას მიაღწიოს, ქვეყანას სჭირდება დახვეწილი წარმოების პროცესი და პროდუქციის ხარისხი. ამ ეტაპზე ქვეყნის კონკურენტუნარიანობას დიდწილად განაპირობებს ტექნოლოგიების ათვისებისა და მათი პრაქტიკაში დანერგვის დონე. სხვა ქვეყნებისთვის კონკურენციის გასაწევად საჭიროა უმაღლესი განათლება და ტრენინგი, მსხვილი ადგილობრივი ან კარგად ათვისებული უცხოეთის ბაზრები. ასევე, ეფექტიანი სასაქონლო, განვითარებული ფინანსური და კარგად ფუნქციონირებადი შრომითი ბაზრები. შრომის ბაზრის ეფექტიანობა წინა წელთან შედარებით გაუარესდა და ამ კომპონენტის მიხედვით, საქართველომ რეიტინგში 5 ადგილით უკან დაიხია. თუმცა, ინდექსის მიხედვით, ქვეყნის ეფექტიანობის განსაზღვრელ მთავარ ფაქტორად რჩება.

ეფექტიანობით განპირობებული ეკონომიკის მქონე ქვეყნების ჯგუფში საქართველოსთან ერთად კიდევ 30 ქვეყანა შედის. უშუალო მეზობლებიდან - სომხეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი და თურქეთი - განვითარების ამ ეტაპზე არცერთი ქვეყანა არ არის. სომხეთი და აზერბაიჯანი, საქართველოს ერთი საფეხურით ჩამორჩებიან და ფაქტორებით განპირობებული ეკონომიკიდან ეფექტიანობით განპირობებული ეკონომიკისკენ გარდამავალ საფეხურზე არიან. ამ საფეხურზე მოსახვედრად აუცილებელია მეტ-ნაკლებად გამართული ინსტიტუტები, ინფრასტრუქტურა, მაკროეკონომიკური გარემო, ჯანდაცვა და საშუალო განათლება. ამ ეტაპზე ქვეყნები ერთმანეთს კონკურენციას ძირითადად იაფი მუშახელისა და ბუნებრივი რესურსების ხარჯზე უწევენ. კიდევ ორი მეზობელი - რუსეთი და თურქეთი - ერთი საფეხურით უფრო მაღლა, ეფექტიანობით განპირობებული ეკონომიკიდან ინოვაციით განპირობებული ეკონომიკისკენ გარდამავალ ეტაპზეა. განვითარების ამ ეტაპზე კონკურენციას ანაზღაურების დონე განსაზღვრავს. მაღალი ხელფასების შენარჩუნება, რაც ცხოვრების მაღალი დონის მაჩვენებელია, მხოლოდ იმ გარემოში შეიძლება, სადაც ბიზნესებს შესაძლებლობა აქვთ ერთმანეთს კონკურენცია უნიკალური პროდუქციით, სერვისებით და ბიზნესმოდელებით გაუწიონ. ინოვაციის გარეშე ამ ამოცანის მიღწევა შეუძლებელი ხდება.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ანგარიშის მიხედვით, კონკურენტუნარიანობის ამაღლების კუთხით საქართველოს მთავარ გამოწვევად ისევ რჩება ინსიტუტების გაძლიერება, განათლების ხარისხის გაუმჯობესება და შრომითი ბაზრის ეფექტიანობის გაზრდა.

წინა წლების მსგავსად, ყველაზე კონკურენტუნარიანი ქვეყნების ათეულში დომინირებენ ევროპის ქვეყნები: შვეიცარია, ფინეთი, გერმანია, შვედეთი, ნიდერლანდები და გაერთიანებული სამეფო. ტოპ ათეულში შედის ასევე სამი აზიური ქვეყანაც - სინგაპური, ჰონგ-კონგი და იაპონია. ყველა ეს ქვეყანა ინსტიტუციონალურად კარგად არის განვითარებული და ამასთან, ინოვაციურობით და განვითარებული ბიზნესგარემოთი გამოირჩევა.

კომენტარები