ბიძინა ივანიშვილი

ივანიშვილი: გამჭვირვალობა და ღია მმართველობა ჩემი გუნდის პოლიტიკური ნებაა

ბიძინა ივანიშვილი
ტაბულა

პრემიერ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ხალხმა უნდა გაიაზროს, რომ თავად ქირაობს მთავრობას, მთავრობა კი ვალდებულია, ემსახუროს და ანგარიშვალდებული იყოს მის წინაშე. ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა სასტუმრო რედისონში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. რედისონში მიმდინარე შეხვედრა საჯარო ინფორმაციის გაცემის თვალსაზრისით არსებულ ვითარებას ეხება. პრემიერის შეფასებით, გამჭვირვალობა და ღია მმართველობა მისი გუნდის პოლიტიკური ნებაა.

"ჩვენ ხალხს დავპირდით, რომ ხელისუფლების, სამთავრობო სტრუქტურების საქმიანობა იქნებოდა ცნობილი და რომ ჩვენ ანგარიშვალდებული ვიქნებოდით ხალხის წინაშე. ჩვენ ვასრულებთ ამ დანაპირებს და დღევანდელი ფორუმიც ამის ნათელი დადასტურებაა. თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ პროექტის - საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა - განხორციელების დაწყება დაემთხვა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად ხელისუფლების შეცვლის პერიოდს. ჩვენს მთავრობას, ჩვენს გუნდს დასამალი არაფერი აქვს - ჩვენი მუშაობის გამჭვირვალობაზე ციფრები თავად მეტყველებს. ეს მონაცემები გვახარებს იმიტომ, რომ ჩვენი ამოცანაა ქვეყანა დემოკრატიული განვითარების ისეთ გზაზე გავიყვანოთ, რომლიდან გადახვევაც სამომავლოდ აღარ იქნება ადვილი. ეს არის გზა სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებისა და მისი გაძლიერებისაკენ, სახელმწიფოს მართვაში მოქალაქეთა ჩართულობისაკენ, რომლის გარეშეც დემოკრატიულ მმართველობაზე ლაპარაკი ზედმეტია. ვფიქრობ, ეს არის საწინდარი იმისა, რომ ხალხი მიაღწევს მიზანს - შექმნის თავისუფალ, ძლიერ, ქმედუნარიან, პასუხისმგებლობით აღსავსე სამოქალაქო საზოგადოებას და არცერთ ხელისუფლებას აღარ მისცემს იმის უფლებას, რომ შელახოს საზოგადოების ინტერესები. ყველას კარგად მოეხსენება, რომ თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოს მთავარი მახასიათებელი საზოგადობის წინაშე ანგარიშვალდებულებაა, რაც განაპირობებს დემოკრატიულ ქვეყნებში ბოლო წლებში ინფორმაციის თავისუფლების მაღალი სტანდარტის დამკვიდრებას. მოგეხსენებათ, რომ გაცილებით ადვილია ისეთი ხელისუფლების საზოგადოებრივი კონტროლი, რომელიც ღიად მუშაობს და, შესაბამისად, მცირდება ალბათობა იმისა, რომ მოხელეები ბოროტად ისარგებლებენ ძალაუფლებით. მნიშვნელოვანია, რომ ხალხს ხელი მიუწვდებოდეს ინფორმაციაზე და იცოდეს, თუ როგორ იხარჯება სახელმწიფოს ბიუჯეტი, როგორ ხდება სახელმწიფო ქონების განკარგვა, როგორ განისაზღვრება საჯარო პოლიტიკა. სწორედ ეს მისცემს საზოგადოებას შესაძლებლობას, თავად მონაწილეობდეს საჯარო პოლიტიკის შემუშავებაში", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისი შეფასებით, ინფორმაციის თავისუფლების განმტკიცებაში საქართველოს პროგრესული კანონმდებლობა აქვს. ივანიშვილის თქმით, საქართველო მონაწილეობს ღია მმართველობის პარტნიორობის ინიციატივაში და ნაკისრი აქვს ვალდებულება, უზრუნველყოს ინფორმაციის თავისუფლების განმტკიცება.

"ჩვენ გვაქვს ნამდვილად პროგრესული კანონმდებლობა ამ სფეროში. თუმცა, საკანონმდებლო ბაზა და ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებული პრაქტიკა კიდევ საჭიროებს დახვეწას. სწორედ ამიტომ, კანონმდებლობაში შევიტანეთ ცვლილებები, რომელთა თანახმადაც მთავრობა ვალდებულია უზრუნველყოს საჯარო ინფორმაციის გაცემა ელექტრონული ფორმით და პროაქტიურად გამოაქვეყნოს საჯარო ინფორმაცია. საქართველოს მთავრობამ მიიღო განკარგულება "ღია მმართველობის პარტნიორობის საქართველოს სამოქმედო გეგმის განხორციელებისათვის აუცილებელ ღონისძიებათა შესახებ", რომლითაც მთელ რიგ უწყებებს დაევალათ ღია მმართველობის პარტნიორობის ფარგლებში კონკრეტული ღონისძიებების განხორციელება, მათ შორის, პროაქტიურად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხის შემუშავება. ასევე, მთავრობამ დაამტკიცა იმ საჯარო ინფორმაციის ნუსხა, რომელიც შესაბამისმა საჯარო დაწესებულებებმა პერიოდულად უნდა გამოაქვეყნონ ვებგვერდზე, რაც მთავრობის კონტროლის კიდევ ერთი საშუალებაა. ამავე მიზანს ემსახურება ღია მმართველობის ფარგლებში მთავრობის წევრთა პერიოდული ანგარიშები. ყველას მოგეხსენებათ, ჩვენმა მთავრობამ დანერგა ეს პრაქტიკა და მინისტრები სისტემატურად წარუდგენენ ანგარიშს ხალხს", - აღნიშნა პრემიერმა და დასძინა, რომ მისი ამოცანაა - კიდევ უფრო გაზარდოს მთავრობის ანგარიშვალდებულება ხალხის წინაშე.

"ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტად შევუწყოთ ხელი საზოგადოების მონაწილეობას მთავრობის საქმიანობისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.
ამ უმნიშვნელოვანეს საქმეში ჩვენ არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერისა და თანადგომის იმედი გვაქვს. ამიტომ, დარწმუნებული ვარ, ასეთი შეხვედრები და სამუშაო ფორუმები სათანადო შედეგებს გამოიღებს. შეხვედრები უნდა გაიმართოს არა მარტო გეგმის შემუშავების, არამედ მისი შესრულების მონიტორინგის მიზნითაც და შესაბამისი პასუხისმგებელი უწყებების აქტიური მონაწილეობით. ჩვენი ქვეყნის სწრაფი დემოკრატიული განვითარება არის ის საერთო ამოცანა, რომელიც გვაერთიანებს მთავრობას და აქ შეკრებილ არასამთავრობო ორგანიზაციებს. ამ მიზნის მისაღწევად კი ყველას ჩვენ-ჩვენი წილი პასუხისმგებლობა გვაკისრია", - განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები