ვანო მერაბიშვილის საქმე

მერაბიშვილი: სასამართლო პროცესისათვის სერიოზულ მომზადებას აზრი დაეკარგა

Reuters

ყოფილი პრემიერის ვანო მერაბიშვილის შეფასებით, სასამართლო პროცესისათვის სერიოზულ მომზადებას აზრი დაეკარგა. როგორც მერაბიშვილმა დღევანდელ წინასასამართლო სხდომაზე განაცხადა, უკვე ცნობილია საქმის საბოლოო შედეგი.
"ვერცერთი მოსამართლე ვერ გაუძლებს პრესს ხელისუფლებისგან. მინდა გითხრათ, რომ ბატონი მალხაზ გურული არის დასავლეთ საქართველოს ყველა მოსამართლის უშუალო ხელმძღვანელი", - აღნიშნა მერაბიშვილმა. მისივე თქმით, მოსამართლე არის ვაჟკაცური ადამიანი, რომელმაც თავის თავზე აიღო დიდი დარტყმა და სხვა მოსამართლეებს თავიდან ააცილა ვალდებულებები.

"მან სახელიც გაითქვა. მის სახელს და გვარს ბევრი ვერც გაიგებდა დიდი ხნის განმავლობაში", - აღნიშნა ყოფილმა პრემიერმა. მისივე თქმით, ჯანმრთელი ცხოვრების წესით ცხოვრობს და საკანში რომ არ მოიწყინოს, ქუთაისში უწევს ჩასვლა.

"ხელისუფლება ცივ ნიავს არ მაკარებს, მჟავეს, მწარეს არ მაჭმევს, ვყავარ დიეტაზე, ჩემს ცოლს არ უშვებენ და ქალს არ მაკარებენ, ქუთაისში დავყავარ, შეგუებული ვარ, რაც მელოდება და იუმორით ვუყურებ ამ ყველაფერს", - განაცხადა მერაბიშვილმა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ყოფილი პრემიერის ვანო მერაბიშვილისა და ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის ზურაბ ჭიაბერაშვილის წინააღმდეგ აღძრულ საქმესთან დაკავშირებით წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს. პროცესს ორივე ბრალდებული ესწრება. დაცვის მხარე დღეს რამდენიმე შუამდგომლობას დააყენებს. ადვოკატ გიორგი ჩივიაშვილის თქმით, იგი მოითხოვს, ბრალდებულს პატიმრობა აღკვეთის სხვა ღონისძიებით შეეცვალოს. დაცვის მხარე ასევე დააყენებს შუამდგომლობას სასამართლოს შემადგენლობის აცილებასთან დაკავშირებით. პროცესის პარალელურად, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ეზოში ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის მხარდამჭერი აქცია იმართება.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, ყოფილი პრემიერის ვანო მერაბიშვილის დაცვის მხარემ განაცხადა, რომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა არაუფლებამოსილმა მოსამართლემ შეუფარდა. 

"ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე მალხაზ გურული, რომელმაც ძალაში დატოვა მერაბიშვილის აღკვეთის ღონისძიება, არის სისხლის სამართლის საქმეთა პალატის წევრი (იხ. დანართი 1, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წერილი 505/651-03). საქართველოს კანონმდებლობის თანახმად (საქართველოს ორგანული კანონი საერთო სასამართლოების შესახებ, მუხლი 23, პუნქტები 1, 2, 3 და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი მუხლი 207, პუნქტი 4 იხ. დანართი 2 და 3) აღკვეთის ღონისძიების განხილვის უფლება აქვს მხოლოდ საგამოძიებო კოლეგიის წევრ მოსამართლეს. აქედან გამომდინარე, მას არ ჰქონდა უფლება, განეხილა აღკვეთის ღონისძიება, შესაბამისად, მოსამართლე მალხაზ გურულმა დაარღვია კანონი", - აცხადებენ ადვოკატები და აღნიშნავენ, რომ მერაბიშვილის მიმართ დაირღვა სამართლიანი სასამართლოს პრინციპი.

ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ჭიაბერაშვილი 22 მაისს დააკავეს, თუმცა ჭიაბერაშვილი გირაოთი გაათავისუფლეს. გამოძიება მერაბიშვილსა და ჭიაბერაშვილს სისხლის სამართლის კოდექსის 1641, 182-ე მუხლის მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით და 332-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენას ედავება. მათ ბრალი ედებათ მოსყიდვაში, გაფლანგვასა და უფლებამოსილების გადამეტებაში.

 

კომენტარები