ვანო მერაბიშვილის საქმე

მოსამართლემ მერაბიშვილის ადვოკატის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

www.ipn.ge

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ყოფილი პრემიერის ვანო მერაბიშვილის ადვოკატების შუამდგომლობა, დასავლეთ საქართველოს სასამართლოების აცილების თაობაზე, არ დააკმაყოფილა. დაცვის მხარეს მერაბიშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილების ძალაში დატოვებასთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის მალხაზ გურულის "მიკერძოებული გადაწყვეტილების საფუძველზე" აქვს ეჭვი, რომ დასავლეთ საქართველოს ყველა სასამართლო მიკერძოებული იქნება. სწორედ ამიტომ მოითხოვა ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა დასავლეთ საქართველოს სასამართლოების აცილება.

დაცვის მხარის შუამდგომლობა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. ადვოკატების მოთხოვნა არ გაიზიარა ბრალდების მხარემაც. პროკურორ ნათია სონღულაშვილის თქმით, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეს გადაცდომა რომც ჩაედინა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ დასავლეთ საქართველოს სხვა სასამართლოების მოსამართლეებიც მიკერძოებულები იქნებიან.

ვანო მერაბიშვილის ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა კი ბრალდების მხარეს მიმართა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას არაუფლებამოსილი მოსამართლის მიერ აღმკვეთ ღონისძიებასთან დაკავშირებით სტრასბურგში გაასაჩივრებს და საქმეს აუცილებლად მოიგებს.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ყოფილი პრემიერის ვანო მერაბიშვილისა და ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის ზურაბ ჭიაბერაშვილის წინააღმდეგ აღძრულ საქმესთან დაკავშირებით წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს. პროცესს ორივე ბრალდებული ესწრება. დაცვის მხარე დღეს კიდევ ერთ შუამდგომლობას დააყენებს. ადვოკატ გიორგი ჩივიაშვილის თქმით, იგი მოითხოვს, ბრალდებულს პატიმრობა აღკვეთის სხვა ღონისძიებით შეეცვალოს. პროცესის პარალელურად, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ეზოში ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის მხარდამჭერი აქცია იმართება.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, ყოფილი პრემიერის ვანო მერაბიშვილის დაცვის მხარემ განაცხადა, რომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა არაუფლებამოსილმა მოსამართლემ შეუფარდა.

"ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე მალხაზ გურული, რომელმაც ძალაში დატოვა მერაბიშვილის აღკვეთის ღონისძიება, არის სისხლის სამართლის საქმეთა პალატის წევრი (იხ. დანართი 1, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წერილი 505/651-03). საქართველოს კანონმდებლობის თანახმად (საქართველოს ორგანული კანონი საერთო სასამართლოების შესახებ, მუხლი 23, პუნქტები 1, 2, 3 და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი მუხლი 207, პუნქტი 4 იხ. დანართი 2 და 3) აღკვეთის ღონისძიების განხილვის უფლება აქვს მხოლოდ საგამოძიებო კოლეგიის წევრ მოსამართლეს. აქედან გამომდინარე, მას არ ჰქონდა უფლება, განეხილა აღკვეთის ღონისძიება, შესაბამისად, მოსამართლე მალხაზ გურულმა დაარღვია კანონი", - აცხადებენ ადვოკატები და აღნიშნავენ, რომ მერაბიშვილის მიმართ დაირღვა სამართლიანი სასამართლოს პრინციპი.

ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ჭიაბერაშვილი 22 მაისს დააკავეს, თუმცა ჭიაბერაშვილი გირაოთი გაათავისუფლეს. გამოძიება მერაბიშვილსა და ჭიაბერაშვილს სისხლის სამართლის კოდექსის 1641, 182-ე მუხლის მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით და 332-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენას ედავება. მათ ბრალი ედებათ მოსყიდვაში, გაფლანგვასა და უფლებამოსილების გადამეტებაში.

კომენტარები