ევაკუაცია იმედში

ასაფეთქებელი მოწყობილობა არც იმედში აღმოჩნდა

იმედი

ასაფეთქებელი მოწყობილობა არც ტელეკომპანია იმედში აღმოჩნდა. გამნაღმველებმა ტელეკომპანიის შემოწმება დაასრულეს და თანამშრომლებს შენობაში შესვლის უფლება მისცეს. იმედზე სპეციალური საინფორმაციო გამოშვება უკვე გავიდა.

შსს-ს ინფორმაციით, დადგენილია იმ პირის ვინაობა, ვინც იმედში ბომბის არსებობის შესახებ 112-ში დარეკა, თუმცა ის ჯერ დაკავებული არ არის. 

"რუსთავში ორში ვინც დარეკა, ის დადგენილი და დაკავებულია. ხოლო ვინც იმედში დარეკა, მისი ვინაობა დადგენილია, მაგრამ ჯერ დაკავებული არ არის. საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება", - აცხადებს შსს პრესსამსახურის უფროსი ნინო გიორგობიანი. 

იმედის საინფორმაციო დეპარტამენტის ხელმძღვანელის ბაია ცანავას შეფასებით, იმედში მომხდარი ფაქტი მიზანმიმართული ქმედება ან ბოროტი ხუმრობაა.

"რთულია ვარაუდების გამოთქმა. აქ შეიძლება იყოს ორი ვერსია - ეს არის ან მიზანმიმართული ქმედება, ან ბოროტი ხუმრობა. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ სამართალდამცველები გაარკვევენ ამ ყველაფერს. თავისთავად, ცუდი ტენდენციაა ის, რომ დღეს ქვეყნის ორი ნაციონალური მაუწყებელი შეფერხებით მუშაობდა. იმედი მაქვს, რომ ამას დღეს დაესმევა წერტილი", - განაცხადა ცანავამ.

ტელეკომპანია იმედის დაცლა საპატრულო პოლიციამ რამდენიმე საათის წინ მოითხოვა. სამართალდამცავებმა შენობაში ბომბის არსებობის შესახებ ინფორმაცია მიიღეს. გარდა ამისა, დღეს, 10:28 საათზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ "112"-ში შეტყობინება რუსთავი 2-ის შენობაში ნაღმის არსებობის შესახებაც შევიდა. ბომბის არსებობა არც რუსთავი 2-ში დადასტურდა.

 

კომენტარები