ევაკუაცია იმედში

შსს-მ ცრუ შეტყობინებების ავტორები დააკავა

RFE/RL

შსს-მ ტელეკომპანია იმედთან დაკავშირებით ცრუ შეტყობინების ავტორი დააკავა. უწყების ინფორმაციით, 112-ში დღეს, 13:35 საათზე მორიგი შეტყობინება შევიდა. მოქალაქემ ცენტრის ოპერატორს თბილისში, ლუბლიანას ქ. N5-ში ტელეკომპანია იმედის შენობაში ნაღმის არსებობის შესახებ აცნობა. შეტყობინებიდან რამდენიმე წუთში ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები, კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები, გამნაღმველები და კინოლოგები გამოცხადდნენ.

"სამართალდამცველებმა უსაფრთხოების მიზნით შენობიდან იქ მყოფი ადამიანების ევაკუაცია მოახდინეს, მიმდებარე ტერიტორია ამკრძალავი ლენტით შემოსაზღვრეს და პერიმეტრი დაიცვეს. გამნაღმველების მუშაობის შედეგად დადგინდა, რომ გამოძახება ცრუ იყო - შენობაში ნაღმი არ აღმოჩნდა. სამართალდამცველებმა ცრუ შეტყობინების ავტორი ზარის განხორციელებიდან რამდენიმე საათში დააკავეს. გამოძიება ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ს 331-ე მუხლის 1-ლი ნაწილით). გამოძიებას დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის 1-ლი განყოფილება აწარმოებს", - აცხადებს შსს.

ამასთან, უწყების ინფორმაციითვე, დაკავებულია ის პირი, ვინც რუსთავი 2-ში ბომბის არსებობის შესახებ დარეკა. ამის თაობაზე ნინო გიორგობიანმა ტელეკომპანია იმედს განუცხადა. 

ტელეკომპანია იმედის დაცლა საპატრულო პოლიციამ რამდენიმე საათის წინ მოითხოვა. სამართალდამცავებმა შენობაში ბომბის არსებობის შესახებ ინფორმაცია მიიღეს. გარდა ამისა, დღეს, 10:28 საათზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ 112-ში შეტყობინება რუსთავი 2-ის შენობაში ნაღმის არსებობის შესახებაც შევიდა. ბომბის არსებობა არც რუსთავი 2-ში დადასტურდა.

კომენტარები