პრეზიდენტის ადმინისტრაცია

მანჯგალაძე: მთავრობის წევრები ვერტმფრენებს პირადი მიზნებისთვის იყენებენ

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მთავრობის წარმომადგენლები სახელმწიფოს კუთვნილ საავიაციაო ტრანსპორტს პირადი მიზნებით იყენებენ. ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განცხადა.

იგი გამოეხმაურა საქართველოს პრემიერმინისტრის განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ საფრანგეთისგან ნაყიდი Super Puma-ს ტიპის ვერტმფრენები პრეზიდენტის პირადი სარგებლობისთის იყო განკუთვნილი.   

„პრემიერის განცხადებები გადადის სრულ აბსურდში, როდესაც იგი საუბრობს ექვს ვერტმფრენზე და ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ექვსივე ვერტმფრენი უნდა მომსახურებოდა საქართველოს პრეზიდენტს. რეალურად, ჩვენს მთაგორიან ქვეყანაში ეს ტრანსპორტი უნდა გამოგვეყენებინა ექსტრემალურ სიტუაციებსა და სამაშველო სამუშაოებისთვის. დროა, ამ თემაზე უსაგნო დებატები დასრულდეს საზოგადოების ლოგიკური დასკვნით, რომ მთავრობა ცრუობს და, ელემენტარულად, შეუძლებელია, პრეზიდენტმა ექვსი ვერტმფრენით ისარგებლოს“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

მისი თქმთ, მთავრობა ასევე ცრუობს, როდესაც ამბობს, რომ კაბინეტის წევრები სახელმწიფოს კუთვნილი თვითმფრინავებით არ სარგებლობენ. „ისინი იყენებენ ამ სატრანსპოტო საშუალებას და, უფრო მეტიც, იყენებენ პირადი მოხმარებისთვის. რა თქმა უნდა, მთავრობის წევრებმა უნდა იარონ, მოიზიდონ ინვესტიციები, განახორციელონ სხვადასხვა პროექტი და აშენონ ქვეყანა, ეს ნორმალური და აუცილებელია, მაგრამ სრულიად მიუღებელი და გაუგებარია, როდესაც ისინი თვალთმაქცობენ და, ვითომ, გმობენ ძვირადღირებული ტექნიკის გამოყენებას, ართმევენ ამ ტექნიკას სახელმწიფოს და საკუთარი სიამოვნებისთვის იყენებენ“, - განაცხადა პრესსპიკერმა.

ბრიფინგზე პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ჟურნალისტებს სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტო გადასცა, რომლის მიხედვითაც, ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე თვითმფრინავის სალონში იმყოფება. სააგენტო ინტერპრესნიუსის ცნობით, ფოტოს   კომენტარები ახლავს, რომლთა თანახმად, კალაძე ქორწილში იმყოფებოდა.

ენერგეტიკის მინისტრის პრესსამსახურმა მანჯგალაძის ბრალდება კატეგორიულად უარყო და განმარტა, რომ გავრცელებულ ფოტოზე კალაძე საკუთარი სახსრებთ დაქირავებულ თვითმფრინავში იმყოფება. 

 

კომენტარები