საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

ფინანსთა სამინისტრო პრეზიდენტზე: პასუხისმგებლობით მოეკიდოს განცხადებებს

ფინანსთა სამინისტრო
www.facebook.com/mofgeorgia

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო პრეზიდენტ სააკაშვილს მოუწოდებს, მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდოს საკუთარ განცხადებებს. სამინისტრო მიიჩნევს, რომ თუ პრეზიდენტი არ წარმოადგენს კონკრეტულ კანონდარღვევებს, მისი განცხადება შეგნებულ პროვოკაციად ჩაითვლება.

"საქართველოს ფინანსთა სამინისტრო მიმართავს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს - როგორც ჯერ კიდევ ქვეყნის პირველი პირი, მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდოს საკუთარ განცხადებებს და მაშინ, როდესაც რამდენიმე დღის წინ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა მოუწოდა ჩვენს თანამოქალაქეებს, საბაჟო სფეროში ნებისმიერი კანონდარღვევის შემთხვევაში, ინფორმაცია დროულად მიეწოდებინათ ფინანსთა სამინისტროსთვის, გამოიჩინოს მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და ჩვენს უწყებას მიაწოდოს ინფორმაცია კონკრეტული კანონდარღვევის ან სამოხელეო გადაცდომის შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი განცხადება "საბაჟოებზე არსებული ვითარების შესახებ" ჩაითვლება შეგნებულ პროვოკაციად, საბაჟოზე მომუშავე თითოეული საჯარო მოხელის და ზოგადად, სახელმწიფოს იმიჯის შელახვის მორიგ მცდელობად", - ნათქვამია განცხადებაში.

გუშინ პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ მართვის მოწმობის გაკეთება ახალი მთავრობის პირობებში 500 ლარად შეიძლება, ხოლო საბაჟოებში "ევრაზია" მძვინვარებს.

"გორში, ქუთაისში გაიკითხეთ. ჩემს დროს რამდენს მეხვეწებოდნენ, ვეუბნებოდი, გიჟები ხომ არ ხართ, შანსი არაა, ვერავის გავუკეთებთო. 500 ლარი ღირს ახლა. ევრაზიაა ის, რაც ხდება საბაჟოებში. ევრაზიაში მძვინვარებს კრიმინალი. ევრაზიაა ის, რომ, მაგალითად, რამდენიმე დღის წინ, საბურთალოზე, დედაჩემის ბინის აივნიდან მქონდა პატივი, მომესმინა ქუჩის გარჩევებისთვის, რომელიც სულ უფრო ხმამაღლა ისმის. ჩაცუცუქული ხალხი - ეს არის ევრაზია. ოლიგარქიული ეკონომიკა არის ევრაზია. ევრაზიაა ნეპოტიზმი, როდესაც თანამდებობის მიღწევა შეიძლება მხოლოდ ნათესაობით, თუ პატრონი გყავს. თამაზაშვილები რომ მართავენ კახეთს - არის ევრაზია, ზვიადაურები რომ მართავენ ახმეტას, არის ევრაზია", - თქვა პრეზიდენტმა.

კომენტარები