ტელეკომპანია ტაბულა

სასამართლო ტაბულას ჟურნალისტის საქმის განხილვას იწყებს

ტაბულა

თბილისის საქალაქო სასამართლოში ორშაბათს, 16 სექტემბერს, ტაბულას ჟურნალისტის, გიორგი სიხარულიძის საქმესთან დაკავშირებით, მოსამზადებელი სხდომა გაიმართება. საქმე საპატრულო პოლიციის მიერ მის უკანონო გაჩხრეკას, გადაღებული ვიდეომასალის წაშლასა და სიტყვიერ შეურაცხყოფას ეხება. სხდომა 16:45 წუთზეა ჩანიშნული.

მოსამზადებელ სხდომაზე მოსამართლე, ილონა თოდუა მხარეების მიერ ყველა წარმოდგენილ მტკიცებულებას განიხილავს.

24 აგვისტოს, დაახლოებით 20:15 წუთზე, კოსტავას ქუჩაზე, საპატრულო პოლიციის რეიდის გადაღების მომენტში, პოლიციის 5-მდე თანამშრომელმა გიორგი სიხარულიძე მანქანიდან ჩამოსვა, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და გადაღებული მასალა მობილური ტელეფონიდან წაუშალა, რის საფუძველზეც სიხარულიძემ საქალაქო სასამართლოში შსს-ს წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა.

მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მისი შეჩერება, ზედაპირული შემოწმება და ავტომობილის ჩხრეკა მოხდა უკანონოდ და დაუსაბუთებლად, რისთვისაც, პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის მუხლი 9 (პრიმა) (შეჩერება და ზედაპირული შემოწმება), პუნქტი 5 შესაბამისად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან, ფულად კომპენსაციას მოითხოვს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ საკითხზე ჩატარდა მოკვლევა და პოლიციელების მხრიდან კანონდარღვევა არ დადასტურდა. აღსანიშნავია, რომ მოკვლევისას შსს არ დაკავშირებია დაზარალებულ გიორგი სიხარულიძეს.

კომენტარები