დებატები

სატელევიზიო დებატები

მირიან თოიძე
0 კომენტარი

ტესტი მზადყოფნაზე

ივლისის მიწურულს, როგორც კი ნაციონალური მოძრაობის პრაიმერისის გამარჯვებულად დასახელდა, დავით ბაქრაძემ პროფესიონალი პოლიტიკოსისთვის დამახასიათებელი რეფლექსით, მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში თავისი მეტოქე, გიორგი მარგველაშვილი, სატელევიზიო დებატებში გამოიწვია. მარგველაშვილმა უარყო ბაქრაძის წინადადება, განაცხადა რა (სრულიად ლოგიკურად), რომ არცერთი კანდიდატი არ უნდა იყოს პრივილეგირებულ მდგომარეობაში და რომ ყველა კანდიდატს უნდა მიეცეს „პოზიციის დაფიქსირების" თანაბარი საშუალება. საბოლოო ჯამში, რა ფორმითაც უნდა იყოს, სატელევიზიო დებატების ჩატარების ფაქტი უთუოდ წაადგება ჩამოყალიბების სტადიაში მყოფ ქართულ პოლიტიკურ კულტურას.

ინსტიტუციად ქცეული პოლიტიკური პროცესი

ტელედებატების პრაქტიკა, როგორც კანდიდატთა მზადყოფნის გამოაშკარავების საუკეთესო საშუალება, უკვე ნახევარ საუკუნეზე მეტია დანერგილი დასავლეთ სამყაროს პოლიტიკურ სივრცეში. ამერიკის შეერთებული შტატებში ელექტრონული მედიის სწრაფი განვითარებისა და დემოკრატიული, კონკურენციის წამახალისებელი პოლიტიკური გარემოს გათვალისწინებით, სრულიად ბუნებრივია, რომ პოლიტიკური კომუნიკაციების სფეროში ტელემაუწყებლობის გამოყენება სწორედ ამ ქვეყანაში დაინერგა. უკვე 1960 წლისთვის ამერიკაში მომწიფდა პრეზიდენტობის რესპუბლიკელი და დემოკრატი კანდიდატების სტუდიაში ერთად მიწვევის იდეა, რაც, თავისთავად, ორივე ბანაკის ტრადიციული ამომრჩევლის ყურადღებას მიიპყრობდა. სავარაუდოდ, ტელედებატების ასეთ ფორმულას, ტელეეკრანებთან 65-70 მილიონი ამერიკელი უნდა მიეზიდა, ეს ციფრი კი საგრძნობლად უახლოვდებოდა იმ სარეკორდო 90-მილიონიან აუდიტორიას, რომელმაც 1959 წელს თვალი ადევნა ბეისბოლის ლიგის სუპერსერიის დასკვნით მატჩს ჩიკაგოს White Sox-სა და ლოს ანჯელესის Dodgers-ს შორის.

ობამასა და მაკკეინის ტელედებატები. 2008

იმ მომენტიდან, ანუ კენედი-ნიქსონის აწ უკვე მითიური დაპირისპირებიდან მოყოლებული, სატელევიზიო დებატები ამერიკელ ამომრჩეველთა რამდენიმე თაობისთვის გარდაუვალ რიტუალად იქცა და, ამდენად, ამერიკული პოლიტიკური კულტურის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. ამჟამად, დებატებში არმონაწილეობა ამა თუ იმ კანდიდატისთვის იმდენად მძიმე პოლიტიკური შედეგების ტოლფასია, რომ მედიაექსპერტ ალენ შრედერს თუ დავესესხებით, „თანამედროვე ამერიკაში საპრეზიდენტო დებატისთვის თავის არიდება საზოგადოებრივი ნორმების გათელვას ნიშნავს". პოლიტიკური დებატის სპეციფიკა იმითაცაა საყურადღებო, რომ კანდიდატი პირისპირ რჩება თავის ამომრჩეველთან და ვერ იქნება ვერც პარტიული აპარატის და ვერც მრჩეველ-კონსულტანტების იმედად. ანუ, ეს ის ჭეშმარიტების ჟამია, როდესაც მან უნდა წარმოაჩინოს საფუძვლიანი ცოდნა ერის ცხოვრების ყველა საკვანძო საკითხში – საგარეო პოლიტიკიდან დაწყებული, ჯანდაცვისა და სოციალური დაზღვევის კომპლექსური პრობლემებით დამთავრებული.

სატელევიზიო შოუს ელემენტები

საპრეზიდენტო კანდიდატების დებატები აშშ-ში, როგორც წესი, უზარმაზარ ტელეაუდიტორიას მოიცავს (სარეკორდო მაჩვენებლად 1980 წელს, კარტერსა და რეიგანს შორის დაპირისპირება ითვლება, რომელიც 100 მილიონმა ამერიკელმა ნახა) და ცხადია, გარკვეულწილად, სპექტაკლის ელემენტებსაც შეიცავს. რიგი ამერიკელი პოლიტოლოგების აზრით, პირველმა „სატელევიზიო პრეზიდენტმა" ჯონ კენედიმ იმთავითვე დასაბამი მისცა ტელესივრცეში ისეთი უნივერსალურად მოთხოვნადი ღირებულებების ჩამოყალიბებას, როგორიცაა ცნობადობა (celebrity), ვიზუალური ეფექტი, პიროვნული განდიდება.

ამერიკული ჟურნალისტიკის ვეტერანი სეიმურ ჰირში ამბობდა, რომ ჰოლივუდის ყოფილმა მოგოლმა, ჯო კენედიმ, შვილის საარჩევნო კამპანიისას იმთავითვე გააკეთა აქცენტი უმცროსი კენედის ქარიზმატულ თვისებებზე: „მას კამპანია უნდა ჩაეტარებინა, როგორც ვარსკვლავს და არა უბრალოდ მორიგ პოლიტიკოსს". შესაბამისად, ტელემაყურებლის მიერ დებატები ხშირად განიხილება, როგორც ერთგვარი სატელევიზიო შოუ, ინტელექტუალური დუელი, სადაც გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს არა პარტიული პროგრამების მიმზიდველობა, არამედ კანდიდატების თავდაჯერებულობა, ენამოსწრებულობა, ტელეგენურობა, ამომრჩევლის დარწმუნების უნარი.

სტრატეგიისა და ტაქტიკის საკითხები

თავისი შეჯიბრებითი არსიდან და სტრუქტურიდან გამომდინარე, სატელევიზიო დებატი კანდიდატის ინდივიდუალურობის, ლიდერის თვისებების გამოვლინების საუკეთესო საშუალებას იძლევა. შესაბამისად, კანდიდატი მუდმივ მცდელობაშია, გააკონტროლოს დებატის პროცესი – საკუთარი ნარატივი, თემატიკის ტონალობა, მოწინააღმდეგის არგუმენტები. დებატებისას წამოჭრილი სავარაუდო საკითხები მან წინასწარ უნდა გათვალოს და მათ ირგვლივ ცოდნის სოლიდური მარაგი გამოამჟღავნოს. კითხვებს უნდა პასუხობდეს თავდაჯერებითა და მზადყოფნით. იყოს კონკრეტული და ამომწურავი. არ იფანტებოდეს და არ იკარგებოდეს საკუთარ რიტორიკაში.

დებატებისას პასუხების ქრონომეტრული შეზღუდვის გამო, დასავლელი პოლიტიკოსები ხშირად ხმარობენ წინდაწინ მომზადებულ მოკლე, სარკასტულ, მწვავე შინაარსის ფრაზებს (ე.წ. one-liners), რომლებიც მაყურებელზე ეფექტის მოხდენისა და მოწინააღმდეგის დესტაბილიზაციისთვისაა გამიზნული. მსგავსი one-liner-ების საუკეთესო მაგალითები ისტორიას შემორჩა და პოლიტოლოგიური ლექსიკონის შემადგენელ ნაწილად იქცა.

იუმორის გრძნობა

ცნობილი ამბავია, რომ ტელევიზიის, როგორც მძაფრი ინტენსივობის მედიუმის, სპეციფიკა ვერ იტანს ეგზალტირებულ, ხმაურიან გამოსვლებს. ამიტომ, დებატებისას განსაკუთრებით ფასობენ მშვიდი, მაგრამ ენაკვიმატი, მოსწრებული სიტყვის მცოდნე პოლიტიკოსები. 1980 წლის საპრეზიდენტო დებატებში „დიდ კომუნიკატორად" წოდებულმა რონალდ რეიგანმა ერთი წინადადებით (ანუ, one-liner-ით) გააცამტვერა მოწინააღმდეგის, ჯიმი კარტერის, რიტორიკის პათოსი, რომელიც სოციალური დაზღვევის პროგრამისადმი რეიგანის მიდგომას აკრიტიკებდა: „უჰ, ისევ ამას აგრძელებთ..." („there you go again"). წინადადებამ წამყვანთა სიცილი და კარტერის სრული დაბნეულობა გამოიწვია.

კენედისა და ნიქსონის ტელედებატები. 1960

ოთხი წლის შემდეგ, ამჯერად უკვე პრეზიდენტის რანგში მყოფი რეიგანის ხანდაზმული ასაკი მისი გაცილებით ახალგაზრდა მეტოქის, უოლტერ მონდეილის კრიტიკის საგნად იქცა. მონდეილის მიერ ამ თემის მორიგმა წამოწევამ პრეზიდენტის ირონიული რეაქცია გამოიწვია: „მე პირობა დავდე, რომ დებატებისას არ შევეხებოდი წლოვანებას. არ მინდა, რომ ჩემი ოპონენტის ახალგაზრდა ასაკი და გამოუცდელობა ჩემ სასარგებლოდ გამოვიყენო..." ბევრის აზრით, სწორედ ამ მოსწრებულმა ხუმრობამ გადაწყვიტა საბოლოოდ რეიგანი-მონდეილის პაექრობის ბედი.

ფორმატი

ამერიკაში, საპრეზიდენტო დებატების ნახევარსაუკუნოვან პრაქტიკაში, მათი ფორმატი და წარმართვის წესი რამდენჯერმე შეიცვალა. თავდაპირველ ე.წ. პრესის პანელს (Press panel), რაც გულისხმობდა 3-4 წამყვანს ცარიელ, მაყურებლისგან თავისუფალ სტუდიაში, თანდათანობით ჩაენაცვლა ერთადერთი წამყვანისგან (მოდერატორი) და დამსწრე პუბლიკისგან შემდგარი ფორმატი (ამ ვარიანტს ამერიკაში უწოდებენ Town Hall Debates, ვინაიდან პირველად ასეთი ფორმატით დებატი ბილ კლინტონს, ჯორჯ ბუშ-უფროსსა და როს პეროს შორის შედგა ქალაქ რიჩმონდის მერიის შენობაში 1992 წელს). ცხადია, მაყურებლის შერჩევა განსაკუთრებულ სიფრთხილეს უნდა გულისხმობდეს, რათა პარტიული ნიშნით გამორჩეულმა „ენთუზიასტებმა" ადგილიდან წამოძახილებით ქაოსი არ შეიტანონ დებატის მსვლელობაში. სამაგიეროდ, მსგავსი ფორმატი ავსებს სიცარიელეს, სტიმულს მატებს გამომსვლელ კანდიდატებს, რადგან ამ შემთხვევაში ისინი მიმართავენ არა ტელეკამერას, არამედ უშუალოდ ამომრჩეველს.

აქვს თუ არა დებატებს გავლენა საბოლოო რეზულტატზე?

ამ კითხვაზე ცალსახა პასუხი არ არსებობს, თუმცა უშუალოდ დებატების შემდეგ ჩატარებული გამოკითხვები გარკვეულწილად გვიჩვენებენ რეიტინგულ ცვლილებებს. და მაინც, საყოველთაოდ გავრცელებული აზრით, სატელევიზიო დებატებმა აშკარად იქონიეს გავლენა კენედი-ნიქსონის დაპირისპირების შედეგზე. საინტერესოა, რომ 1960 წლის 26 სექტემბერს ჩიკაგოში შემდგარი პირველი და ისტორიული დებატი უმსხვილესი კორპორაციების, ABC-ის და NBC-ის მიერ გადაიცა როგორც ტელე, ასევე რადიომაუწყებლობით. რადიომსმენელებში ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, პრეზიდენტობის ორივე კანდიდატმა დაახლოებით თანაბარი რეზულტატი აჩვენა. სამაგიეროდ, ტელემაყურებელთა ვერდიქტი ერთმნიშვნელოვანი გახლდათ: კენედიმ ნიქსონი დაჯაბნა.

კენედი-ნიქსონის დებატებისადმი მიძღვნილ კვლევებში ანალიტიკოსები ჩვეულებრივ მიდიან დასკვნამდე – ნიქსონის (რომელიც დებატებამდე უსწრებდა კენედის რეიტინგით) მარცხის მიზეზი მის არასათანადო მომზადებაში, ასევე არატელეგენურობაში უნდა ვეძებოთ. ნიქსონის წინააღმდეგ იმუშავა ცალკეულმა დეტალებმაც: ერთი ის, რომ ახირება გამოიჩინა და იუარა მაკიაჟი, რის შედეგად რესპუბლიკელთა კანდიდატი ეკრანზე ფერმკრთალი და ცუდად გაპარსული გამოჩნდა. მეორეც, შავ-თეთრი ტელევიზიის პირობებში, ღია ნაცრისფერ კოსტიუმში გამოწყობილი ნიქსონი სრულიად დაიკარგა ტელესტუდიის ნაცრისფერივე დეკორაციის ფონზე. სამაგიეროდ, მუქი ფერის, უზადო კოსტიუმში მყოფი კენედი თავისი თანდაყოლილი ელეგანტურობის წყალობით შესანიშნავად ჩაეწერა სატელევიზიო სპეციფიკაში.

ტელედებატების ქართული გამოცდილება

არავითარი სიახლე და დროის ფუჭი ხარჯვა – ასე შეგვიძლია დავახასიათოთ საზოგადოებრივ მაუწყებელზე 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისადმი მიძღვნილი პოლიტიკური დებატები. ამ „ივენთის" სრულიად ბიუროკრატიული სახელწოდება („დებატები კვალიფიციური პოლიტიკური სუბიექტების პირველ ნომრებს შორის"), უკვე ინტრიგისა და ემოციის ყველანაირ იმედს სპობდა. წამყვანის ცნობით, USAID-ისა და „ექსპერტთა" (რომელ ექსპერტთა?!) რეკომენდაციების მიხედვით" შემუშავებული ფორმატი გულისხმობდა ცარიელ, უსიცოცხლო სტუდიაში „პოლიტიკური სუბიექტების" წარმომადგენლების თავშეყრას. მათ სამიოდე წუთის განმავლობაში უნდა ეპასუხათ მოდერატორის შეკითხვებზე. სწორედ ეს ქრონომეტრაჟი წარმოადგენდა მოდებატეთა ძირითად პრობლემას: ისინი ან ვერ ეტეოდნენ გამოყოფილ დროში და გამყინავი სიგნალის მსხვერპლად გვევლინებოდნენ, ანდაც დროზე ადრე ამთავრებდნენ პასუხს და უხერხული ღიმილით ელოდებოდნენ, თუ როდის გაისმებოდა ამ უსიამოვნო, მაკონტროლებელი ზარის ხმა.

კარტერისა და რეიგანის ტელედებატები. 1980

ასევე ინტრიგას მოკლებული და უღიმღამო იყო ორივე დებატისას გაჟღერებული რიტორიკა: „ბევრია გაკეთებული, მაგრამ კიდევ ბევრია გასაკეთებელი" (ვ. მერაბიშვილი და დ. ბაქრაძე), „ნაციონალებმა ახალი ხელშეკრულება დადეს მოსახლეობასთან, ხოლო ძველი დაპირებები არ შეასრულეს" (გ. თარგამაძე), „ჩვენ დავამსხვრევთ ე.წ. ბიუჯეტს, ანუ ხალხის ქონების მიმთვისებელთა ქისას" (შ. ნათელაშვილი), „გახდა თქვენი ცხოვრება ისეთი, როგორსაც 9 წლის წინ გპირდებოდნენ?" (კ. კალაძე) და ა.შ. წარმოდგენილი ფორმატი პრაქტიკულად არ ითვალისწინებდა პოლიტიკოსებს შორის სიტყვიერ პაექრობას, იდეებისა და პოზიციების ისეთ ჭიდილს, რომლებსაც ჩვეულებრივ ვხვდებით ხოლმე სხვა ტიპის თოქ-შოუებში.

შალვასეული „სპექტაკლი"

ერთადერთი მოპაექრე, რომელსაც მეტ-ნაკლები სიხალისე და სპონტანურობა შეჰქონდა დებატების მსვლელობისას, ისევ და ისევ მრავლისმნახველი შალვა ნათელაშვილი გახლდათ. ძველმა ლეიბორისტმა ჩვეული კლოუნადის ელემენტებით გააჯერა საკუთარი პროგრამა: ჯერ იყო და, მიზანში ამოიღო დებატებზე არგამოცხადებული, „ჯავშან-აკვარიუმში შეკეტილი" ბიძინა ივანიშვილი, ვის ცარიელ სავარძელზეც პინგვინის („იმ პინგვინის, რომლის შენახვაც ჭორვილაში 18 მილიონი ჯდება") სურათის დადება მოითხოვა, შემდეგ კი ტრადიციულად გადაწვდა მიხეილ სააკაშვილს, რომელმაც „თავის მოგზაურობებში გადაწვა ყველანაირი თვითმფრინავის სპიდომეტრი. ის ხალხის ფულს ხარჯავს იმაში, რომ თავისი ბებია წარუდგინოს ხან კუვეიტის შეიხს და ხან იაპონიის იმპერატორ ხიროხიტოს...". თუმცა, 2012 წლის არჩევნებში ლეიბორისტების მიერ ნაჩვენებმა სუსტმა შედეგმა (1,24%) ცხადყო, რომ საარჩევნო დისკურსის გადამეტებულ თეატრალიზებას, პოპულიზმს, მსმენელის ეპატაჟზე გათვლილ გამოსვლებს მეტწილად უარყოფითი შედეგი მოაქვს.

რას ველოდოთ 2013 წლის დებატებისგან?

ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატთა მოწინავე ხუთეულიდან (მარგველაშვილი, ბაქრაძე, ბურჯანაძე, ნათელაშვილი, თარგამაძე), შესაძლოა, წარმოიშვას არაფორმალური ჯგუფები, რომლებიც დებატებისას უნებლიე ალიანსებს შემოგვთავაზებენ. მაგალითად, მარგველაშვილისა და ბურჯანაძის მოსალოდნელი სამიზნე იქნება ბაქრაძე, რომელსაც „მოძალადე რეჟიმის 9-წლიან ნგრევასა და საყოველთაოდ დამკვიდრებულ ტერორში" დაადანაშაულებენ. ნათელაშვილი, თარგამაძე და თავად ბაქრაძე, სავარაუდოდ, რიტორიკას ააგებენ ქართული ოცნების ფუჭ დაპირებებსა და რუსეთთან გადატვირთვის ხარვეზებზე. თუმცა, ალბათ, არც ქ-ნი ბურჯანაძე დააკლებს კრიტიკას სახელისუფლებო ფავორიტ მარგველაშვილს „უსუსური კოჰაბიტაციის გამო". ყოველგვარ ეჭვს გარეშე, „ლედი ნინო" ზედმიწევნით რადიკალური იქნება „სამართლიანობის აღდგენის" მოთხოვნით – ესაა ის ძირითადი კოზირი, რითაც ელექტორატის ყველაზე შეურიგებელი ნაწილის გულის მოგებას შეეცდება. ხოლო დავით ბაქრაძის უშუალო სამიზნეები, სავარაუდოდ, ბ-ნი მარგველაშვილი და ქ-ნი ბურჯანაძე იქნებიან, რომელთა პოზიცია აგვისტოს ომთან დაკავშირებით („მთავარი დამნაშავე სააკაშვილია") წარმოშობს კონფლიქტის „კოსოვოიზაციის" პირდაპირ ხიფათს (რა უფლებით ვთხოვთ დასავლეთს ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერას, თუკი ჩვენვე ვამბობთ, რომ კონფლიქტი ქართულმა მხარემ დაიწყო? თუ ეს ასეა, ცხინვალის სეპარატისტული ხელისუფლება „მსხვერპლი" ყოფილა და საერთაშორისო თანამეგობრობის დაცვას საჭიროებს) და, ამდენად, საოცნებო არგუმენტს აძლევს რუსეთის ფედერაციისა და სეპარატისტული ტერიტორიების მესვეურებს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

VIDEO: რუსი ჟურნალისტი, ალეკსანდრ ნევზოროვი განდაგანას ფონზე მაისურს GEORGIA-ს აწერს

კომენტარები