საზოგადოებრივი მაუწყებელი

საზოგადოებრივი მაუწყებელი ენმ-ის საარჩევნო რგოლებს ეთერში განათავსებს

პირველი არხი

საზოგადოებრივი მაუწყებელი ნაციონალური მოძრაობის მიერ წარმოდგენილ ვიდეორგოლებს სატელევიზიო ეთერში უცვლელი სახით განათავსებს. როგორც მაუწყებლის გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მოქმედი კანონმდებლობით, საზოგადოებრივი მაუწყებელი არ აგებს პასუხს წინასაარჩევნო რეკლამის შინაარსზე და მასზე პასუხისმგებლობა ეკისრება შესაბამისი რეკლამის დამკვეთს.

"წინასაარჩევნო რეკლამის განთავსების მიზნით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ საზოგადოებრივ მაუწყებელში წარმოდგენილ ვიდეორგოლებთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებული კომენტარების და განცხადებების პასუხად, სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებელი კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ საარჩევნო სუბიექტის მიერ წარმოდგენილი სარეკლამო ვიდეორგოლი უნდა პასუხობდეს საქართველოს ორგანული კანონის "საქართველოს საარჩევნო კოდექსის" მე-2 მუხლის "ჯ" პუნქტის და "მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლის “ჰ 14“ პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს. შესაბამისად, სსიპ "საზოგადოებრივი მაუწყებელი" წინასაარჩევნო რეკლამის ეთერში განთავსების მიზნით, ვიდეორგოლების შემოწმებისას ხელმძღვანელობს ხსენებული საკანონმდებლო აქტებით. მიუხედავად იმისა, რომ წარმოდგენილ ვიდეორგოლებში მკაფიოდ არ იყო იდენტიფიცირებული საარჩევნო სუბიექტი, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებელი არ აგებს პასუხს წინასაარჩევნო რეკლამის შინაარსზე და მასზე პასუხისმგებლობა ეკისრება შესაბამისი რეკლამის დამკვეთს. შესაბამისად, იმისათვის, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უზრუნველყოს საკუთარი საქმიანობის განხორციელებისას დამოუკიდებლობა, სამართლიანობა და მიუკერძოებლობა, ასევე სახელისუფლებო, პოლიტიკური გავლენისაგან თავისუფლება, საზოგადოებრივი მაუწყებელი უცვლელი სახით განათავსებს სატელევიზიო ეთერში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ წარმოდგენილ ვიდეორგოლებს.
აქვე, საზოგადოებრივი მაუწყებელი კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ სუბიექტს, წინასაარჩევნო სარეკლამო რგოლის წარმოდგენისას დაიცვას ორგანული კანონის
საქართველოს საარჩევნო კოდექსის და მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნები", - ნათქვამია მაუწყებლის განცხადებაში.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ინფორმაციით, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა პარტიას წინასაარჩევნო სარეკლამო რგოლის განთავსებაზე უარი უთხრა. საზოგადოებრივი მაუწყებლის განმარტებით კი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წინასაარჩევნო სარეკლამო ვიდეორგოლები საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს არ პასუხობს.

კომენტარები