ციხის მაყურებლები

პატიმრის ცოლი: ჩემს მეუღლეს ე.წ. მაყურებლებმა 1 000 ლარი გამოსძალეს

პატიმარ ზვიად თაგვიაშვილის ცოლის ინფორმაციით, მის მეუღლეს ე.წ. მაყურებლებმა 1000 ლარი გამოსძალეს. ამის შესახებ რიმა ბურჯანაძემ დღეს, ნაციონალური მოძრაობის ოფისში, საპარლამენტო უმცირესობის წევრ აკაკი მინაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ მისი მეუღლე სასჯელს რუსთავის მე-17 დაწესებულებაში იხდის.

"ე.წ. მაყურებლებმა დანით დაუსერეს ფეხები, სიგარეტი დააწვეს მხარზე და 1000 ლარის ჩარიცხვა მოსთხოვეს. 21 აგვისტოს დამირეკა მეუღლემ, რომ ჩამერიცხა 1000 ლარი ვინმე ირაკლი გულბანისთვის. მე ჩავურიცხე და მაქვს ქვითრებიც, რაც ადასტურებს, რომ ეს თანხა მაყურებელს ჩაერიცხა. ამაზე პასუხისმგებლობას სასჯელაღსრულების მინისტრს ვაკისრებ", - განაცხადა რიმა ბურჯანაძემ.

უმცირესობის წევრის აკაკი მინაშვილის შეფასებით კი, სასჯელაღსრულების სამინისტრო ციხეებში შექმნილ მდგომარეობაზე არ რეაგირებს.

"რამდენიმე კვირის წინ ჩვენ ჩავატარეთ ბრიფინგი, სადაც საუბარი იყო, თუ როგორ მართავდნენ კრიმინალური ავტორიტეტები საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებს და როგორ არის ეს მართვა შეთანხმებული ციხის ადმინისტრაციასთან. ნაცვლად იმისა, რომ სასჯელაღსრულების სამინისტროსა და დეპარტამენტს რეაგირება მოეხდინათ, ჩავარდნენ ისტერიკაში და დაიწყეს თავის მართლება", - აღნიშნა მინაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 22 აგვისტოს ნაციონალურმა მოძრაობამ კრიმინალური ავტორიტეტების მხრიდან სასჯელაღსრულების დაწესებულებების მართვის სქემა გამოაქვეყნა. სასჯელაღსრულების მინისტრმა სოზარ სუბარმა კი საპასუხოდ განაცხადა, რომ ციხეებში ე.წ. მაყურებლის ინსტიტუტი ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს გაძლიერდა.

 

კომენტარები