ჯანდაცვა

სუბარი: C ჰეპატიტის სამკურნალო წამლის გაიაფებისკენ დიდი ნაბიჯი გადაიდგა

სოზარ სუბარი
Georgian Times

C ჰეპატიტის წინააღმდეგ ბრძოლის პროგრამა საბოლოო ფაზაშია. სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის, სოზარ სუბარის განცხადებით, მთავრობამ ტენდერის გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. ტენდერში მონაწილე კომპანიები ვალდებულებას იღებენ, C ჰეპატიტით დაავადებული მოსახლეობისთვის (დაახლოებით 10 000 ადამიანი) მედიკამენტები იმავე ფასად გაყიდონ, რაც პატიმრების ინექცია ჯდება.  

"რომ იცოდეთ რაზეა საუბარი და რამხელა გარღვევა არის, გეტყვით, რომ ამ წუთში, ერთი წამალი, ერთი ინექცია 235 დოლარი ღირს, ხოლო ტენდერის საწყისი ფასი არის 109 დოლარიდან და ქვემოთ. დიდი იმედი გვაქვს, რომ 100 დოლარს ჩამოსცდება. ანუ დაახლოებით ორი მესამედით იკლებს C ჰეპატიტის სამკურნალო პრეპარატის ფასი სამოქალაქო საზოგადოებისთვის. ეს არის მართლა გარღვევა იმიტომ, რომ დაახლოებით 10-15 წელია C ჰეპატიტის ძალიან სწრაფი გავრცელება დაიწყო და ახლა გადავდივართ იმ ფაზაში, რომ დაახლოებით 1-2 წელიწადში ეს იქცევა მასობრივ, ეროვნულ უბედურებად,  ეს არის არა მხოლოდ მკურნალობა იმ ხალხისთვის ვისაც ეს დაავადება აქვს, არამედ ბარიერია მისი გავრცელების შესაჩერებლად", - განაცხადა სუბარმა. 

მანვე აღნიშნა, რომ ამ საკითხზე საბოლოო პასუხი დაახლოებით 20 დღეში იქნება ცნობილი და იმედი გამოთქვა, რომ პრეპარატის ფასი 100 დოლარს ჩამოსცდება. 

კომენტარები