მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე

თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე ფასიანი გახდა

tbilisi.gov.ge

თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში მოსწავლეებისთვის რეგისტრაცია ფასიანი გახდა. დირექტორის , ქეთევან ფეიქრიშვილის თქმით, სასახლეში არსებულ წრეებზე ჩასარიცხად და სარეგისტრაციოდ მშობელს 50 ლარის გადახდა მოუწევს. აღნიშნული თანხიდან 20 ლარს სასურველი წრის არჩევისთანავე გადაიხდიან, ხოლო დანარჩენ 30 ლარს ეტაპობრივად სასწავლო წლის განმავლობაში.

სასახლეში მეორე შვილის მიყვანის შემთხვევაში, გადასახადი 50 პროცენტით შემცირდება, მესამე შვილი კი უფასოდ ისწავლის. შეღავათები ვრცელდება ტყუპებზეც. ფეიქრიშვილის ინფორმაციით, რეგისტრაციიდან შემოსული თანხა პედაგოგთა ხელფასებს მოხმარდება.

ქეთევან ფეიქრიშვილის თქმით, რეგისტრაციაზე და რამდენიმე წრეზე საფასურის დაწესება მწირმა სახელმწიფო ბიუჯეტმა გამოიწვია, რომლის როდენობა ყოველწიურად 1 500 000 ლარია. თანხას სასახლე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროდან იღებს.

"ვინაიდან ჩვენ ვართ სსიპი სახელმწიფომ დაგვაკისრა ის ვალდებულება, რომ გარდა საბიუჯეტო სახსრებისა, ჩვენ გარკვეულწილად, უნდა მოვახერხოთ და მოვიპოვოთ თანხები სხვადასხვა მიმართულებიდან. მათ შორის არის ერთ-ერთი მშობლის მხრიდან თანადაფინანსება", - ამბობს ფეიქრიშვილი. მან ასევე აღნიშნა, რომ ქორეოგრაფიის, ვოკალის, სახვითი ხელოვნების, ჭადრაკისა და კალათბურთის წრეებზე სწავლის ყოველთვიური გადასახადი - 50 ლარი დადგინდა.

აღნიშნულ ცვლილებასთან დაკავშირებით, მშობლები ამბობენ, რომ თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე მათთვის დიდი შეღავათი იყო, რადგან ბავშვები სახელოვნებო თუ შემეცნებით დისციპლინებს უფასოდ სწავლობდნენ.

თავის მხრივ, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის პედაგოგთა ნაწილი გადასახადის დაწესებით უკმაყოფილოა. მათი თქმით, დირექტორის მიერ დანიშნულ თათბირებზე მხოლოდ ახალი კადრები ხვდებიან.

კომენტარები