Heritage Foundation

მსოფლიოს ეკონომიკური თავისუფლება უარესდება

Heritage Foundation

მსოფლიოში ეკონომიკური თავისუფლება მცირდება. ასეთ დასკვნას აკეთებს საერთაშორისო ფონდის Heritage ყოველწლიური ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი. ამ კვლევას ფონდი 1995 წლიდან რეგულარულად აქვეყნებს. 2013 წლის რეიტინგი სულ 177 ქვეყანას აფასებს, რომლებიც 6 რეგიონში ნაწილდება. ყველაზე წარმატებული რეგიონებია ჩრდილოეთ ამერიკა და ევროპა, ხოლო ყველაზე წარუმატებელი რეგიონია სუბ საჰარული აფრიკა.

ჩრდილოეთ ამერიკა

2013 წლის ინდექსში ეკონომიკურად ყველაზე თავისუფალი რეგიონი ჩრდილოეთ ამერიკის რეგიონია. წინა წელთან შედარებით ამ რეგიონმა ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი 0.3 ქულით გააუმჯობესა. ყველაზე დიდი გარღვევა ეკონომიკური თავისუფლების კუთხით აჩვენა მექსიკამ, რამაც დააბალანსა ეკონომიკური თავისუფლების მაჩვენებლის უმნიშვნელო ვარდნა კანადასა და შეერთებულ შტატებში. კანადა 2010 წლიდან ინარჩუნებს რეგიონში ეკონომიკურად ყველაზე თავისუფალი ქვეყნის სტატუსს. ჩრდილოეთ ამერიკის რეგიონს ჰყავს მეტწილად თავისუფალი ეკონომიკის მქონე ქვეყნის სტატუსის მატარებელი ორი ქვეყანა - კანადა და შეერთებული შტატები და ერთი ნაწილობრივ თავისუფალი ეკონომიკის მქონე ქვეყანა - მექსიკა.

ჩრდილოეთ ამერიკის რეგიონის ძლიერი მხარეებია კანონის უზენაესობა, ეფექტიანი რეგულირება და ღია ბაზრები. ყველა ამ კომპონენტის მიხედვით, რეგიონის მაჩვენებლები მსოფლიო საშუალო მაჩვენებელზე მაღალია. რეგიონის სუსტი მხარეებია ზოგადად მთავრობის ზომა, განსაკუთრებით, ფისკალური თავისუფლება და სახელმწიფო ხარჯების მენეჯმენტი. წინა წელთან შედარებით, რეგიონმა გაზარდა საინვესტიციო თავისუფლება, ვაჭრობის თავისუფლება და შეამცირა სახელმწიფო ხარჯების მოცულობა. ამასთან, გაუარესდა ბიზნესისა და მონეტარული თავისუფლების ხარისხი.

ევროპა

ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგში ევროპის რეგიონი ჩრდილოეთ ამერიკის შემდეგ, მეორე ადგილზეა. 2013 წლის ინდექსში ევროპის რეგიონმა წინა წელთან შედარებით ყველაზე დიდ გაუმჯობესებას მიაღწია. ამ გაუმჯობესების დიდი წილი საქართველოზე მოდის. Heritage Foundation საქართველოს აფასებს, როგორც ქვეყანას, რომელმაც წინა წელთან შედარებით ყველაზე მეტად გაზარდა ეკონომიკური თავისუფლების ხარისხი. ამ მაჩვენებლის მიხედვით, საქართველო ევროპის რეგიონში მე-11 ადგილზე იმყოფება. საქართველოსთან ერთად, ასევე მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია კიდევ ორმა ევროპულმა ქვეყანამ - პოლონეთმა და ესტონეთმა.

საქართველო, ნორვეგია და ჩეხეთის რესპუბლიკა, 2013 წლის ინდექსის მიხედვით, მეტწილად თავისუფალი ქვეყნების ჯგუფში გადავიდა. კვიპროსმა ერთი პუნქტით უკან დაიხია და ნაწილობრივ თავისუფალი ეკონომიკის მქონე ქვეყნების ჯგუფში მოხვდა. იტალია კიდევ ერთი ევროპული ქვეყანაა, რომელმაც, საქართველოს მსგავსად, ერთი წლის შემდეგ ისევ დაიბრუნა თავისი ადგილი მეტწილად თავისუფალი ეკონომიკის მქონე ქვეყნების ჯგუფში.

სულ, ეკონომიკური თავისუფლება მნიშვნელოვნად გაიზარდა ევროპის 32 ქვეყანაში, ხოლო შემცირდა მხოლოდ 9 ქვეყანაში. ევროპის რეგიონს თავისუფალი ეკონომიკის სტატუსის მქონე ერთი ქვეყანა - შვეიცარია ჰყავს. 43 ევროპული ქვეყნის დაახლოებით 81% ან ნაწილობრივ თავისუფალი ან მეტწილად თავისუფალი ეკონომიკის მქონე ქვეყნების ჯგუფშია. ევროპის რეგიონის ორი ქვეყანა - უკრაინა და ბელარუსი - რეპრესირებული ეკონომიკის მქონე ქვეყნების ჯგუფში ხვდება. ამ ორი ქვეყნის ეკონომიკური თავისუფლების მაჩვენებელი 50 ქულაზე ნაკლებია.

ჩრდილოეთ ამერიკის რეგიონის მსგავსად, ევროპის რეგიონის ძლიერი მხარეებია კანონის უზენაესობა, ეფექტიანი რეგულირება და ღია ბაზრები. ყველაზე სუსტი მხარეები ევროპისთვის ფისკალური თავისუფლება და სახელმწიფო ხარჯების მენეჯმენტია. ამ კომპონენტის მიხედვით, ევროპის საშუალო ქულა მსოფლიო საშუალო მაჩვენებლს 20 ქულით ჩამოუვარდება. ფისკალური თავისუფლების კუთხით, ევროპა მსოფლიო საშუალო მაჩვენებელს 5 ქულით ჩამორჩება.

სუბ-საჰარული აფრიკა

2013 წლის ინდექსის მიხედვით, სუბ-საჰარული აფრიკა ეკონომიკურად ყველაზე ნაკლებად თავისუფალია. წინა წელთან შედარებით, რეგიონის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი 0.1 ქულით გაუარესდა.

სხვა რეგიონებისგან განსხვავებით, ამ რეგიონში თავისუფალი ეკონომიკის მქონე ქვეყნების ჯგუფი არ არსებობს - არჩევანის გაკეთება შესაძლებელია მხოლოდ იმის მიხედვით, თუ რომელი ქვეყანაა ნაკლებ შეზღუდული ეკონომიკური თავისუფლების თვალსაზრისით. სუბ-საჰარული აფრიკის რეგიონის ქვეყნების უმეტესობა ხვდება ან მეტწილად არათავისუფალი ეკონომიკის მქონე ქვეყნების ან რეპრესირებული ეკონომიკის მქონე ქვეყნების ჯგუფში. 2013 წლის ინდექსის მიხედვით, მსოფლიოში სულ 33 ისეთი ქვეყანაა, რომლის ეკონომიკაც რეპრესირებულია, 15 მათგანი კი სუბ-საჰარული აფრიკის რეგიონშია თავმოყრილი.

ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მიხედვით განსაზღვრული 10 კომპონენტიდან, 7 კომპონენტში სუბ-საჰარული აფრიკის რეგიონის მაჩვენებლები ყველაზე დაბალია. ერთადერთი მაჩვენებელი, რომელიც ამ რეგიონში მსოფლიო საშუალო მაჩვენებელზე უფრო მაღალია, სახელმწიფო ხარჯების მენეჯმენტია. თუმცა მეორე მხრივ, ფისკალური თავისუფლება რეგიონში გაცილებით უფრო შეზღუდულია, ვიდრე საშუალოდ მთელ მსოფლიოში. ბიზნესის თავისუფლების მხრივ, რეგიონი დანარჩენ მსოფლიოს საშუალოდ13 ქულით, ხოლო კერძო საკუთრების დაცულობისა და კორუფციისგან თავისუფლების კუთხით, 10 ქულით ჩამორჩება. 2013 წლის ინდექსის მიხედვით, რეგიონში ასევე მნიშვნელოვნად არის შეზღუდული შრომის თავისუფლება.

სხვა რეგიონები

შუა აღმოსავლეთის/ჩრდილოეთ აფრიკის, სამხრეთ და ცენტრალური ამერიკის/კარიბის, აზია-წყნარი ოკეანეთის რეგიონებიდან ყველაზე საინტერესო ბოლო რეგიონია. ეს რეგიონი საინტერესოა იმით, რომ ეკონომიკური თავისუფლების თვალსაზრისით აქ ქვეყნები ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდებიან. ამ რეგიონში თავს იყრის მსოფლიოში ეკონომიკურად თავისუფალი ქვეყნების ტოპ ათეულში შემავალი 4 ქვეყანა - ჰონგ კონგი, სინგაპური, ავსტრალია და ახალი ზელანდია და ასევე, თურქმენეთი და ბურმა, რომლებიც რეპრესირებული ეკონომიკის მქონე ქვეყნების ჯგუფს მიეკუთვნებიან. ასეთი ჯგუფების მიხედვით, აზია-წყნარი ოკეანეთის რეგიონი ყველაზე მრავალფეროვანია. ამ რეგიონშია შრი ლანკაც - მსოფლიოში მესამე ქვეყანა, რომელმაც 2013 წლის ინდექსში მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი და სამოაც - მსოფლიოში მეორე ქვეყანა, რომელმაც მნიშვნელოვნად გააუარესა იგივე მაჩვენებელი.

ყველა ამ რეგიონში მეტ-ნაკლებად პრობლემურია კერძო საკუთრების დაცულობა, კორუფციისგან თავისუფლება, მონეტარული, საინვესტიციო და ფინანსური თავისუფლება.

ეკონომიკური თავისუფლების მნიშვნელობა

საერთაშორისო ფონდის Heritage კვლევები აჩვენებს, რომ ეკონომიკური ზრდის შენარჩუნება მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი ხანგრძლივი დროით, როცა ეკონომიკური სისტემა ინდივიდის არჩევანს სცემს პატივს და მასში მთავრობის ჩარევა მინიმუმამდე არის დაყვანილი. ეკონომიკური თავისუფლების პირობებში ინდივიდებს მეტი შესაძლებლობა აქვთ საკუთარი ყოველდღიური ცხოვრება დამოუკიდებლად გააკონტროლონ. ამდენად, ეკონომიკური თავისუფლება ხელს უწყობს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასაც.

კომენტარები