ციხის მაყურებლები

სასჯელაღსრულების სამინისტრო: პატიმარი თაგვიაშვილი ადმინისტრაციას ევაჭრებოდა

http://www.mcla.gov.ge/

სასჯელაღსრულების სამინისტრო რუსთავის მე-17 დაწესებულების პატიმარ ზვიად თაგვიაშვილის მეუღლეს რიმა ბურჯანაძეს პასუხობს. სამინისტროს განცხადებით, თაგვიაშვილი და მისი მეუღლე ფულის გამოძალვაზე საუბრობენ, თუმცა ისინი გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარს ამბობენ. სასჯელაღსრულების სამინისტრო აღნიშნავს იმასაც, რომ თაგვიაშვილისა და მისი მეუღლის მხრიდან დასახელებული გამომძალველთა გვარები ერთმანეთს არ ემთხვევა.

"ჩვენების მიცემის სანაცვლოდ, თაგვიაშვილი რომელიმე დაწესებულების სამეურნეო ნაწილში დასაქმებას ითხოვდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, იმუქრებოდნენ, რომ საქმეში ჩართავდნენ პოლიტიკოსებს, პრესას, არასამთავრობო ორგანიზაციებს და სამინისტროს დისკრედიტაციას მოახდენდნენ. 30 აგვისტოს მან განცხადება დაწერა, რომ სამეურნეო ნაწილში ჩარიცხვამდე, გამოძიებას ჩვენებას არ მისცემდა. თაგვიაშვილი ადმინისტრაციას სამი დღის განმავლობაში ევაჭრებოდა. სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა მიიღო გადაწყვეტილება მისი #6 დაწესებულებაში გადაყვანისა და სამეურნეო ნაწილში დასაქმების შესახებ, თუმცა დაწესებულებაში მყოფმა მსჯავრდებულებმა თაგვიაშვილის გადაყვანის შეტყობისთანავე, მისი სამეურნეო ნაწილში დასაქმებაზე უარი განაცხადეს და დაწესებულების ადმინისტრაციას შესაბამისი განცხადებით მიმართეს. ადმინისტრაციამ მსჯავრდებულების მოთხოვნა გაითვალისწინა და თაგვიაშვილი სამეურნეო ნაწილში აღარ დაასაქმა. მსჯავრდებული დაწესებულებაში დატოვეს, სადაც ის იზოლირებულია და მისი უსაფრთხოება უზრუნველყოფილია", - აცხადებს სამინისტრო და აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულ თაგვიაშვილის მეუღლემ ამ ფაქტის შესახებ მედიას პირველად 5 სექტემბერს, მას შემდეგ შეატყობინა, რაც მსჯავრდებულის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა და სამეურნეო ნაწილში ვერ დასაქმდა.

"1977 წელს დაბადებული ზვიად თაგვიაშვილი სასჯელს ყაჩაღობისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთისთვის იხდის. მან მოქალაქეს მანქანა გასტაცა, რომელიც მოგვიანებით, 1300 დოლარად გაყიდა. მოქალაქეს აღნიშნული ქმედებით 8595 ლარის ზარალი მიადგა. მსჯავრდებული ხშირად მანიპულირებს თვითდაზიანებებით, არაერთხელ დაიჭედა სასქესო ორგანოები. ხასიათდება, როგორც კონფლიქტური პიროვნება. აქვს მუდმივი კონფლიქტი სხვა მსჯავრდებულებთან, მასთან კონტაქტს ვერავინ ახერხებს, სწორედ ამიტომ, მსჯავრდებულებს არ სურდათ მისი მომსახურე პერსონალში ჩარიცხვა. თაგვიაშვილის წინააღმდეგ ათეულობით მსჯავრდებულის საჩივარია დაწერილი.
თაგვიაშვილის განცხადებაზე უკვე დაწყებულია გამოძიება" - აცხადებს სასჯელაღსრულების სამინისტრო და აღნიშნავს, რომ მსგავსი მუქარებით მანიპულირებას ვერავინ შეძლებს.

პატიმარ ზვიად თაგვიაშვილის ცოლის ინფორმაციით, მის მეუღლეს ე.წ. მაყურებლებმა 1000 ლარი გამოსძალეს. ამის შესახებ რიმა ბურჯანაძემ დღეს, ნაციონალური მოძრაობის ოფისში, საპარლამენტო უმცირესობის წევრ აკაკი მინაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ მისი მეუღლე სასჯელს რუსთავის მე-17 დაწესებულებაში იხდის.

"ე.წ. მაყურებლებმა დანით დაუსერეს ფეხები, სიგარეტი დააწვეს მხარზე და 1000 ლარის ჩარიცხვა მოსთხოვეს. 21 აგვისტოს დამირეკა მეუღლემ, რომ ჩამერიცხა 1000 ლარი ვინმე ირაკლი გულბანისთვის. მე ჩავურიცხე და მაქვს ქვითრებიც, რაც ადასტურებს, რომ ეს თანხა მაყურებელს ჩაერიცხა. ამაზე პასუხისმგებლობას სასჯელაღსრულების მინისტრს ვაკისრებ", - განაცხადა რიმა ბურჯანაძემ.

კომენტარები