ბაჩო ახალაიას საქმე

პროკურატურა - მამა ნიკოლოზის დაკითხვისას კანონი არ დარღვეულა

საქართველოს პროკურატურა
facebook.com/OfficialPOG

სასჯელაღსრულების №10  დაწესებულების ყოფილი უფროსის და ამჟამად მღვდლის, თემურ ტაბაღუას (მამა ნიკოლოზი) დაკითხვისას საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნები არ დარღვეულა  - ამის შესახებ განცხადება საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გაავრცელა.

"2013 წლის 13 აგვისტოს ქ.თბილისის პროკურატურის შენობაში იგი იმყოფებოდა დაახლოებით 11 საათის განმავლობაში. მისი დაკითხვა მთლიანობაში გაგრძელდა შვიდ საათს, შუალედში გამოცხადებული იყო საათნახევრიანი შესვენება. დაკითხვის და შესვენების ხანგრძლივობამ მთლიანობაში შეადგინა რვანახევარი საათი. ამასთან, მხედველობაშია მისაღები, რომ დაკითხვის მომზადებას დასჭირდა გარკვეული დრო, როდესაც თ. ტაბაღუა თავად ეცნობოდა წინა დაკითხვების ოქმებს. აღნიშნულის გათვალისწინებით, თ. ტაბაღუას პროკურატურაში ხანგრძლივად ყოფნა საპროცესო კანონმდებლობის დარღვევად ვერ განიხილება", - აღნიშნავენ პროკურატურაში. 

 შეგახსენებთ, რომ მამა ნიკოლოზმა აგვისტოში, ვიდეოჩანაწერი გაავრცელა სადაც ამბობს, რომ პროკურატურაში მისგან არარსებული ფაქტების დადასტურებას ითხოვდნენ და ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ ცრუ ჩვენება მიცემას ითხოვდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში პატიმრობით ემუქრებოდნენ, რის შემდეგაც მან ცრუ ჩვენება მისცა.

 პროკურატურის ინფორმაციით, სხვადასხვა გამოკითხულ პირთა გარდა, აღნიშნული ფაქტი არ დაადასტურა თავად ტაბაღუამ და განმარტა, რომ ვიდეო ჩანაწერში მის მიერ გამოთქმული მოსაზრებები გაზვიადებულია და სცილდება რეალურ ფაქტებს. 
"ტაბაღუას განმარტებით, მას გარკვეული იურიდიული საკითხები არ ესმოდა კარგად, რის გამოც მისი დაკითხვის დროს დასმული საკითხები და იქ განვითარებული მოვლენები აღიქვა ზეწოლად და უკანონობად, თუმცა შემდგომ მომხდარის გაანალიზების შედეგად რეალურად შეაფასა მომხდარი და დაასკვნა, რომ მის მიმართ ზეწოლას ადგილი არ ჰქონია. მისივე განმარტებით, დაკითხვის დროს ეჩვენებოდა, რომ არასწორად ფიქსირდებოდა მისი ჩვენება, სინამდვილეში შინაარსობრივად და აზრობრივად ჩვენება სწორად იყო ჩამოყალიბებული და 2013 წლის 13 აგვისტოს მიცემული ჩვენება სწორია და ასახავს სინამდვილეს", - ნათქვამია განცხადებაში. 

ამასთან, როგორც პროკურატურა აცხადებს, ვიდეო ჩანაწერის გავრცელებასთან დაკავშირებით თ. ტაბაღუამ განმარტა, რომ ჩანაწერი გაკეთდა ბაჩანა ახალაიას ადვოკატების რომეო საჯაიას და გიორგი ონიანის თანდასწრებით, მათივე ოფისში. 

".ტაბაღუა აღნიშნულ ადვოკატებთან მივიდა იურიდიული კონსულტაციის მისაღებად. მათ ურჩიეს სწორედ ამ შინაარსის ვიდეომიმართვის ჩაწერა, რომელსაც გამოიყენებდნენ სასამართლოში. ვიდეო ჩანაწერის საჯარო გავრცელების შესახებ თ. ტაბაღუა ინფორმირებული არ იყო და ამ საკითხზე ადვოკატებთან არ უსაუბრია.
სამსახურებრივი შემოწმებით დადგინდა, რომ თ. ტაბაღუას ბოლო დაკითხვისას არ მიუცია წინა ჩვენებებისაგან არსებითად განსხვავებული ან არსებითად ახალი ჩვენება, არამედ წინა ჩვენებებში მითითებულ გარემოებებთან დაკავშირებით მისცა დაზუსტებული და დეტალური ჩვენება " - ნათქვამია განცხადებაში.

როგორც უწყებაში განმარტავენ, ამ თემაზე სამსახურეობრივი შემოწმება შეწყდა. 

 

კომენტარები