კონფლიქტი სირიაში

დავით ჯალაღანია: ჟენევაში მიღწეული შეთანხმება უპრეცედენტოა

mfa.gov.ge

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება სირიის ქიმიური იარაღის განადგურების შესახებ ჟენევაში მიღწეულ ჩარჩოშეთანხმებას. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ ორშაბათის ტრადიციულ პრესკონფერენციაზე მედიას ამ საკითხზე უწყების განცხადება გააცნო.

"საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება 14 სექტემბერს ჟენევაში მიღწეულ სირიის ქიმიური იარაღის განდგურების შესახებ ჩარჩოშეთანხმებას. აღნიშნული შეთანხმება უპრეცედენტოა, ვინაიდან იგი შესაძლებელს ხდის სირიაში არსებული ქიმიური იარაღის რაოდენობისა და ტიპის ერთობლივ აღრიცხვას და ამისთვის კონკრეტულ და მჭიდრო ვადებს აწესებს. საქართველო განუხრელად უჭერს მხარს მსოფლიოში მასობრივი განადგურების იარაღის განადგურების ზოგად პრინციპებს", - ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.

როგორც ჯალაღანიამ აღნიშნა, ზემოთ ხსენებულ შეთანხმებას გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია გაამყარებს. ქართული მხარე იმედოვნებს, რომ პასუხისმგებელი ყველა მხარე სათანადოდ შეასრულებს შეთანხმებით განსაზღვრულ ვალდებულებებს.

შეგახსენებთ, რომ რუსეთსა და აშშ-ს შორის ჟენევაში მიმდინარე მოლაპარაკები დასრულდა. საბოლოო შეთანხმების თანახმად, 2014 წლის შუამდე სირია ვალდებულია, ქიმიური იარაღი ქვეყნის ტერიტორიიდან გაიტანოს ან გაანადგუროს.

კომენტარები