27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნები

ზურაბიშვილის საინიციატივო ჯგუფი: სასამართლო გვიზღუდავს სამართლებრივ ნაბიჯებს

სალომე ზურაბიშვილი
geworld.ge

სალომე ზურაბიშვილის საინიციატივო ჯგუფი განცხადებას ავრცელებს. მათი შეფასებით, სააპელაციო სასამართლო შეგნებულად აჭიანურებს ორივე ინსტანციის სასამართლო სხდომების აუდიოჩანაწერის და სხდომის ოქმის ჯგუფისთვის გადაცემას.

"ეს გვიზღუდავს შემდგომ სამართლებრივ ნაბიჯებს და არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ სასამართლო არის პოლიტიკურად მოტივირებული.
მოსარჩელე მხარემ 2013 წლის 12 სექტემბერს, ოფიციალური წერილით N3/2461 მიმართა სააპელაციო სასამართლოს, სადაც ვითხოვდით გადმოსაცემად 2013 წლის 6 სექტემბერს 11.00 საათზე პირველი ინსტანციის სასამართლოში ჩატარებული, ზეპირი მოსმენით საქმის განხილვის ამსახველ სხდომის ოქმს, დამოწმებული აუდიოვერსიის და სტენოგრაფის ასლს, თბილისის სააპელაციო სასამართლოში 2013 წლის 10 სექტემბრის 15.00 საათზე ჩატარებული საქმის ანალოგიურ მასალებს, ასევე სააპელაციო პალატის განჩინების დამოწმებულ ასლს.
მოგეხსენებათ საქმის წარმოება არ ითვლება დასრულებულად, სააპელაციო პალატის დასაბუთებული განჩინების მოსარჩელე მხარისთვის ოფიციალურად ჩაბარებამდე", - ნათქვამია განცხადებაში.

საინიციატივო ჯგუფი აღნიშნავს, რომ სასამართლოს განჩინება აუცილებლად გასაჩივრდება სტრასბურგში - ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოში და საქმის პოლიტიკური და სამართლებრივი მოტივებიდან გამომდინარე, შესაძლოა, სასამართლომ მიიღოს გადაწყვეტილება მისი დაჩქარებული წესით განხილვის თაობაზე.

"ამიტომ მოვითხოვთ, სასამართლომ დაუყონებლივ მოგვაწოდოს ჩვენ მიერ მოთხოვნილი საქმის მასალები და მოექცეს კანონის ჩარჩოებში", - აცხადებს სალომე ზურაბიშვილის საინიციატივო ჯგუფი.

შეგახსენებთ, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო კანდიდატად რეგისტრაციაზე უარი ორმაგი მოქალაქეობის გამო უთხრა. ზურაბიშვილმა გადაწყვეტილება ორივე ინსტანციის სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა, როგორც საქალაქო, ისე სააპელაციო სასამართლომ ცესკოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

 

 

კომენტარები