სოციალური დახმარების სისტემა

ბაქრაძე ხელისუფლებას სოციალური დახმარების სისტემის შეცვლისკენ მოუწოდებს

wikipedia.org

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე ხელისუფლებას სოციალური დახმარების სისტემის შეცვლისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, დახმარება არა სარგებლობაში არსებული ქონების, არამედ ოჯახის შემოსავლის მიხედვით უნდა გაიცეს.

ბაქრაძის თქმით, სოციალური დახმარების ახალ სისტემაზე მუშაობა ნაციონალურმა მოძრაობამ შარშან დაიწყო.

"სოციალური დახმარებები შემოვიდა რამდენიმე წლის წინ, ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს. მისი კრიტერიუმი გახლდათ მოსახლეობის საკუთრებაში არსებული ქონება და ქონებრივი კუთვნილებით გამოყვანილი შკალა და ქულები, რაც თავიდანვე წარმოქმნიდა გარკვეულ პრობლემებს. ამიტომ ჩვენ შარშან დავიწყეთ ამ სისტემის შეცვლა და სიიდან გარკვეული საოჯახო ნივთების ამოღება. სისტემა ემზადებოდა რეფორმისთვის და მისი მიზანი იყო, სისტემის გადაყვანა არა ქონებრივ საფუძველზე, არამედ ოჯახის შემოსავალზე - დახმარების გაცემის ამოსავალი წერტილი უნდა იყოს სწორედ შემოსავალი და არა ნივთი, რაც შეიძლება არ ასახავდეს ოჯახის ფინანსურ მდგომარეობას. სამწუხაროდ, წელს ეს მიმართულება შეჩერებულია. ჩვენი ინფორმაციით, დაახლოებით 70 ათასმა მოქალაქემ დაკარგა სოციალური დახმარება, რადგან სამინისტრომ მკაცრად დაიწყო ადმინისტრირება, თავიდან დაიწყო შეფასება, მოხდა ნივთების და ქონების საფუძველზე ქულების აწევა. სწორედ ამიტომ, ვთავაზობ მთავრობას, გააგრძელოს ის რეფორმა, რომელიც შარშან დაიწყო და სოციალური დახმარებები გადავიდეს ქონებრივიდან შემოსავალზე მიბმულ კატეგორიაში", - თქვა ბაქრაძემ. 

დავით ბაქრაძის თქმით, დაინტერესების შემთხვევაში, მზადაა, მთავრობასთან ერთად აღნიშნულ საკითხზე იმსჯელოს . "ახალი ფორმულის ძალიან დიდი ნაწილი დამუშავებული და გამოყვანილია. მზად ვართ, ახალ ხელისუფლებას გავუზიაროთ ეს ფორმულა", - თქვა ბაქრაძემ.

კომენტარები