ავთანდილ ადუაშვილის მკვლელობა

სასამართლომ ადუაშვილის მკვლელობის ფაქტზე ვლადიმერ ქარჩავაც დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ ავთანდილ ადუაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე, კიდევ ერთი ბრალდებულის - ვლადიმერ ქარჩავას მიმართ სისხლის სამართლის საქმის განხილვა დაასრულა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, ქარჩავას ასევე ბრალად ედებოდა ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ასევე ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება.

საქმის მასალების თანახმად, 2012 წლის ოქტომბრის თვეში ვახტანგ ჩხაპელიამ 50 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ, გელა უბილავას შეუკვეთა ადუაშვილის მკვლელობა. ამ უკანასკნელის ორგანიზებით, ვლადიმერ ქარჩავამ და კობა ყურუამ ჯგუფურად განახორციელეს შეკვეთილი მკვლელობა.

ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ვახტანგ ჩხაპელია, გელა უბილავა და კობა ყურუა ავთანდილ ადუაშვილის განზრახ მკვლელობისათვის დამნაშავედ ცნო და მათ მიმართ გამამტყუნებელი ვერდიქტი მიიღო. ბრალდებულებს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. ბრალდებულმა ვლადიმერ ქარჩავამ კი ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომაზე თავი აარიდა სასამართლოში გამოცხადებას, რის გამოც მის მიმართ სისხლის სამართლის საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო.

საქმის არსებითი განხილვისას ბრალდებულმა თავი არ ცნო დამნაშავედ, თუმცა, სასამართლოს ინფორმაციით, ბრალდება დადასტურდა სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ და საქმეში არსებულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით. თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული ვლადიმერ ქარჩავა დამნაშავედ ცნო ადუაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებაში და მას სასჯელის ზომად 20 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. ხოლო, ცეცხლსასროლი იარაღის მისაკუთრების მიზნით, მართლსაწინააღმდეგო დაუფლებისათვის წარდგენილ ბრალდებაში ვლადიმერ ქარჩავა გამართლდა.

სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში.

კომენტარები