ხუდონჰესი

კალაძე: არასამთავრობოთა ნაწილს ქვეყნის ბედი არ აინტერესებს

https://www.facebook.com/kakhakaladzeofficial?fref=ts

ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის შეფასებით, ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ცდილობს მეტი გრანტის მიღებას იმით, რომ ქვეყანაში ჰიდროელექტროსადგურები არ აშენდეს. მისი თქმით, საპროტესტო აქციები მიზანმიმართულად ხდება, რადგან არსებობენ ძალები, რომლებიც ტყის ბიზნესით არიან დაკავებულები.

"ასევე, არსებობს არასამთავრობო ორგანიზაციების კატეგორია, რადიკალები, რომლებიც არიან მოწადინებულები, რაც შეიძლება მეტი გრანტი მიიღონ იმით, რომ ჰიდროელექტროსადგურები არ აშენდეს ქვეყანაში. მათ ქვეყნის ბედი არ აინტერესებთ. არ აინტერებთ ის, თუ რამდენად სტრატეგიულია ასეთი ჰიდროელექტროსადგურების აშენება", - აცხადებს კალაძე და აღნიშნავს, რომ ხუდონის პროექტის განხილვა გამგეობაში დღეს იწყება. მისი თქმით, მოსახლეობას აქვს ერთგვარი შიში, თითქოს მთავრობა ყველაფერს მათ გარეშე გააკეთებს.

"ეს წლების განმავლობაში ხდებოდა, ამ ადამიანებს არავინ ელაპარაკებოდა და არ უხსნიდა - რა კეთდებოდა. რამდენად მნიშვნელოვანი და სტრატეგიულია ამ ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა. მივმართაც ამ ადამიანებს: არცერთ ნაბიჯს არ გადავდგამთ მათი ინტერესების გათვალისწინების გარეშე", - დასძინა კალაძემ.

მისივე თქმით, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დაადასტურა და აღიარა, რომ სხვადასხვა საწარმოებსა და ობიექტებს სამჯერ და ოთხჯერ ხსნიდნენ. კახი კალაძის თქმით, სააკაშვილის განცხადების შეფასება რთულია.

"წარმოდგენა მაქვს, რომ საერთოდ ვერ აზროვნებს ეს ადამიანი, რა ხდება, რა კეთდება ქვეყანაში. ერთადერთი, რაც შეიძლება იფიქრო, ის არის, რომ ამ ადამიანს ახრჩობს ბოღმა. ძალიან სტკივა გული იმაზე, რაც ქვეყანაში კეთდება განვითარების მიმართულებით. პრეზიდენტმა თავისი განცხადებით, თითქოს მესამედ იხსნება ჰიდროელექტროსადგური, დაადასტურა, რომ სხვადასხვა საწარმოებსა და ობიექტებს სხვადასხვა დროს სამჯერ-ოთხჯერ ხსნიდნენ პიარის თვალსაზრისით და ვირტუალურ საქართველოში აცხოვრებდნენ ხალხს", - აღნიშნა ენერგეტიკის მინისტრმა. მისი თქმით, აჭარაში ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას გუშინ ჩაეყარა საფუძველი. 

შეგახსენებთ, რომ აჭარაში ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას საფუძველი პრემიერმა და ენერგეტიკის მინისტრმა ჩაუყარეს. ამის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მისი მთავრობის მიერ ორჯერ გახსნილი მშენებლობა ივანიშვილის მთავრობამ მესამედ გახსნა.

 

 

კომენტარები