ყურძნის ბაზარი

პოლიტიკური გადაწყვეტილებების ეკონომიკური შედეგები

მთავრობის აქტიურობა ყურძნის ბაზარზე 2013 წელს

მიუხედავად იმისა, რომ ამ საკითხს პირველ კურსელებს ვასწავლით, გამუდმებით გვიწევს იმის მტკიცება, რომ თავისუფალ ბაზარზე რესურსების გადანაწილება ხდება ისე, რომ საზოგადოების ჯამური კეთილდღეობა არის უფრო მაღალი, ვიდრე ეს სხვა ნებისმიერ შემთხვევაში იყო შესაძლებელი. საბაზრო წონასწორობის ფასი წარმოადგენს სწორედ იმ ძალას, რომლის მეშვეობითაც რესურსების გადანაწილება ყველა მონაწილისათვის (მომხმარებელი და მწარმოებელი) სასურველი მიმართულებით წარმოებს. კერძოდ, პირველ რიგში, თავისუფალი ბაზარი ახდენს საქონლის მიწოდების განაწილებას იმ მომხმარებლისთვის, რომელიც ამ საქონელს უფრო მეტად აფასებს. ამავდროულად, თავისუფალი ბაზარი ახდენს მიწოდების განაწილებას იმ მწარმოებლებზე, რომელთაც მათი წარმოება ყველაზე ნაკლები უჯდებათ.

საერთო ჯამში, თავისუფალი ბაზარი უზრუნველყოფს მომხმარებლის და მწარმოებლის ყველაზე მაღალი კეთილდღეობის ფორმირებას. ყველა შესაძლო ჩარევა თავისუფალ ბაზარზე წარმოადგენს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, რაც აუმჯობესებს საზოგადოების ერთი ჯგუფის ყოფას საზოგადოების სხვა ჯგუფის ხარჯზე. ხშირ შემთხვევაში, ჩარევის სპეციფიკიდან გამომდინარე, საზოგადოების ერთი ჯგუფის სარგებელი უფრო ნაკლებია, ვიდრე მეორის ზარალი. საქმე ის არის, რომ სარგებელი, რომელსაც საზოგადოების ერთი ჯგუფი იღებს, ხილულია, ხოლო ზარალი, რომელსაც მეორე ჯგუფი განიცდის – უხილავი. ასევე, მხედველობაშია მისაღები დროის ფაქტორი. როგორც წესი, ბენეფიციარების სარგებელი ბევრად წინ უსწრებს ჩარევის შედეგად წარმოქმნილ უარყოფით ეკონომიკურ შედეგებს. ყოველივე აღნიშნული, საბოლოოდ, ვლინდება ეკონომიკის აგრეგირებულ მაჩვენებლებში, რომელიც შესაძლებელია ყოფილიყო უფრო მაღალი, ვიდრე რეალურად არის. თუმცა, რადგან ჩარევის უარყოფითი შედეგები უხილავი და დროში დაგვიანებულია, საშუალო სტატისტიკური ამომრჩეველი ვერ ახერხებს წარსულ დროში განხორციელებული ჩარევის დაკავშირებას მიმდინარე სიტუაციასთან. ისევე, როგორც ვერ ახერხებს იმის აღქმას, რომ ჯამური ეკონომიკური კეთილდღეობა შესაძლებელია უფრო მაღალი ყოფილიყო, ვიდრე სინამდვილეშია.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ პოლიტიკოსების კრეატიულობა, ჩარევის მეთოდებისა და ფორმების გამოყენების მიმართულებით, განსაცვიფრებელი სისწრაფით იზრდება. ეკონომისტებს ყოველდღიურ რეჟიმში გვიწევს ამ მეთოდების ანალიზი. ხშირ შემთხვევაში, შეფასებებში ვიგვიანებთ, რადგან პოლიტიკოსების მხრიდან შემოთავაზებულ ნებისმიერ სიახლეს სჭირდება ტესტირება, პილოტირება, გამოცდა, სტატისტიკური ანალიზი. მთავარი არის ის, რომ ჩარევის რა ფორმასაც არ უნდა მიმართოს მთავრობამ, ბაზარზე გარკვეული კონიუნქტურის შესაცვლელად, ჩარევამ პირდაპირი ან ირიბი ზემოქმედება უნდა მოახდინოს თავისუფალ საბაზრო ფასზე, რის შედეგადაც რესურსების გადანაწილების პროცესი შეიცვლება მთავრობისთვის სასურველი მიმართულებით, საზოგადოების მეორე ნაწილის ხარჯზე საზოგადოების ერთი ნაწილის გამდიდრების მიზნით.

რადგან პოლიტიკოსები საბაზრო ფასზე პირდაპირ ზემოქმედებას ერიდებიან, ისინი იგონებენ ზემოქმედების ისეთ ფორმებს, რომელიც უხილავი გზით შეცვლის წონასწორობის ფასს. აღფრთოვანებული ვარ სოფლის მეურნეობის სამინისტროს იმ გამომგონებლობით, რომელიც ეხება მთავრობის გეგმებს 2013 წლის რთველთან დაკავშირებით.

ამ სტატიის მიზანია იმის დასაბუთება, რომ მთავრობის შემოთავაზებული პოლიტიკა არ შეუწყობს ხელს არც ყურძნის, არც აგრარული სექტორის და არც ეკონომიკის განვითარებას საქართველოში. პოლიტიკა მიმართულია ეკონომიკური სტიმულების შექმნაზე, რაც გაზრდის საზოგადოების ნაწილის სარგებელს საზოგადოების მეორე ნაწილის ხარჯზე მოკლევადიან პერიოდში და უფრო მეტად შეუშლის ხელს ეკონომიკურ ზრდას გრძელვადიან პერიოდში.

ფაქტობრივად, სუბსიდიის შედეგად, გლეხი უფრო მეტად არაკონკურენტიანი, ხოლო წარმოება კიდევ უფრო არათანამედროვე ხდება, რაც გრძელვადიან პერიოდში ხელს უწყობს ყურძნისა და ღვინის ბაზრის დეგრადირებას და არა მის განვითარებას.

სიმარტივისთვის დავუშვათ, რომ პოლიტიკოსების გადაწყვეტილების უკან სპეციალური ან კორუფციული ინტერესი არ დგას. მათ რეალურად სჯერათ, რომ შეუძლიათ საზოგადოების კეთილდღეობის გაუმჯობესება. ჩვენი მიზანი სწორედ იმის დასაბუთებაა, რომ მთავრობის ერთი შეხედვით მომხიბლავ ინიციატივებსა და ქმედებებს, მოჰყვება დაუგეგმავი, არაგანზრახული და მოულოდნელი უარყოფითი ეკონომიკური და სოციალური შედეგები, რაც საზოგადოებისთვის საზიანო უფროა, ვიდრე სასარგებლო. მაგალითად, როდესაც ერთ-ერთ ქვეყანაში ორიდან ექვს წლამდე ასაკის ბავშვებზე გააუქმეს თვითმფრინავით უფასოდ მგზავრობის უფლება, ამ ფაქტმა საშუალო სტატისტიკური ოჯახის შემოსავალზე ისეთი გავლენა იქონია, რომ ქვეყანაში გრძელ დისტანციებზე ავტომობილებით გადაადგილებების რაოდენობამ იმატა. მთავრობის კეთილშობილური ინიციატივის მიზანს თვითმფრინავებში უსაფრთხოების ხარისხის გაზრდა წარმოადგენდა. თუმცა, რადგან ავტოკატასტროფების რაოდენობამ იმატა, სინამდვილეში, ქვეყანაში უსაფრთხოების ხარისხი შემცირდა.

შევეცდები, მკითხველს დავანახო სწორედ ის ნეგატიური ეკონომიკური შედეგები, რომელიც მოჰყვება საქართველოს მთავრობის კრეატიულ პოლიტიკას 2013 წლის რთველთან დაკავშირებით.

სახელმწიფო ინიციატივა – როგორც 2012 წელს, კახეთში წელსაც გაიხსნება რთველის საკოორდინაციო შტაბი და გლეხებს ღვინის ქარხნებში ყურძნის ჩაბარებამდე ისევ მოუწევთ სოფლის რწმუნებულთან ჩაწერა და იმის განსაზღვრა, ყურძენი როდის დაკრიფონ, სად ჩააბარონ, რამდენი აქვთ მოსავალი და ა.შ. მთავრობა რთველის პირდაპირი გზით სუბსიდირებას აღარ გეგმავს. თუმცა, წინასწარი მონაცემებით, ღვინის ქარხნები რქაწითლის ჯიშის ყურძენს 1 ლარად, საფერავს კი 1,10 თეთრად შეისყიდიან. სიახლეს წარმოადგენს ის, რომ შეღავათიანი აგროკრედიტების პროექტს, მე-5 კომპონენტი – სესხი მეღვინეებისათვის დაემატა. ეს გულისხმობს, რომ მეღვინეები, რომლებიც ყურძენს მოსახლეობისაგან იბარებენ, შეძლებენ 15-თვიანი შეღავათიანი კრედიტის აღებას, რომლის ღირებულება იქნება არაუმეტეს 6%, ხოლო მაქსიმუმ – 15%. ამდენად, სახელმწიფო ამ სესხის 9%-ს დაასუბსიდირებს.

წინა პერიოდში, ვაუჩერების მექანიზმი გამოიყენებოდა. თუ ღვინის ქარხნები, საშუალოდ, 1კგ ყურძენს 70 თეთრად ყიდულობდნენ, მთავრობის დანამატი საშუალოდ 30 თეთრს შეადგენდა. შედეგად, საბაზრო ფასი 1კგ-ზე 1 ლარი იყო. გარდა ამისა, შარშან მთავრობა წარმოადგენდა ყურძნის მნიშვნელოვან შემსყიდველს. მაგალითად, 2012 წელს სახელმწიფო საწარმომ მთელი მოსავლის დაახლოებით 63% ჩაიბარა. ეს ნიშნავს, რომ კერძო სექტორმა ჩაიბარა გაცილებით ნაკლები, ვიდრე წინა პერიოდში.

წელს, ვაუჩერები და სახელმწიფო შესყიდვები არ იგეგმება, მაგრამ მოხდება მეწარმეების პირდაპირი დაფინანსება, პირდაპირი დახმარების წესით. თუ მეწარმეები კონდიციურ ყურძენში ერთ ლარს ან უფრო მაღალ ფასს გადაიხდიან, შესაბამის სუბსიდირებას მიიღებენ. სახელმწიფო ინიციატივის მიზანია, გლეხი გახდეს უფრო კონკურენტუნარიანი, ხოლო წარმოება – კიდევ უფრო თანამედროვე.

მეთოდოლოგია – ეკონომიკური შედეგების გამოსავლენად ჯერ აღვწერთ პროცესებს, რომელსაც ადგილი ექნებოდა თავისუფალ ბაზარზე. განვიხილავთ რესურსების გადანაწილების მექანიზმს სახელმწიფო ინიციატივის გარეშე და სახელმწიფო ინიციატივის შემთხვევაში. შევადარებთ ერთმანეთს ამ ორი მოდელის შედეგად ფორმირებულ საზოგადოებრივ კეთილდღეობას და მიღებული შედეგების საფუძველზე გავაკეთებთ დასკვნას, თუ რამდენად შეძლებს სახელმწიფო დასახული მიზნის მიღწევას. გახდება თუ არა გლეხი უფრო კონკურენტუნარიანი, ხოლო წარმოება – კიდევ უფრო თანამედროვე.

რთველი სახელმწიფო ჩარევის გარეშე და ჩარევის შემდეგ – ბოლო სამი წლის სტატისტიკური ინფორმაციის გათვალისწინებით, 1 კგ ყურძნის საშუალო ფასი თავისუფალ ბაზარზე 70 თეთრია. 2013 წელს მოსავლის რაოდენობა საშუალოდ შეადგენს 120 ათას ტონა ყურძენს. თუ, პირობითად, დავუშვებთ, რომ მოთხოვნაც და მიწოდებაც ფასის მიმართ ყურძნის ბაზარზე თანაბრად ელასტიკურია, როგორც მომხმარებლის, ისე მწარმოებლის ეკონომიკური კეთილდღეობა 84 მილიონი ლარი იქნება, ხოლო საზოგადოების მთლიანი კეთილდღეობა – 164 მილიონი ლარი. სახელმწიფო ჩარევის შემდეგ ღვინის ქარხნებს გაუჩნდებათ მეტი სტიმული, შეისყიდონ ყურძენი უფრო მეტი რაოდენობით და უფრო მაღალ ფასად. ეს ფაქტი გადაანაცვლებს მოთხოვნის და მიწოდების მრუდებს მარჯვნივ, რის შედეგადაც გაიყიდება 120 ათასი ტონა ყურძენი, სადაც 1 კგ ყურძნის ფასი 1 ლარს გაუტოლდება (იმ შემთხვევაში, თუ ღვინის ქარხნებს უღირთ მაღალი ფასის ხარჯზე შეღავათიანი კრედიტით სარგებლობა). შესაბამისად, მწარმოებლის კეთილდღეობა გაიზრდება 120 მილიონ ლარამდე, ხოლო მომხმარებლის კეთილდღეობა გახდება 48 მილიონი ლარი.

ფაქტობრივად, მწარმოებელთა სარგებელი 36 მილიონი ლარით იზრდება, რადგან ფასის მატების შედეგად: 1) ეფექტიანი გამყიდველებისთვის იზრდება სხვაობა საწარმოო ხარჯებსა და შემოსავალს შორის და 2) ბაზარზე ჩნდებიან ის მარგინალური გამყიდველები, რომლებსაც მაღალი ხარჯების გამო არ უღირდათ ყურძნის გაყიდვა 70 თეთრზე უფრო ძვირად. მომხმარებელთა კეთილდღეობა კი მცირდება 36 მილიონი ლარით, რადგან მომხმარებლის გადახდის მაქსიმალური ღირებულება უცვლელია, თუმცა იზრდება გადახდის რეალური ღირებულება და, ამდენად, მცირდება სხვაობა გადახდის მაქსიმალურ ღირებულებასა და რეალურად გადახდილ ფასს შორის. გარდა ამისა, იზრდება მარგინალური მყიდველების რაოდენობა, რომლებსაც უღირთ 70 თეთრზე უფრო მაღალი ფასის გადახდა. სახელმწიფო მაქსიმალურად ცდილობს მარგინალური მყიდველების შენარჩუნებას ბაზარზე, რადგან ყოველ აღებულ სესხზე, რომლის საპროცენტო განაკვეთი ბაზარზე 15%-ს შეადგენს, სახელმწიფო ღვინის ქარხანას 9%-ს ჩუქნის. ფაქტობრივად, თუ სახელმწიფო ჩარევა მოახდენს გავლენას წონასწორობის ფასზე და 1 კგ ყურძნის ფასი 70 თეთრიდან 1 ლარამდე გაიზრდება, მოთხოვნისა და მიწოდების თანაბარი ელასტიკურობის პირობებში, საზოგადოებრივი კეთილდღეობა, საუკეთესო შემთხვევაში, არ შეიცვლება. გლეხები და ფერმერები ისარგებლებენ იმავე რაოდენობით, რა რაოდენობითაც დაზარალდებიან ღვინის ქარხნები. თუმცა, უნდა გავითვალისწინოთ ის გარემოებაც, რომ დიდი ალბათობით, მიწოდება ფასის მიმართ უფრო მეტად ელასტიკურია, ვიდრე მოთხოვნა, რადგან თუ ფერმერს ყურძენი არ ეყიდება კონკრეტულ ფასად, ის უფრო მეტად არის მზად უფრო დაბალ ფასად შესთავაზოს იგი მომხმარებელს, ვიდრე ღვინის ქარხნებს გაუჩნდებათ ყურძნის უფრო მაღალ ფასად შესყიდვის სურვილი.

ამ კონიუნქტურიდან გამომდინარე, მოსალოდნელია, რომ მომხმარებლის დანაკარგი უფრო მაღალი იქნება, ვიდრე მწარმოებელის სარგებელი, რაც ეკონომიკურ კეთილდღეობას შეამცირებს. თუმცა, გავაკეთოთ დაშვება, რომ სახელმწიფო ჩარევის შედეგად საზოგადოების კეთილდღეობა არ იცვლება (საუკეთესო შემთხვევა). გახდება თუ არა გლეხი უფრო მეტად კონკურენტული ან/და ღვინის ქარხანა უფრო თანამედროვე, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკური ეფექტიანობის გაზრდას ყურძნისა და ღვინის ბაზარზე? კონკურენტუნარიანობასა და თანამედროვეობაში უნდა ვიგულისხმოთ ის, რომ მომავალში უნდა გაიზარდოს პროდუქციის ხარისხი ან/და ერთ ჰექტარზე/დროის ერთეულში პროდუქციის წარმოების დონე.

თავისუფალ ბაზარზე პროდუქტიულები არიან ის მონაწილეები, რომლებიც ყველაზე მეტად კონკურენტულები არიან. სუბსიდიის შედეგად კი, ყველაზე მეტად სარგებლობენ ის მონაწილეები, რომლებიც ნაკლებად კონკურენტულები არიან. სახელდობრ, კეთილდღეობის უდიდესი ნაწილი ხმარდება იმ გლეხებსა და ფერმერებს, რომლებიც ბაზარზე გადარჩენისთვის იბრძვიან. ყველა ის ფერმერი, ვისაც არ უღირს ყურძნის 1 ლარზე იაფად გაყიდვა, მარგინალური გამყიდველია. ანალოგიურად, ყველა ის ღვინის ქარხანა, რომელსაც არ უღირს ყურძნის შესყიდვა 70 თეთრზე უფრო მეტ ფასად, მარგინალური მყიდველია. ორივე მარგინალი ზუსტად ისე სარგებლობს სუბსიდიით, როგორც უმუშევარი უმუშევრობის შემწეობით. გარდა ამისა, სუბსიდიის შედეგად, მარგინალები რჩებიან რა ბაზარზე, პროდუქტიულობის ხარისხი კიდევ უფრო მეტად მცირდება, რადგან იგი ხელს უშლის რესურსების ეფექტიანად გადანაწილების პროცესს. მაგალითად, პროდუქტიული მეწარმის მხრიდან მიწების გამსხვილების პროცესს და მსხვილი ფერმერული მეურნეობის შექმნას და, ამდენად, მასშტაბის ეფექტიანობის (economy of scale) პრინციპით პროდუქტიულობის დონის კიდევ უფრო გაზრდას.
ფაქტობრივად, სუბსიდიის შედეგად, გლეხი უფრო მეტად არაკონკურენტიანი, ხოლო წარმოება კიდევ უფრო არათანამედროვე ხდება, რაც გრძელვადიან პერიოდში ხელს უწყობს ყურძნისა და ღვინის ბაზრის დეგრადირებას და არა მის განვითარებას. აქედან გამომდინარე, სუბსიდიის შედეგი სინამდვილეში არის ის, რომ ყურძნის წარმოებით დაინტერესებულ გლეხებს და ფერმერებს უნარჩუნდებათ ის შემოსავალი, რომელიც 2012 წელს ჰქონდათ.

რა ფასი უჯდება საზოგადოებას სტატუსკვოს შენარჩუნება მოკლევადიან და ბაზრის დეგრადირება გრძელვადიან პერიოდებში? იმ შემთხვევაში, თუ ღვინის ქარხნები ყოველი ერთი კილოგრამი ყურძნის შეძენაში დამატებით აიღებენ 30 თეთრი ღირებულების კრედიტს, ჯამური კრედიტის ღირებულება გაუტოლდება 36 მილიონ ლარს. აქედან სახელმწიფო სუბსიდია შეადგენს 3,24 (9%) მილიონ ლარს. სუბსიდიის წყაროს წარმოადგენს გადასახადებიდან მიღებული შემოსავლები. საქართველოს მოსახლეობის რაოდენობიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ სუბსიდიისთვის საჭირო თანხა შეგროვდეს, საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ, საშუალოდ, უნდა გადაიხადოს ერთი ლარი (მათ შორის, ფერმერებმაც). 3,24 მილიონი ლარი შესაძლებელი იყო დახარჯულიყო შემდეგ აქტივობებში: 100 კვ. კილომეტრი გზის დაგება; სოფლებში წყლის გაყვანა; საზოგადოებრივ სკოლებში ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და სხვა. გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ 3,2 მილიონი ლარი სინამდვილეში წარმოადგენს იმ კომპანიების მიერ გადახდილ გადასახადებს, რომლებიც ეფექტიანად ოპერირებენ ბაზარზე, ყოველწლიურად ზრდიან ინვესტიციებს, აფართოებენ წარმოების მასშტაბებს და ხელს უწყობენ უმუშევრობის შემცირებას. ამდენად, მთავრობას ფერმერების მდგომარეობის შენარჩუნება მომავალში ეკონომიკის ზრდის ფასად უჯდება.

საერთო ჯამში, დაგეგმილი პოლიტიკის ანალიზის საფუძველზე, შესაძლებელია გაკეთდეს შემდეგი დასკვნები:

  • თავისუფალ ბაზარზე რესურსების ეფექტიანად გადანაწილების პროცესი უზრუნველყოფს საზოგადოების მაქსიმალური კეთილდღეობის ფორმირებას, ვიდრე ეს შესაძლებელია ყველა სხვა შემთხვევაში;
  • თუ მთავრობის ჩარევამ გავლენა მოახდინა საბაზრო წონასწორობის ფასზე, რესურსების გადანაწილების პროცესი ეწინააღმდეგება თავისუფალი ბაზრის პრინციპებს, რის შედეგადაც საზოგადოების ერთი ჯგუფის შემოსავლები იზრდება საზოგადოების მეორე ჯგუფის ზარალის ხარჯზე ისე, რომ საზოგადოების კეთილდღეობა მცირდება;
  • იმ დაშვებითაც კი, რომ მთავრობას არ გააჩნია სპეციალური და კორუფციული ინტერესები, ხოლო პოლიტიკოსებს სჯერათ, რომ კარგი საქმის კეთება შეუძლიათ, კარგი ჩანაფიქრი გულისხმობს მოულოდნელ ნეგატიურ შედეგებს, რომლის წინასწარ გამოცნობა, გაზომვა და შეფასება ძალზე რთულია, რადგან ხშირ შემთხვევაში არის უხილავი;
  • რადგან პოლიტიკოსები ერიდებიან საბაზრო ფასზე პირდაპირ ზემოქმედებას, იგონებენ ირიბი ზემოქმედების მეთოდებს;
  • 2013 წლის რთველზე მთავრობის დაგეგმილი აქტიურობა სწორედ ის შემთხვევაა, რომელიც კარგი განზრახვის ნეგატიურ შედეგებს უკავშირდება;
  • მთავრობის იარაღი, 2012 წელთან შედარებით, უფრო სუსტია და დარწმუნებით არ შეიძლება ითქვას, რომ ირიბი ზემოქმედებით შეძლებს თავისუფალ საბაზრო ფასზე გავლენის მოხდენას. ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხერხდება, თუ მარგინალური ღვინის ქარხნები, ყურძენში გადახდილი ექსტრაფასის სანაცვლოდ, შეღავათიანი კრედიტით სარგებლობას გადაწყვეტენ. ნეგატიურ შედეგებს ადგილი ექნება მხოლოდ მაშინ, თუ ყურძნის საბაზრო ფასი შეიცვლება. სხვა შემთხვევაში, რესურსები გადანაწილდება თავისუფალი საბაზრო პრინციპით, თუმცა გლეხების მდგომარეობა 2012 წელთან შედარებით გაუარესდება;
  • ერთ-ერთი უარყოფითი შედეგი არის ის, რომ გლეხების კონკურენტუნარიანობა არ იზრდება და არც ღვინის ქარხნები ხდებიან უფრო თანამედროვე. უფრო მეტიც, ყურძნის და ღვინის ბაზარი დეგრადირდება გრძელვადიან პერიოდში. გარდა ამისა, ხდება რესურსების გადადინება ეფექტიანი დარგებიდან არაეფექტიან დარგში, რაც მომავალში ეკონომიკის ზრდაზე აისახება;
  • სინამდვილეში, მთავრობის აქტიურობა მიზნად ისახავს ყურძნის მწარმოებელი გლეხებისთვის და ფერმერებისთვის 2012 წლის მდგომარეობის შენარჩუნებას.