თბილისის საკრებულო

ჯაბა სამუშია: საკრებულოში ანაზღაურებას ე.წ. მკვდარი სულები იღებდნენ

timer.ge

საკრებულოს აპარატის თანამშრომელთა დაგეგმილ შემცირებასთან დაკავშირებით, თბილისის საკრებულოს უმრავლესობა განმარტებას აკეთებს. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ჯაბა სამუშიამ ჟურნალისტებს 2012 წლის ოქტომბრამდე არსებული საშტატო ნუსხა წარუდგინა და განაცხადა, რომ იმ დროისათვის საკრებულოში ე.წ. მკვდარი სულები იღებდნენ ანაზღაურებას.

"ჩვენ მივდივართ იქით, რომ მოხდეს ოპტიმიზაცია. საჭიროა შემცირდეს გაბერილი შტატები და საკრებულოში გაფორმებულმა ე.წ. მკვდარმა სულებმა ხელფასი, რომელიც მასწავლებელთა ანაზღაურებას სულ ცოტა ორჯერ აღემატება, აღარ აიღონ. ასევე მინდა განვმარტო, რომ საკრებულოში რეალურად 13 საშტატო ერთეული მცირდება. მოვუწოდებ ჩემს კოლეგებს ნაციონალური მოძრაობიდან, თავი დაანებონ ჭორების გავრცელებას. საზოგადოებამ უნდა იცოდეს სიმართლე და სიმართლე არის ის, რომ 2010 წელს პოლიტიკური ნიშნით სწორედ მათ გაათავისუფლეს 46 ადამიანი და ეს საქმეები დღემდე სასამართლოშია", - განაცხადა ჯაბა სამუშიამ.

საკრებულოს აპარატის უფროსის გიორგი ფიცხელაურის განმარტებით კი, საკრებულოში მართლაც არის დაგეგმილი რეორგანიზაცია და პროექტს საკრებულოს დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე წარადგენენ.

"გაერთიანდა რამდენიმე განყოფილება და, შესაბამისად, ადგილებიც შემცირდა. ასევე, იკვეცება გაბერილი შტატებიც. იყო შემთხვევები, როდესაც ადამიანი რეალურად ერთგან იყო გაფორმებული, სხვაგან მუშაობდა და არანაირი შეხება არ ჰქონია თავის განყოფილებასთან. ჩვენ მაქსიმალურად გავითვალისწინეთ აქ მომუშავეთა პროფესიონალიზმი და მათთვის შენარჩუნებულია ყველა ადგილი", - განაცხადა გიორგი ფიცხელაურმა და ნაციონალური მოძრაობის მიერ მისი გადაყენების შესახებ გაკეთებულ განცხადებასაც გამოეხმაურა. ფიცხელაური უმცირესობის ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებს და აღნიშნავს, რომ საკრებულოს აპარატში არანაირი არამიზნობრივი ხარჯვები არ მიმდინარეობს.

თბილისის საკრებულოს დღევანდელ რიგგარეშე სხდომას უმცირესობის წევრები არ დაესწრებიან. ნაციონალური მოძრაობა დღის წესრიგში შეტანილ იმ საკითხს ეწინააღმდეგება, რომლის მიხედვითაც საკრებულოს აპარატის თანამშრომელთა შემცირება იგეგმება. როგორც უმცირესობის წევრმა ქეთევან ქოჩორაშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საკრებულოს ახალშექმნილი უმრავლესობა აგრძელებს თანამდებობისა და სკამებისათვის ბრძოლას.

უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერის თემურ გრიგალაშვილის თქმით კი, ნაციონალური მოძრაობა საკრებულოს რეგლამენტით გათვალისწინებულ უახლოეს სხდომაზე საკრებულოს აპარატის უფროსის გათავისუფლების საკითხს დააყენებს. 

 

კომენტარები