ევაკუაცია

მაესტროში ბომბი არ აღმოჩნდა

ტელეკომპანია მაესტროში ბომბი არ აღმოჩნდა. მაესტროს საინფორმაციო სამსახურის უფროსის ხატია ქვათაძის ინფორმაციით, გამნაღმველებმა და ექსპერტ-კრიმინალისტებმა მაესტროს შენობაში მუშაობა დაასრულეს. როგორც ჟურნალისტებს ქვათაძემ უთხრა, თითქმის საათნახევრიანი ძიების შემდეგ აღმოჩნდა, რომ შენობაში ბომბი არ იყო.

"სამის ნახევრიდან ამ დრომდე შენობიდან თანამშრომლები ევაკუირებული იყვნენ. როგორც სხვა შემთხვევებშიც, ამჯერადაც აღმოჩნდა, რომ ტელეკომპანიაში ბომბი არ იყო. დაფიქსირდა ცრუ შეტყობინება. უნდა აღინიშნოს ერთი ფაქტი, რომ საკმაოდ დაგვიანებით მოვიდნენ განაღმვითი სამსახურის წარმომადგენლები, რამაც პროცესი კიდევ უფრო გაწელა", - განაცხადა ხატია ქვათაძემ.

შსს-ს ინფორმაციით კი, მაესტროში ბომბის არსებობის შესახებ შეტყობინების ავტორი ამჯერადაც არასრულწლოვანია. 

ბოლო დღეების განმავლობაში სხვადასხვა პირები, მათ შორის, არასრულწლოვნები, საგანგებო სიტუაციების სამსახურში რეკავენ და ოპერატორს ამა თუ იმ შენობაში ბომბის არსებობის შესახებ ატყობინებენ. ცრუ შემტყობინებლების ძირითადი სამიზნეები ტელეარხები არიან. მსგავსი შეტყობინებები შსს-ში რამდენჯერმე შევიდა ტელეკომპანია რუსთავი 2-თან და იმედთან დაკავშირებით, ამავე მიზეზით ევაკუაცია გამოცხადებული იყო პროკრედიტ ბანკის ხაშურის ფილიალში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტსა და პარლამენტში. ამ დრომდე არსებული ყველა შეტყობინება ცრუ აღმოჩნდა და პოლიციამ სამართალდამრღვევებს მალევე მიაკვლია.

განვითარებული მოვლენების ფონზე, შსს-მ წარმოადგინა ინიციატივა, რომლის მიხედვითაც უნდა გამკაცრდეს ტერორიზმის ცრუ შეტყობინებისთვის გათვალისწინებული სასჯელი.

კომენტარები