ეკონომიკური ზრდა

მთავრობის არგუმენტები და სტატისტიკის კონტრარგუმენტები: დაიწყო თუ არა საქართველოში შეუქცევადი ეკონომიკური ზრდა?

0 კომენტარი
ნოდარ ხადური ფოტო: facebook.com/mofgeorgia

„მინდა დავარწმუნო საქართველოს მოქალაქეები, რომ ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაში დაიწყო აღმავლობის შეუქცევადი პროცესი" - ეს განცხადება საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა 9 სექტემბერს ფინანსთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

ამავე ბრიფინგზე მინისტრმა აღნიშნა, რომ ქვეყნის ეკონომიკის სტრუქტურული გაჯანსაღება დაიწყო, რამაც შედეგად მოგვიტანა ის, რომ 7 თვის მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკა 1.7%-ით გაიზარდა. მინისტრის ვარაუდით, წლის ბოლომდე საქართველოს ეკონომიკა 4%-იან ზრდას მიაღწევს.

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში აკაკი ცომაია ამბობს, რომ მთავრობას ეკონომიკური ზრდის ამ ნიშნულის მიღწევა ძალიან გაუჭირდება, რადგან თვიდან თვემდე ეკონომიკა სულ მცირე 2-ჯერ იმაზე მეტად უნდა გაიზარდოს, ვიდრე ეს 7 თვის განმავლობაში მოხერხდა.

„ეკონომიკური აქტივობა საქართველოში არის გაზრდილი. არა სამწუხაროდ 6%-ით, მაგრამ საქართველოში ეკონომიკური ზრდა არის და იქნება აღმოსავლეთ ევროპაში და ზოგადად ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი", - ეს კომენტარი ფინანსთა მინისტრმა მოგვიანებით უკვე ბიზნესკურიერს მისცა.

ეკონომიკურ ზრდაზე და ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ ტენდენციებზე საუბრისას, ნოდარ ხადური როგორც წესი რამდენიმე არგუმენტს იშველიებს: ექსპორტის ზრდა, იმპორტის ჩანაცვლება ადგილობრივი წარმოებით, გადასახადების აკრეფის გაუმჯობესება და საბიუჯეტო შემოსავლების ზრდა.

ამ არგუმენტების გადამოწმება შესაძლებელია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) მონაცემებზე დაყრდნობით და იმ მონაცემების მიხედვითაც, რომლებიც უშუალოდ ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზეა განთავსებული. ციფრები შეუქცევადი ეკონომიკური ზრდის სასარგებლოდ არ მეტყველებენ.

ექსპორტის ზრდა

მთავრობა შეუქცევადი ეკონომიკური ზრდის დასაწყისად მიიჩნევს ექსპორტის გაზრდილ მაჩვენებელს, რომელსაც ხელი რუსეთის ბაზრის გახსნამ შეუწყო. თუმცა თუ სტატისტიკას შევხედავთ, ვნახავთ, რომ ექსპორტის ზრდის ტემპი მნიშვნელოვნად არის შენელებული: საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წელს 7 თვეში ექსპორტი 9%-ით გაიზარდა მაშინ, როცა გასულ წელს, იმავე შვიდი თვის მონაცემებით, ზრდამ 20% შეადგინა.

იმპორტის ჩანაცვლება ადგილობრივი პროდუქციით

მთავრობა შეუქცევადი ეკონომიკური ზრდის დასაწყისად მიიჩნევს იმპორტის მოცულობის კლებასაც: საქსტატის მონაცემებით, 2013 წელს იმპორტის მაჩვენებელი 5%-ით არის შემცირებული მაშინ, როცა 2011 წლიდან 2012 წლამდე 17%-ით იყო გაზრდილი. ამ ტენდენციას მთავრობა იმპორტის ადგილობრივი პროდუქციით ჩანაცვლებით ხსნის და სტატისტიკურ მონაცემებს იშველიებს, რომლის მიხედვითაც, გამოშვებული პროდუქცია 2013 წელს 2%-ით გაიზარდა.

თუმცა მთავრობას იმის აღნიშვნა ავიწყდება, რომ ამავე პერიოდში კერძო სექტორში დასაქმება 5%-ით შემცირდა ანუ მუდმივი სამუშაო ადგილი და სტაბილური შემოსავალი 25 ათასმა ადამიანმა დაკარგა. ასეთი მდგომარეობა კი, ბუნებრივია, აისახა მომხმარებლის მოთხოვნაზეც.

მოსახლეობის ეკონომიკურ მოლოდინებს გავლენა აქვს მათ სამომხმარებლო ხარჯებზე - თუ ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის მიმართ მოლოდინი უარყოფითია, ადამიანი ნაკლებს ხარჯავს, მოთხოვნის შემცირება კი მიწოდებასაც ამცირებს.

მომხმარებლის ნდობას ყოველთვიურად ზომავს თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა - ISET. ბოლო კვლევის მონაცემებით, აგვისტოში მომხმარებლის ნდობა მკვეთრად შემცირდა როგორც წინა თვესთან, ისე გასული წლის იგივე პერიოდთან შედარებით.

ყველაზე მკვეთრად გაუარესდა პასუხი კითხვაზე - „თქვენი აზრით, როგორ შეიცვალა ქვეყნის ზოგადი ეკონომიკური მდგომარეობა ბოლო 12 თვის განმავლობაში?" როგორც ISET-ის ინდექსი აჩვენებს, აგვისტოში ამ მაჩვენებელმა ისტორიულ მინიმუმს მიაღწია და -6.6 ქულამდე დაეცა. 2012 წლის აგვისტოში იგივე მაჩვენებელი 15.8 იყო.

კიდევ ერთი საკითხი, რომელთან მიმართებაშიც მომხმარებელთა დამოკიდებულება მკვეთრად გაუარესდა დასაქმების პერსპექტივას უკავშირდება. ISET-ის ინდექსის მიხედვით, 2013 წლის აგვისტოში გამოკითხულთა 45%-ს მიაჩნია, რომ მომდევნო 12 თვის განმავლობაში უმუშევარი ადამიანების რიცხვი გაიზრდება. წინა წლის იგივე მაჩვენებელთან შედარებით, მათი რაოდენობა, ვინც ასე ფიქრობდა, გაორმაგებულია.

შემცირდა მათი რაოდენობაც, ვისაც მოლოდინი აქვს, რომ მომდევნო 12 თვის განმავლობაში ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდება. ISET-ის ინდექსის მიხედვით, გაცილებით ნაკლებია იმ ადამიანების რიცხვი, ვინც მომდევნო 12 თვის განმავლობაში ეკონომიკური სიტუაციის გაუმჯობესებას ელოდება.

გადასახადების აკრეფა

მთავრობა შეუქცევადი ეკონომიკური ზრდის დასაწყისად მიიჩნევს იმ ფაქტსაც, რომ მიმდინარე წლის 7 თვეში გადასახადების აკრეფის შედეგად, წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით, საქართველოს ბიუჯეტში თითქმის 28 მილიონი ლარით მეტი შევიდა.

თუმცა თუ ამავე სტატისტიკურ მონაცემებს კარგად დავაკვირდებით, ვნახავთ, რომ 2013 წელს ჯამური შემოსავლები 105 მილიონი ლარით არის შემცირებული. ჯამური შემოსავლების კლება ძირითადად გამოიწვია გრანტების კლებამ, რაც 87.3 მილიონი ლარით არის შემცირებული და სხვა შემოსავლების კლებამ, რაც 45.3 მილიონი ლარით არის შემცირებული. სხვა შემოსავლებში შედის ასევე პრივატიზაციიდან მიღებული შემოსავლებიც.

კიდევ ერთი მაჩვენებელი, რომელიც არ იძლევა მთავრობის ოპტიმიზმის გაზიარების შესაძლებლობას, დღგ-დან მიღებული შემოსავლებია. ეს მაჩვენებელი 2013 წლის იანვარ-ივლისის მონაცემებით, 48 მილიონი ლარით არის შემცირებული. ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვანია, რადგან თუ კომპანია ნაკლებ დღგ-ს იხდის, ე.ი. ის ნაკლებ პროდუქტს ქმნის, რაც საბოლოო ჯამში მოგების შემცირებას გამოიწვევს. შესაბამისად, წლის ბოლოს ბიუჯეტში ნაკლები მოგების გადასახადი შევა.

საბიუჯეტო შემოსავლები

მთავრობა შეუქცევადი ეკონომიკური ზრდის დასტურად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ შვიდი თვის მონაცემებით, საბიუჯეტო შემოსავლები წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 32 მილიონით არის გაზრდილი.

სულ სხვა სურათს მივიღებთ, თუ საგადასახადო შემოსავლებს შევადარებთ არა მხოლოდ წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს, არამედ თვითონ მთავრობის მიერ დაგეგმილ შემოსავლებს. 2013 წელს დაგეგმილია დაახლოებით 600 მილიონი ლარით მეტი შემოსავლები. ამ გათვლის მიხედვით, ბიუჯეტში ყოველთვიურად საშუალოდ 50 მილიონი ლარით მეტი უნდა შედიოდეს. შესაბამისად, 7 თვეში 2012 წელთან შედარებით ბიუჯეტში უნდა იყოს 350 მილიონი ლარით მეტი შემოსავალი. ფინანსთა მინისტრის განცხადების საფუძველზე ირკვევა, რომ 7 თვეში შემოსავლებში გარღვევამ დაახლოებით 320 მილიონი ლარი შეადგინა.

ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზე უკვე დევს 8 თვის მონაცემები, რის მიხედვითაც, 2013 წლის იანვარ-აგვისტოში საგადასახადო შემოსავლები 700 ათასით არის შემცირებული. ასეთი კლება განსაკუთრებით პრობლემურია იმ ფონზე, როცა ბიუჯეტის სოციალური ვალდებულებები ნახევარ მილიარდ ლარზე მეტით არის გაზრდილი, ანუ მთავრობას მეტი რესურსი სჭირდება იმისთვის, რომ ამომრჩევლების წინაშე აღებული გაზრდილი ვალდებულებები შეასრულოს.

თუ გავითვალისწინებთ ყველა ზემოთაღწერილ ტენდენციას, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ვალდებულებების შესრულება მთავრობას საკმაოდ გაუჭირდება. ამას ემატება ისიც, რომ ინვესტიციების შემოდინება წინა წლის 7 თვესთან შედარებით, 2013 წელს 4%-ით არის შემცირებული.

პოლიტიკის ანალიზის ცენტრის მკვლევრის, ვახტანგ ლეჟავას გათვლებით, თუ ქვეყანაში არსებული რთული ეკონომიკური მდგომარეობა არ შეიცვალა, წლის ბოლოს მთავრობას ბიუჯეტში ნახევარი მილიარდით ნაკლები შემოსავალი ექნება, ხოლო ქვეყნის მშპ მილიარდი ლარით შემცირდება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ძალადობრივი აქციის მონაწილემ ტაბულას ჟურნალისტს დაარტყა და მობილური გააგდებინა

კომენტარები