საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართვა

საგარეო საქმეთა სამინისტრო საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, სადაც საერთაშორისო თანამეგობრობას რუსეთის უკანონო ქმედებების აღსაკვეთად შესაბამისი ზომების მიღებისკენ მოუწოდებს.

"სამწუხაროდ, საერთაშორისო თანამეგობრობის მოწოდების მიუხედავად, რუსეთის ფედერაცია საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებების უხეშ დარღვევას განაგრძობს. 2013 წლის 17 სექტემბრიდან, ცხინვალის რაიონის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, კერძოდ, გორის რაიონის სოფელ დიცში, საოკუპაციო ჯარებმა მავთულხლართებისა და ღობეების დამონტაჟების პროცესი განაახლეს", - ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, საქართველოს მთავრობა გმობს მსგავს უკანონო ქმედებებს, რაც სავალალოდ ადგილობრივი მოსახლეობის ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე აისახება და მნიშვნელოვნად ზღუდავს მათ საერთაშორისოდ აღიარებულ უფლებებს, მათ შორის, თავისუფალი გადაადგილების, მშობლიურ ენაზე განათლების მიღებისა და სხვა ეკონომიკურ, კულტურულ და სოციალურ უფლებებს.

"სამწუხაროდ, ადგილობრივი მოსახლეობა მოკლებულია საკუთარ სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთებზე საქმიანობის წარმოების, სასაფლაოზე შესვლისა და პირველადი სამედიცინო დახმარების მიღების უფლებას. საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში და მიმდებარე ზონებში არსებული კრიტიკული მდგომარეობა კიდევ ერთხელ ცხადყოფს უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნისა და ადამიანის უფლებათა მონიტორინგის აუცილებლობას", - ნათქვამია განცხადებაში.

საგარეო საქმეთა სამინისტრო საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებს, სათანადო შეფასება მისცეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ მდგომარეობას და რუსეთის უკანონო ქმედებების აღსაკვეთად შესაბამისი ზომები მიიღოს.

კომენტარები