ბომბის შესახებ შეტყობინება

სკოლაში ბომბის შესახებ შეტყობინების ავტორი იმავე სკოლის მოსწავლე აღმოჩნდა

RFE/RL

შსს-მ ოზურგეთის რაიონის სოფელ დვაბზუს სკოლაში ბომბის არსებობის შესახებ ანონიმური შეტყობინების ავტორი დაადგინა. როგორც სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა ტაბულას უთხრა, 112-ში იმავე სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლემ დარეკა. მას პოლიციის განყოფილებაში უკვე კითხავენ.

ცნობისთვის, ოზურგეთის რაიონის სოფელ დვაბზუს ორ სკოლაში მოსწავლეებისა და მასწავლებლების ევაკუაცია მოხდა. გურიის გუბერნატორის ვალერი ჩიტაიშვილის თქმით, სოფელ დვაბზუს სკოლაში ნაღმის არსებობის შესახებ შეტყობინება 112-ზე შევიდა. მისი თქმით, რადგან დვაბზუში ორი სკოლაა, ორივეს ევაკუაცია გახდა საჭირო.

ბოლო დღეების მანძილზე, 112-ზე შესული ზარების გამო, ევაკუაცია რამდენჯერმე გამოცხადდა ტელეკომპანიებში - იმედი, რუსთავი 2, მაესტრო. ასევე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტსა და საქართველოს პარლამენტში.

ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების გახშირებული შემთხვევების გამო, სისხლის სამართლის კოდექსში შედის ცვლილება, რომლის მიხედვითაც, ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინება დაისჯება ჯარიმით ან გამოსასწორებელი სამუშაოთი, ერთიდან ორ წლამდე ვადით ან ორიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით. თუკი აღნიშნული ქმედება დამამძიმებელ გარემოებებში იქნება ჩადენილი, სანქცია თავისუფლების აღკვეთით ხუთიდან შვიდ წლამდე განისაზღვრება.

კომენტარები