საზოგადოებრივი მაუწყებელი

ბარამიძე პარლამენტს კვესიტაძე-პაიჭაძის გადაცემების ბედით დაინტერესებას სთხოვს

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი

უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე პარლამენტს საზოგადოებრივ მაუწყებელზე ეკა კვესიტაძისა და დავით პაიჭაძის გადაცემების შესაძლო დახურვის საკითხით დაინტერესებას სთხოვს. როგორც ბარამიძემ დღევანდელ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, ორი მნიშვნელოვანი და ძალიან საჭირო გადაცემის არსებობა კითხვის ქვეშ დადგა.

"მივმართავ შესაბამის საპარლამენტო კომიტეტს, ყველას, ვისაც ხელეწიფება, საკითხი იყოს განხილული და არ დავუშვათ, რომ ეს გადაცემები დაიხუროს. ჩვენ გვინდა, რომ ქვეყანა წავიდეს წინ და არა - უკან. ამიტომ, იმედია, რომ გადაცემები, რომლებიც მუშაობდა და პოლიტიკური პროცესებისთვის სასარგებლო იყო, არ დაიხურება", - განაცხადა ბარამიძემ და ტელესივრცეში ახალი გადაცემების დამატების სურვილიც გამოთქვა.

ბარამიძის განცხადებას უმრავლესობის წევრი ელისო ჩაფიძე გამოეხმაურა. მისი განმარტებით, კონკრეტული ავტორები წაიყვანენ თუ არა კონკრეტულ გადაცემას, ამას  წყვეტს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო და არა - პარლამენტი. მისივე თქმით, არსებობს კითხვები საბჭოს მიერ მიღებულ გარკვეულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით - მათ შორის, 2014 წლის პრიორიტეტებთან დაკავშირებით.

გავრცელებული ინფორმაციით, საზოგადოებრივ მაუწყებელში ეკა კვესიტაძისა და დავით პაიჭაძის გადაცემები იხურება. პაიჭაძემ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, განცხადებაც გაავრცელა.

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის
სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეს
ბატონ ემზარ გოგუაძეს
ამავე მაუწყებლის წამყვანების
ეკა კვესიტაძისა და დავით პაიჭაძის

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

ბატონო ემზარ, მოგმართავთ, რათა სამეურვეო საბჭოს უახლოეს სხდომაზე, პარასკევს, 20 სექტემბერს, უზრუნველყოთ ჩვენი დასწრება და შეხვედრა საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელთან, თამაზ ტყემალაძესთან. აღნიშნული მოთხოვნა განპირობებულია შემდეგი მიზეზით: ჩვენს გადაცემებთან („აქცენტები“ და „დიალოგი დავით პაიჭაძესთან“) დაკავშირებული გაურკვევლობა რამდენიმე კვირაა გრძელდება. მაუწყებლის ხელმძღვანელობა პერიოდულად, სხვადასხვა მედია საშუალებასთან საუბრისას ავრცელებს ინფორმაციას ხსენებული ორი გადაცემის შესახებ და ამავე დროს არ გვხვდება გადაცემის ავტორებს სამომავლო განზრახვებზე, შეთავაზებებსა თუ გადაწყვეტილებებზე სალაპარაკოდ. გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი აცხადებს, რომ კვესიტაძე და პაიჭაძე მიუკერძებლად ვერ შეძლებენ გადაცემათა წაყვანას და ამ მიდგომას საფუძვლად უდებს გადაწყვეტილებას ჩვენი გადაცემების დახურვის შესახებ. გთხოვთ, ხელი შეუწყოთ ჩვენს შეხვედრას, რათა საჯაროდ წარმოჩინდეს ის არგუმენტები და შეკითხვები, რაც ჩვენ გვაქვს ბატონ ტყემალაძესთან.

 

კომენტარები