ცეზარ ჩოჩელის დაკითხვა

ცეზარ ჩოჩელს და დავით გიორგაძეს კითხავენ

სამართალდამცველები მცხეთა-მთიანეთის ყოფილ გუბერნატორს ცეზარ ჩოჩელს და ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს დავით გიორგაძეს კითხავენ. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, მათ ბრალად ედებათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების თაღლითურად დაუფლება და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია.

"გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოს რკინიგზის მიერ 2010 წლის 29 ივნისს 76 798 074 ლარის ღირებულების 471 ათასი ერთეული რკინა-ბეტონის შპალის შეძენის თაობაზე ტენდერი გამოცხადდა. საქართველოში აღნიშნული შპალების ერთადერთი კომპანია იყო სახელმწიფო საკუთრებაში არსებული რკინა-ბეტონის შპალის ქარხანა. აღნიშნულ ტენდერში უსაფუძვლოდ იყო გაზრდილი ერთეული შპალის ღირებულება 27 ლარიდან 1 63, 8 ლარამდე, რაც იძლეოდა ტენდერში გამარჯვეული კომპანიისთვის დამატებით 12 მილიონი ლარის შემოსავლის მიღების საშუალებას. აღნიშნული ტენდერით და შპს რკინა-ბეტონის შპალის ქარხნით დაინტერესდა ცეზარ ჩოჩელი, რომელმაც მოსალოდნელი მაღალი შემოსავლის მიღების მიზნით განიზრახა ქარხანას, რაც შეიძლებოდა დაბალ ფასად დაუფლებოდა. ამ მიზნით ის დანაშაულებრივად დაუკავშირდა დავით გიორგაძეს, რომელსაც შეუთანხმდა ქარხნის მაქსიმალურად დაბალ ფასად შეძენაზე და, საბოლოოდ, ჩოჩელი თაღლითურად დაეუფლა სახელმწიფოს კუთვნილ 19 696 764 ლარის ღირებულების ქონებას, რომელიც დღემდე მის საკუთრებაშია", - განაცხადეს საგამოძიებო სამსახურში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-4 ნაწილისა და 194-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები