27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნები

დავით ზალკალიანი ეუთოს დამკვირვებელთა მისიის წარმომადგენლებს შეხვდა

mfa.gov.ge

საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის დამკვირვებელთა მისიის წარმომადგენლებს შეხვდა. ზალკალიანის ინფორმაციით, შეხვედრაზე წინასაარჩევნო გარემო განიხილეს. მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, შეხვედრაზე გააანალიზეს - როგორი სიტუაცია იყო გასულ წელს საპარლამენტო არჩევნების დროს და რა სიტუაციაა დღეს.

"აღინიშნა, რომ ბევრად გაუმჯობესებულია საარჩევნო გარემო. მე მათ გავაცანი საქართველოს ხელისუფლების პოზიცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა სურვილები გვაქვს, რომ ეს არჩევნები იყოს ყველაზე დემოკრატიული, ყველაზე გამჭვირვალე და ყველაზე კონკურენტუნარიანი ბოლო 20 წლის განმავლობაში საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან შედარებით", - განაცხადა ზალკალიანმა.

მისივე თქმით, შეხვედრაზე ისაუბრეს იმაზეც, თუ რა ღონისძიებები გაატარა საგარეო უწყებამ ეუთოს რეკომენდაციებიდან გამომდინარე. ზალკალიანის თქმითვე, სრული ურთიერთგაგებაა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა ჩატარდეს საპრეზიდენტო არჩევნები.

"კმაყოფილებით აღნიშნა ის ფაქტი, რომ ჩვენ ძალიან ადრე დავიწყეთ მზადება არჩევნებისთვის და იმისთვის, რომ უზრუნველგვეყო რაც შეიძლება დიდი რაოდენობით გრძელვადიანი და მოკლევადიანი მონიტორების ჩამოსვლა. მათ აღნიშნეს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა სათანადოდ იქნება წარმოდგენილი ამ არჩევნებზე და არჩევნებს შეაფასებენ ობიექტურად", - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებების ოფისი 27 ოქტომბერს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებს დააკვირდება. მისიას მატეო მეკაცი უხელმძღვანელებს. დელეგაციას საქართველოში 24 გრძელვადიანი და 300 მოკლევადიანი დამკვირვებლის გამოგზავნის თხოვნით საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიმართა.

გრძელვადიანი დამკვირვებლები თბილისში 23 სექტემბერს ჩამოვლენ.

კომენტარები