მავთულხლართების გადმოწევა

ზაქარეიშვილი: ვერ ვუმკლავდებით რუსეთს ოკუპაციაში და ის გრძელდება

პაატა ზაქარეიშვილი
people.ge

სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი სოფელ დიცში რუსი მესაზღვრეების მიერ მავთულხლართების გაბმას ეხმაურება. მისი თქმით, ქვეყნის ოკუპაცია გრძელდება და ეს არა ერთდღიანი აქცია, არამედ პროცესია.

"ეს არ არის ერთი სამინისტროს საქმე, ამაში მთელი მთავრობა და ხელისუფლებაა ჩართული. ვხედავთ, როგორ მუშაობს შსს და აკეთებს განცხადებებს, ამ ყველაფერში ჩართულია დიპლომატიური კორპუსი, მაგრამ ჩვენ გვაქვს საქმე უტიფარ, ცინიკურ მხარესთან, იმ ბრუტალურ მხარესთან, როგორიც რუსეთის საოკუპაციო რეჟიმია. შესაბამისად, ჩემთვის გაუგებარია ის გაცხადება, რაც გუშინ ბატონმა სააკაშვილმა გააკეთა - ის ლაპარაკობს 400 მეტრის დაკარგვაზე, მაშინ როდესაც კილომეტრები ჩააბარა და, სხვათა შორის, ეს 400 მეტრი იმ კილომეტრების ნაწილია, რაც თავისი ავანტურისტული პოლიტიკით მისცა რუსეთს. სამწუხაროდ, ქვეყნის ოკუპაცია გრძელდება, ეს არ არის ერთდღიანი აქცია, ეს არის პროცესი. სამწუხაროდ, ჩვენ რუსეთს მივეცით საშუალება, მოვეტყუებინეთ, განეხორციელებინა აგრესია და საომარი მოქმედებები, ამის ფონზე სააკაშვილის განცხადებები უსინდისობაა, თითქოს მის გონებაში აღარ არსებობს რუსეთისთვის ჩაბარებული კილომეტრები და თურმე 400 მეტრის დარდი ჰქონია", - ამბობს ზაქარეიშვილი.

 პაატა ზაქარეიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ საოკუპაციო ძალები ბრუტალური ძალაა და ისინი ოკუპაციას აგრძელებენ.

"ჩვენ შეგვიძლია, ყოველდღე ვილაპარაკოთ ყოველი ბოძის ჩარჭობაზე და ჩვენგან მოითხოვოთ პასუხი იმისა, თუ რა კეთდება ამის საწინააღმდეგოდ - საქმის კეთება არის ის, რაც უკვე თქვა შსს-მ, რაც თქვა საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ჩემმა უყწყებამ. თუ თქვენ განცხადებებს ითვლით, "დაკარგული სამოთხიდან" ლაზარეს ულვაშების არ იყოს, ეს სხვა საკითხია. საქმე კი ის არის, რომ სამი ჭაბურღილი ამუშავდა და ამ სოფლებს სასმელი წყალი ახალი ჭაბურღილებით მიეწოდება, არ გაჩერებულა სარწყავი წყალი. გარდა ამისა, ინფრასტრუქტურის, ჯანდაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს თავისი გეგმები აქვთ, საჭიროა, მომზადდეს კიდევ ახალი პროექტები, პროგრამები, და ამისთვის ფინანასები გამოიყოს. ეს ერთ დღეში არ კეთდება", - აღნიშნა სახელმწიფო მინისტრმა. 

ზაქარეიშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლების მთავარი მიზანი ისაა, რომ მავთულხლართების გაბმას მოსახლეობის დახმარებითა და ადგილზე დატოვებით უპასუხოს.

"ამ სიტუაციუაში ჩვენი მიზანია, დავეხმაროთ მოსახლეობას და ვეხმარებით კიდეც. როგორც სააკაშვილი ვერ უმკლავდებოდა რუსეთს ოკუპაციაში, ისე ჩვენ ვერ ვუმკლავდებით და ეს გრძელდება. ჩვენ ან სააკაშვილივით უნდა შევახოცოთ მათ ჩვენი ჯარისკაცები, რაც მან გააკეთა და ვერაფერი მივიღეთ, გარდა იმისა, რომ ახალგაზრდა ბიჭები დაიღუპნენ და გარდა იმისა, რომ ამდენი სოფელი გავქვს დაკარგული ან ასე არ მოვიქცეთ. თუ თქვენ ჩემგან მოითხოვთ, რომ მე უნდა ვთქვა, რომ ჯარისკაცები შევახოცოთ, ამას არ ვიტყვი. ჩვენ გვინდა მოსახლეობა არ წამოვიდეს იქედან და დარჩეს ადგილზე. ჩვენი ამოცაანაა, რომ მავთულხლართებს ვუპასუხოთ მოსახლეობის ადგილზე დატოვების ფორმით", - თქვა ზაქარეიშვილმა.

კომენტარები