ცეზარ ჩოჩელის დაკითხვა

ცეზარ ჩოჩელი: პრემიერმა ჩემი საქმის შესახებ არაფერი იცის

livepress.ge

მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ცეზარ ჩოჩელი მის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებს უაზროს და დემაგოგიურს უწოდებს. როგორც ჩოჩელმა პირველი რადიოს რადიოკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მისი კომპანიების წინააღმდეგ ჯერ გია ხუხაშვილი, ახლა კი საგამოძიებო სამსახურის უფროსი იბრძვის. ჩოჩელის აზრით, პრემიერმა ამ საქმის შესახებ არაფერი იცის.

"როცა ბიძინა ივანიშვილი ამ საქმეს გაეცნობა, ბევრს მოუწევს პასუხის გაცემა. ბრალი წამიყენეს თაღლითობის და ფულის გათეთრების მუხლით. საქმე ეხება რკინა-ბეტონის შპალის ქარხანას, რომელიც 2010 წელს, სახელმწიფომ საპრივატიზაციოდ გამოიტანა, სადაც მონაწილეობას იღებდა ჩემი ძმის კომპანია მიქსორი და მისი პრივატიზება მოახდინა. ვაპირებ, ჩემ წინააღმდეგ მიცემული ყველა ჩვენება გავასაჯაროო, უკვე ითარგმნება და გადავუგზავნით საერთაშორისო ორგანიზაციებს, საელჩოებს. თუ ვინმე იპოვის ბმას ჩემსა და ამ პრივატიზაციას შორის, მზად ვარ, პასუხი ვაგო", - აცხადებს ჩოჩელი და აღნიშნავს, რომ კომპანიების დახურვით და დაყადაღებით ყველაზე მეტად მოსახლეობა და ბიუჯეტი იზარალებს.

"ჩვენი კომპანიებიდან ბიუჯეტში მისი მთელი მოცულობის 1% შედიოდა. ვამბობთ, საწარმოები უნდა შეიქმნასო და ამის ნაცვლად, ვხურავთ. კომპანია ბერტა უკვე დაიკეტა. მისი საბაზრო ღირებულება 25 მილიონი იყო. დღეს აუქციონზეა გამოტანილი და 4 თუ 5 მილიონად იყიდება. შპალების ქარხანამ კომპანია ზედაზენი დააფუძნა. ბრალდებაში წერენ, რომ ქარხანამ აიღო კრედიტი და ზედაზენში შეიტანა, რომ შექმნილიყო. ეს ფულის გათეთრება ყოფილა და არა ინვესტიცია", - აღნიშნავს ცეზარ ჩოჩელი და ვარაუდობს, რომ ბერტას მსგავსად დაყადაღდება მიქსორიც, ბარამბოც და ზედაზენიც.

თაღლითობისა და ფულის გათეთრების ბრალდებით, ცეზარ ჩოჩელი სისხლის სამართლის პასუხისგებაში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გუშინ მისცა.

კომენტარები