ფანჯიკიძის განცხადება

ფანჯიკიძე: მე მოვუწოდებ ჩვენს პარტნიორ ქვეყნებს, სოლიდარობა გამოგვიცხადონ

მე მოვუწოდებ ჩვენს პარტნიორ ქვეყნებს, სოლიდარობა გამოგვიცხადონ - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ დიპლომატებთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა. 

მისი თქმით, ის, რაც სოფელ დიცში ხდება, არის საერთაშორისო ნორმების დარღვევა. 
"სწორედ ეს არის მიზეზი დღევანდელი შეხვედრის, რომელიც ტარდება შს სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად. ისინი ჩვენ მოგვაწვდიან ინფორმაციას, თუ კონკრეტულად რომელ სოფელში რა ხდება, სად არის დარღვეული საერთაშორისო ნორმები და სად არის შეზღუდული ადამიანის უფლებები. მე გავაკეთებ პოლიტიკურ განცხადებას, მოვუწოდებ ჩვენს პარტნიორ ქვეყნებს, გამოგვიცხადონ სოლიდარობა და მათაც გააკეთონ განცხადებები, რადგანაც ეს არის ერთადერთი ინსტრუმენტი, რომელიც გაგვაჩნია", - განაცხადა ფანჯიკიძემ. 

მან აღნიშნა, რომ ქართული მხარის მხრიდან ძალის გამოყენება გამორიცხულია. "რასაკვირველია, ძალის გამოყენებას ვგმობთ, ჩვენი მხრიდან ასეთი ქმედებები არ იქნება და სწორედ ამიტომ არსებობს დიპლომატიური განცხადებები და მკაცრი პოლიტიკური თანადგომა, რომ ასეთ სიტუაციაში გამოვიყენოთ", - დასძინა ფანჯიკიძემ. 

ფანჯიკიძის განმარტებით, იგი შაბათს მიემგზავრება გაეროში, სადაც აღნიშნულ საკითხს განიხილავენ. "ჩვენი მოხსენების მთავარი საკითხი, რა თქმა უნდა, ეს თემა იქნება. ეს პირდაპირ კავშირშია ჟენევასთან, პირველ სამუშაო ჯგუფში, სადაც უსაფრთხოების საკითხებზეა საუბარი. ეს არის ჟენევის თემა", - განაცხადა ფანჯიკიძემ.
რაც შეეხება კარასინ-აბაშიძის შეხვედრას, ფანჯიკიძე აცხადებს, რომ ამ სახის შეხვედრა არ ითვალისწინებს მსგავსი თემების განხილვას, თუმცა მინისტრი არ გამორიცხავს, რომ ამ თემაზეც იქნება საუბარი. "კარასინ-აბაშიძის შეხვედრა არ ითვალისწინებს ასეთ თემებზე საუბარს, ეს არის ჟენევის თემა და ვფიქრობ, ამ შეხვედრაზე გარკვეულწილად ამ თემაზეც იქნება საუბარი, რადგან არ შეიძლება, ერთი მხრივ, გვქონდეს პოზიტიური ნაბიჯები, დინამიკა, ხოლო მეორე მხრივ, საზღვრების დარღვევა", - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

კომენტარები