კვირიკაშვილის განცხადება

კვირიკაშვილი: საქართველოს ეკონომიკა წლის ბოლომდე 2,5-3%-მდე გაიზრდება

government.gov.ge

საქართველოს ეკონომიკა იზრდება და წლის ბოლოს 2,5-3%-მდე ზრდაა მოსალოდნელი, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.

კვირიკაშვილის თქმით, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბიზნესი გააქტიურდება. "რა თქმა უნდა, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანაში გაცილებით მაღალი პროგნოზირებადობა იქნება და ამას ძალიან ბევრი ბიზნესი ელოდება, თუმცა ის, რომ ჩვენ გვაქვს რეალური ზრდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოს ეკონომიკა იზრდება და არა მცირდება, როგორც ამას ჩვენი ოპონენტები ამბობენ. დღევანდელი ვითარებით, დადასტურებული მონაცემებით, ორი კვარტლის შედეგების მიხედვით ფიქსირდება 1,09 %-იანი ზრდა. ჩვენ ზრდას ველოდებით ბოლო კვარტალშიც, აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ წლის ბოლოსთვის 2,5-3%-მდე ზრდაა მოსალოდნელი. არ ვამბობ, რომ ეს ძალიან კარგი მაჩვენებელია, ჯობდა 6%-იანი მოლოდინი შესრულებულიყო, თუმცა ეს მაინც მნიშვნელოვანია", - განუცხადა კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს ბიზნესის განვითარების პირველ საერთაშორისო ფორუმზე, რომელიც ექსპო ჯორჯიაში დღეს თავად გახსნა.

კვირიკაშვილის განცხადებით, მომავალი წელს ეკონომიკა კიდევ უფრო გაიზრდება.
"ძალიან მკვეთრი პრიორიტეტები უნდა ავირჩიოთ და მიზანმიმართული კამპანია ჩავატაროთ, რაც, სამწუხაროდ, წინა წლებში არ კეთდებოდა. ჩვენ კონკრეტულ პრიორიტეტებზე უნდა დავხარჯოთ მთელი ძალისხმევა", - აღნიშნა მინისტრმა.

კომენტარები