სადამკვირვებლო ორგანიზაციები

ხუთი პოლიტიკური პარტია სადამკვირვებლო ორგანიზაციებს მიმართავს

ხუთი პოლიტიკური პარტია საერთაშორისო და ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს მიმართავს და საარჩევნო ადმინისტრაციების უბნის დონეზე ფორმირების პროცესით დაინტერესებას სთხოვს. ერთობლივი განცხადება ახალმა მემარჯვენეებმა, დემოკრატიულმა მოძრაობამ, თავისუფალმა საქართველომ, ქართულმა დასმა და ქრისტიან-დემოკრატიულმა მოძრაობამ გაავრცელეს. პარტიები მიიჩნევენ, რომ ცესკოს ახალი თავმჯდომარე ვერ აკონტროლებს ქვედა დონის კომისიებში მიმდინარე პარტიული ზეგავლენის მექანიზმებს. განცხადების მიხედვით, ადგილობრივი თვითმმართველობები პირდაპირ ერევიან საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტებაში.

"როგორც ცნობილია, საარჩევნო გარემოს რეფორმირების მიზნით საქართველოს პარლამენტში შეიქმნა ინტერფრაქციული ჯგუფი, რომლის მუშაობის შედეგიც უნდა ყოფილიყო გაუმჯობესებული საარჩევნო გარემო. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ინტერფრაქციულ ჯგუფში ქართული ოცნების წარმომადგენლებმა თავიდანვე უარი თქვეს საარჩევნო ადმინისტრაციის რეფორმის განხილვაზე. თუმცა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონის განხილვის დროს მათ ყველაფერი გააკეთეს, რომ ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად შეენარჩუნებინათ ორპარტიული მონოპოლია და ამ მიზნით დაფინანსების სახით საპარლამენტო პარტიებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაემატა 2,1 მილიონი ლარი.
შედეგად, მომავალი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მივიღეთ მდგომარეობა, როცა საქართველოს დამოუკიდებლობის 23 წლის განმავლობაში პირველად, საარჩევნო ადმინისტრაციებში წარმომადგენლობა ეყოლება მხოლოდ ორ საარჩევნო სუბიექტს", - ნათქვამია განცხადებაში და აღნიშნულია, რომ საარჩევნო ოლქების თითქმის ნახევარში პრობლემა შეიქმნა საარჩევნო უბნებზე ოლქებიდან კონკურსის წესით დასანიშნი წევრების შერჩევასთან დაკავშირებით.

"ათასამდე უბანში ეს ადგილები ჯერ კიდევ ვაკანტურია. როგორც ჩანს, ნაციონალურმა მოძრაობამ და ქართულმა ოცნებამ ერთობლივად გადაწყვიტეს ადგილობრივი საარჩევნო კომისიების სრული და ტოტალური კონტროლი საუბნო საარჩევნო კომისიის არაპარტიული წევრების ჩათვლით. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ სრულ ნდობას ვუცხადებთ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ახლადარჩეულ თავმჯდომარეს, ვაცნობიერებთ იმასაც, რომ ძველი თავმჯდომარის გადადგომა მოხდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც საოლქო საარჩევნო კომისიები უკვე სრულად დაკომპლექტებული იყო და ჩვენი ნდობისა და ღრმა პატივისცემის მიუხედავად ფაქტად ვიღებთ, რომ ახალი თავმჯდომარე ვერ აკონტროლებს ქვედა დონის კომისიებში მიმდინარე პარტიული ზეგავლენის მექანიზმებს. მივმართავთ საერთაშორისო და ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, დაინტერესდნენ საარჩევნო ადმინისტრაციების უბნის დონეზე ფორმირების სრულიად არაგამჭვირვალე პროცესით და ერთობლივად დავიცვათ საუბნო საარჩევნო კომისიები გარე ძალების (ქართული ოცნება, ნაციონალური მოძრაობა, ადგილობრივი თვითმმართველობები) კანონსაწინააღმდეგო და არაჯანსაღი ზეგავლენისგან", - აცხადებენ პოლიტიკური პარტიები.

კომენტარები