ევრო 2020

სიჭინავა: საქართველო ევრო 2020-ს ვერ უმასპინძლებს

0 კომენტარი
ზვიად სიჭინავა ფოტო: ტაბულა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა და გენერალური მდივანი რევაზ არველაძე, ხორვატიის ქალაქ დუბროვნიკში, უეფაში შემავალი ქვეყნების ფეხბურთის ფედერაციების პრეზიდენტებისა და გენერალური მდივნების სამუშაო შეხვედრაზე იმყოფებოდნენ. ფედერაციის ვებგვერდი სიჭინავას კომენტარს ავრცელებს, საიდანაც ირკვევა, რომ 2020 წელს გასამართ ევროპის ჩემპიონატს, რომელიც რეგიონული პრინციპით ჩატარდება, საქართველო ვერ და, შესაბამისად, არ უმასპინძლებს.

"ჩვენ ბევრი რამე გავითვალისწინეთ და, შესაბამისად, განაცხადის შეტანაზე თავი შევიკავეთ. უპირველესად, ანგარიში გავუწიეთ რეგიონალურ პრინციპს. ის მდგომარეობა კი, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაშია, ნამდვილად არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ევროპის ჩემპიონატს ვუმასპინძლოთ. აქ საუბარი მხოლოდ ერთ თამაშზე კი არა, ერთი ჯგუფის მასპინძლობაზე იყო. ჯგუფი კი, ეს უკვე 4 გუნდია და 6 თამაში, რასაც მინიმუმ ორი სტადიონი, 4 სავარჯიშო მოედანი და სხვა ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული თუ ადამიანური რესურსი სჭირდება. ჩვენ მხარი დავუჭირეთ რეგიონალურ პრინციპს და ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი აზერბაიჯანელი კოლეგები მიიღებენ ჩემპიონატის მასპინძლობის უფლებას, რადგან ბაქოში მართლა ყველაფერი მზადაა და ეს ქალაქი უმაღლეს დონეზეა განვითარებული - სტადიონები, სასტუმროები, აეროპორტი და სხვა", - განაცხადა ზვიად სიჭინავამ.

ფედერაციის პრეზიდენტის თქმით, უეფაში ქართულ მხარეს საუბრები სხვა მნიშვნელოვან პროექტზე ჰქონდა, მაგრამ თუ რაზე, არ დაუკონკრეტებია.

"ჩვენთვის საინტერესო და მნიშვნელოვან სხვა თემებზე იყო სერიოზული საუბარი და ალბათ, იანვარში, როცა ჩვენ კიდევ ერთხელ შევიკრიბებით, არ არის გამორიცხული, ქართველი გულშემატკივრებისთვის ძალიან საინტერესო და სასიხარულო სიურპრიზით დავბრუნდეთ. საუბარია საკმაოდ მაღალი დონის ერთ-ერთ ტურნირზე. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ უეფა ჩვენს სასარგებლოდ გადაწყვეტს", - განაცხადა ზვიად სიჭინავამ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ყაჩაღობა ვარკეთილში - საბითუმო მაღაზიაზე თავდასხმისთვის ორი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები