აზერბაიჯანი

აზერბაიჯანის არჩევნები და რუსეთის ინტერესები

9 ოქტომბერს აზერბაიჯანში დაგეგმილმა საპრეზიდენტო არჩევნებმა უჩვეულოდ დიდი ყურადღება უკვე მიიქცია. მოქმედი პრეზიდენტი ილჰამ ალიევი 2009 წლის რეფერენდუმის შედეგით სარგებლობს, რომლითაც ორი ვადის ლიმიტი მოეხსნა და თანამდებობაზე დარჩენის კონსტიტუციურად დაშვებული შესაძლებლობა მიეცა. ოპოზიციურმა კოალიციამ ერთიან კანდიდატად პოსტსაბჭოთა სივრცეში პოპულარული სცენარისტი და დრამატურგი, 74 წლის რუსტამ იბრაგიმბეკოვი წარმოადგინა. არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად იბრაგიმბეკოვმა რუსეთის ორმაგ მოქალაქეობაზე უარი განაცხადა, თუმცა დენატურალიზაციის ხანგრძლივი პროცესის დასრულებას ვლადიმირ პუტინის ხელმოწერა სჭირდება. ეს ფაქტორი რუსეთს კავკასიელ მეზობელზე ზეგავლენის წყაროს აძლევს.

გამარჯვების შემთხვევაში, იბრაგიმბეკოვი აზერბაიჯანის პოლიტიკური სისტემის ძირეულ შეცვლას აპირებს. ოპოზიციის მიერ შემუშავებული მემორანდუმის მიხედვით, სცენარისტის „გარდამავალი" პრეზიდენტობა მხოლოდ ორ წელიწადს გაგრძელდება. პროგრამა ითვალისწინებს ახალ კონსტიტუციას პრეზიდენტის შეზღუდული ძალაუფლებით და პარლამენტის უფლებამოსილებების გაზრდით. იბრაგიმბეკოვის ნომინაცია ნაკლებად აისახება არჩევნების შედეგზე, რომელშიც 51 წლის ილჰამ ალიევი მესამე საპრეზიდენტო ვადას, სავარაუდოდ, პირველივე რაუნდში დამაჯერებლად გაიფორმებს. თავად იბრაგიმბეკოვი აზერბაიჯანში ჩასვლას ერიდება, რადგან ბაქოში დაკავებას უფრთხის. დრამატურგის კანდიდატად დასახელების თითქმის თანადროულად, აზერბაიჯანის კინემატოგრაფისტთა კავშირის ხელმძღვანელობისას გადასახადების დამალვის გამო, მის წინააღმდეგ საქმე აღიძრა.

რუსტამ იბრაგიმბეკოვს, რომელიც საკუთარ თავს „პოლიტიკურ ნეოფიტს" უწოდებს, ცვალებადი ურთიერთობა ჰქონდა მამა-შვილ ალიევებთან. 2012 წლის დეკემბერში გამოქვეყნებულ Youtube-ის ვიდეოში, ილჰამ ალიევი არყით მის სადღეგრძელოს წარმოთქვამს და უწოდებს ადამიანს, რომელიც „მეტს ხედავს და უკეთ, ვიდრე ჩვენ". სცენარისტი პოლიტიკურ სივრცეში პირველად 2008 წელს ვრცელი სტატიით გამოჩნდა, რომელშიც აზერბაიჯანის პარლამენტი, მთავრობა და ინტელექტუალები გააკრიტიკა. 2009 წელს აზერბაიჯანულმა მედიამ მას ობსტრუქცია მოუწყო, როდესაც ერთ-ერთ კინოფესტივალზე სომხური ნაციონალისტური პარტიის, დაშნაკცუტიუნის, წევრების მოპატიჟებაში დაადანაშაულა. 2011 წელს იბრაგიმბეკოვმა „ინტელექტუალთა ფორუმი" დააარსა, რომელშიც მწერლები, მეცნიერები, კომპოზიტორები და უფლებების აქტივისტები გააერთიანა. ამან პროსამთავრობო მედიას კვლავ მის მიმართ შეტევისკენ უბიძგა. მათ ეჭვქვეშ დააყენეს ყველაფერი, პატრიოტიზმიდან დაწყებული – მისი მენტალური მდგომარეობის ჩათვლით.

Ilham Aliyev and Vladimir Putin. Baku.
ფოტო: Reuters
იბრაგიმბეკოვს მოსკოვში ზურგს უმაგრებს გავლენიანი მეგობრების წრე, რომლებიც „მილიარდერთა კავშირად" წოდებულ დიასპორულ ჯგუფს შეადგენენ. ეს ორგანიზაცია რუსეთში მოღვაწე უმდიდრეს აზერბაიჯანელებს წარმოადგენს, მათ შორისაა რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე შეძლებული ადამიანი, ნავთობკომპანია ლუკოილის პრეზიდენტი ვაგიტ ალეკპეროვი, რუსული ფორბსის ასეულში მყოფი დეველოპერი მაგნატი არაზ აგალაროვი, მილიონერები ისკანდერ ხალილოვი და ტელმან ისმაილოვი. ორგანიზაციის ჩამოსაყალიბებლად მისმა დამაარსებლებმა ალიევის რეჟიმისადმი ლოიალურად განწყობილი „სრულიად რუსეთ-აზერბაიჯანის კონგრესი" დატოვეს. მცირე ხნის წინ, „მილიარდერთა კავშირის" წევრმა და ყოფილმა ვიცეპრემიერმა აბას აბასოვმა აზერბაიჯანის მთავრობა მკაცრად გააკრიტიკა.

კავშირის შექმნას დიდი გამოხმაურება მოჰყვა აზერბაიჯანული მედიისა და ექსპერტების მხრიდან. ინტერნეტგამოცემა haqqin.az წერდა, რომ იმავე პერიოდში რუსეთისა და აზერბაიჯანის ურთიერთობებზე კრიტიკული პუბლიკაციების ტალღა ალიევის ადმინისტრაციის მიერ იყო სანქცირებული. ივნისში აზერბაიჯანელმა ჟურნალიტებმა რუსეთის იმპერიალისტურ ზრახვებზე ლაპარაკი კიდევ უფრო ინტენსიურად დაიწყეს – მას შემდეგ, რაც რუსეთში, მედიისვე შეფასებით, სეპარატისტული შეფერილობის კონფერენცია ჩატარდა, რომელშიც ლეზგინი და ავარი ხალხების უფლებებზე, ასევე აზერბაიჯანში მცხოვრები ეთნიკური დაღესტნელებისთვის ორმაგი მოქალაქეობის მინიჭებაზე იყო საუბარი. კონფერენციას აზერბაიჯანში უკავშირებდნენ მანამდე გამართულ რუსეთის ელჩის ვიზიტს ავარების და ლეზგინების კომპაქტურად ჩასახლებულ ადგილებში. ამავე ხანებში ვრცელდებოდა ცნობები, რომ რუსეთში ლეზგინური ნაციონალური სეპარატისტული მოძრაობა, სადვალი, აღდგა, რასაც ბაქოში რუსული სპეცსამსახურების საქმიანობას უკავშირებდნენ.

აზერბაიჯანელი ოფიციალური პირები და ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ამ ქმედებებით რუსეთი აზერბაიჯანზე ზეწოლას ცდილობს. სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი მედიასაშუალებები ამტკიცებენ, რომ „მილიარდერთა კავშირის" მიზანი პრეზიდენტ ალიევის ხელისუფლებისთვის ძირის გამოთხრაა. როგორც 1news.az წერს, მხოლოდ კრემლს შეეძლო რუსეთში მოქმედი ამდენი ბიზნესმენის ერთ ორგანიზაციაში შემოკრება. აზერბაიჯანული კვლევითი ცენტრის, ატლასის, მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებით, გამოკითხულთა 63% „მილიარდერთა კავშირს" კრემლისთვის აზერბაიჯანში გავლენის ინტრუმენტად ასახელებს. თავად პრეზიდენტმა ალიევმა 2 ივლისს წარმოთქმულ სიტყვაში, ქარაგმულად მიანიშნა, რომ ოპოზიცია „გამუდმებით უყურებს დიდ ძმას".

აზერბაიჯანულ ოპოზიციაში რუსული კვალის არსებობის ვერსიის ყველაზე ცნობილი პოპულარიზატორი საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია. 28 თებერვალს ბაქოდან დაბრუნების შემდეგ, მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსეთი აზერბაიჯანისთვის იმავე სცენარს ამზადებს, რაც ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების სახით საქართველოს წინააღმდეგ იხმარა – „ფულის, ოლიგარქების, რუსული კაპიტალის, შანტაჟის და სხვადასხვა პროვოკაციების გამოყენებით". აზერბაიჯანული მხრიდან საჯარო პასუხის ნაკლებობამ გააჩინა ეჭვი, რომ სააკაშვილის დახმარებით ალიევმა საჭირო გზავნილი გაავრცელა.

სააკაშვილის განცხადებამდე, ახალი ამბების სააგენტო თურანისთვის მიცემულ ინტერვიუში, რუსტამ იბრაგიმბეკოვი შეეცადა გაეფანტა ეჭვები ბაქოში „ქართული სცენარის" გამეორებასთან დაკავშირებით. მისი თქმით, ხსენებულ დიასპორულ ჯგუფში არ იყო ვინმე, ვინც „აზერბაიჯანელი ივანიშვილი" გახდებოდა.

„ქართულ სცენარზე" სპეკულაციები არ წყდება აზერბაიჯანულ მედიაშიც. აგვისტოს დასაწყისში haqqin.az-მა გაავრცელა ინფორმაცია შეთქმულებაზე, რომელიც ილჰამ ალიევის წინააღმდეგ მზადდებოდა. ჟურნალისტის ინფორმაციით, კრემლი გეგმავდა „მეზობელ საქართველოში აპრობირებულ მეთოდს" საკუთარი მილიარდერის ხელისუფლებაში მოყვანით და მის უკან რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ვიაჩესლავ ვოლოდინი იდგა. საბოლოოდ, შეთქმულთა გეგმა ვლადიმირ პუტინის მიერ ალიევის მხარდაჭერამ ჩაშალა, რაც, ჟურნალისტის აზრით, აზერბაიჯანში მისი ვიზიტითაც აისახა.

Rustam Ibrahimbeyov
ფოტო: Reuters
2012 წლის სექტემბერში „მილიარდერთა კავშირად" მონათლული ორგანიზაციის გამოჩენა, აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის დაძაბული ურთიერთობების ზოგად კონტექსტს შეესაბამებოდა. ალიევმა განაცხადა, რომ ბაქოს არ ჰქონდა ინტერესი შეერთებოდა ევრაზიულ კავშირს. ის რჩებოდა დსთ-ის სივრცის ქვეყნების ერთადერთ ლიდერად, რომელსაც არ ჰქონდა გამართული პუტინთან ოფიციალური შეხვედრა, ამ უკანასკნელის მესამე ვადით არჩევის შემდეგ. 2012 წლის დეკემბერში რუსეთმა აზერბაიჯანის მხრიდან მოხმარების საფასურის საგრძნობლად მომატების შემდეგ (7-დან 300 მილიონ დოლარამდე) გაბალის სარადარო სადგურით სარგებლობა შეწყვიტა და აზერბაიჯანში სამხედრო არსებობა დათმო. 2013 წლის მაისში, არამოგებიანობის საბაბით, ბაქო-ნოვოროსიისკის მილსადენით აზერბაიჯანული ნავთობის რუსეთში ტრანზიტი შეწყდა.

გაუარესებული ურთიერთობების ფონზე, მრავალი დამკვირვებლისთვის, 13 აგვისტოს პუტინის ვიზიტი აზერბაიჯანში მოულოდნელი აღმოჩნდა. მის დელეგაციაში იმყოფებოდნენ საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ, ენერგეტიკის მინისტრი ალექსანდრ ნოვაკი, ასევე რუსეთის უდიდესი ნავთობკომპანიების – როსნეფტისა და ლუკოილის – ხელმძღვანელები, იგორ სეჩინი და ვაგიტ ალეკპეროვი. კვლევით ცენტრ ატლასის დირექტორის ელხან შაჰინოღლუს აზრით, ვიზიტის მოულოდნელობიდან გამომდინარე, არჩევნებში მხარდაჭერის მისაღებად ბაქოს შესაძლოა მოუწია დაკავშირება პუტინთან, რომლის ნებაზეცაა დამოკიდებული იბრაგიმბეკოვის მონაწილეობა. შაჰინოღლუს თქმით, პუტინს დრამატურგის მოქალაქეობის საკითხზე გადაწყვეტილების მიღების გაჭიმვა შეუძლია, რაც ალიევს მშვიდი გამარჯვების საშუალებას მისცემს.

პუტინის ვიზიტისას ცენტრალური აღმოჩნდა როსნეფტის და აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის, SOCAR-ის ხელმძღვანელებს, იგორ სეჩინსა და როვნაგ აბდულაევს შორის დადებული ჩარჩოხელშეკრულება. მხარეები რუსეთში, აზერბაიჯანსა და მესამე ქვეყნებში ნავთობისა და გაზის საბადოების საერთო გამოკვლევასა და განვითარებაზე შეთანხმდნენ. კარნეგის ცენტრის მიმომხილველის, თომას დე ვაალის მიხედვით, როსნეფტი აბშერონის გაზის საბადოს ნაწილის დაუფლებას ცდილობდა და რუსული მხარე მხოლოდ სიტყვიერად მიღწეული შეთანხმებით იმედგაცრუებული უნდა დარჩენილიყო.

ტრანსადრიატიკული მილსადენის არჩევით, აზერბაიჯანულმა მხარემ არ ისურვა პრობლემები რუსეთთან, რომლის პროექტი, სამხრეთის ნაკადი, Nabucco-ს მეტოქეობისთვის შეიქმნა.

რუსეთის მხრიდან ზრუნვა ევროპისთვის ბუნებრივი გაზის მომარაგებაში პოზიციების გასამყარებლად, გაიზარდა 2011 წლის დეკემბერში აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის დადებული მემორანდუმის შემდეგ, რომელიც ტრანსანატოლიური გაზსადენის (TANAP) მშენებლობას ითვალისწინებს. რუსეთისთვის ენერგოსფეროში აზერბაიჯანთან ურთიერთობის გაღრმავება და ზემოქმედების ახალი ინსტრუმენტების ძიება უფრო მნიშვნელოვანი გახდა.

როსნეფტის უფროსი და კრემლის „სილოვიკების" ერთ-ერთი ლიდერი იგორ სეჩინი კავკასიურ რესპუბლიკას ივლისშიც ესტუმრა. მაშინდელ მოლაპარაკებებზე აზერბაიჯანელ მენავთობეებთან საუბარი იყო რუსეთის მონაწილეობაზე კონსორციუმში, რომელიც შაჰ დენიზის გაზის საბადოს მეორე ფაზის დამუშავებას მოახდენდა. იმავე პერიოდში, შაჰ დენიზის საბადოს ოპერატორებმა აზერბაიჯანული გაზის ევროპაში გასატანად Nabucco West-ის მილსადენის პროექტზე უარი თქვეს და მისი კონკურენტი ტრანსადრიატიკული მილსადენი (TAP) აირჩიეს. Lenta.ru-ს მოწმობით, იგორ სეჩინის სტუმრობისას, რუსებმა მოახერხეს აზერბაიჯანელების დარწმუნება ევროკავშირის მხარდაჭერილ Nabucco West-ის პროექტზე უარის თქმაზე. ტრანსადრიატიკული მილსადენის არჩევით, აზერბაიჯანულმა მხარემ არ ისურვა პრობლემები რუსეთთან, რომლის პროექტი, სამხრეთის ნაკადი, Nabucco-ს მეტოქეობისთვის შეიქმნა.

ოქტომბრის აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნები მეტწილად ფიქცია იქნება. თავად კრემლსაც საქმის დაჭერა მისი მსგავსი რეჟიმის ხელმძღვანელ ილჰამ ალიევთან ურჩევნია.

კომენტარები