საზოგადოებრივი მაუწყებელი

სამეურვეო საბჭოს სხდომა აქციის ფონზე მიმდინარეობს

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი

საზოგადოებრივ მაუწყებელთან სამეთვალყურეო საბჭოს სხდომის პარალელურად საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციაზე შეკრებილი ადამიანები მაუწყებლის საეთერო ბადეში დავით პაიჭაძისა და ეკა კვესიტაძის გადაცემების შესაძლო აღდგენას ეწინააღმდეგებიან. აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ გიორგი გაბედავამ ჟურნალისტ დავით პაიჭაძეს სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენა. 

"ეს ვითარება, რომელიც ფონს უქმნის ამ შეხვედრას, მე არ მიმაჩნია ნორმალურად. შეიძლება ითქვას, რომ ეს მოქალაქეები აქ არიან თანაბრად ჩვენს წინააღმდეგ და ბატონი ტყემალაძის მხარდასაჭერად. მაგრამ მე არ მგონია, რომ გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს საკუთარ თანამშრომლებთან ლაპარაკისთვის ასეთი შემაგრება სჭირდებოდეს", - აცხადებს ჟურნალისტი დავით პაიჭაძე.

ორგანიზაცია სამოქალაქო სოლიდარობის წევრები კი, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომაზე დასწრებას ითხოვენ. მათ მაუწყებელს შესაბამისი მოთხოვნით უკვე მიმართეს. თუმცა, საბჭოს გადაწყვეტილებით, დღევანდელ სხდომას საბჭოს წევრებისა და მაუწყებლის მენეჯმენტის გარდა, ვერავინ დაესწრება. საბჭოს თავმჯდომარის ემზარ გოგუაძის თქმით, გამონაკლისს ვერავისთვის დაუშვებენ. გადაწყვეტილებას უკანონო უწოდა ორგანიზაცია სამოქალაქო სოლიდარობის წარმოამადგენელმა ირაკლი კაკაბაძემ. მისი თქმით, სამეურვეო საბჭოს სხდომა არის საჯარო და საქართველოს მოქალაქეებს სრული უფლება აქვთ, მას დაესწრონ. ის არ გამორიცხავს, რომ ამის გამო შიმშილობა დაიწყოს.

მაუწყებლის მიმდებარე ტერიტორიასა და შესასვლელში მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. აქციის მონაწილეების თქმით, დღეს საბჭომ ეკა კვესიტაძის და დავით პაიჭაძის გადაცემების აღდგენის გადაწყვეტილება არ უნდა მიიღოს. ისინი ამბობენ, რომ თუ საბჭო საეთერო ბადეში ჩასვამს ამ გადაცემებს, დარწმუნდებიან, რომ "სამეურვეო საბჭოს კვლავაც ნაციონალური მოძრაობა მართავს".  

შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დიერქტორის მოვალეობის შემსრულებელმა თამაზ ტყემალაძემ გადაცემების - აქცენტების და დიალოგი დავით პაიჭაძესთან ერთად - დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. წამყვანებმა ეკა კვესიტაძემ და დავით პაიჭაძემ ამის შესახებ რამდენიმე დღის წინ შეიტყვეს. ისინი დღეს ამერიკის ელჩს რიჩარდ ნორლანდს შეხვდნენ და არსებული ვითარება გააცნეს. 

 

 

კომენტარები